4
Feb
2020

დაბალი ბარიერის ძალა, ანუ როგორ მიგვიყვანს პატარა გამარჯვებები წარმატებამდე

4 Feb 2020

ევან ვესტფოლი, ფოლკლორულ ბენდ CAAMP-იდან, ერთ-ერთ შოუს იხსენებს, კოლუმბიის გარეთ, ბაიკერების ბარში რომ დაუკრეს. როგორც ჰყვება, ადგილი იყო ბნელი და ჭუჭყიანი, მხოლოდ 8 სტუმრით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როცა მათ სცენისკენ მოუხმეს, წამყვანმა ვოკალისტმა, ტეილორ მაიერმა წაიჩურჩულა: „ერთი, ორი, სამი…“ და კონცერტიც დაიწყო.  ვესტფოლს, ბანჯოზე რომ უკრავდა, თვალები დაეხუჭა და მხოლოდ და მხოლოდ მელოდიის მოსმენით დაეკავებინა საკუთარი ტვინი. და როცა სიმღერა დასრულდა, თვალები გაახილა და დამსწრეებს გადახედა, აღმოჩნდა, რომ 8 სტუმრიდან, 6 ბართან იდგა და საუბრობდა. თუმცა შემდეგ ისიც შენიშნა, რომ დარჩენილი ორი სცენასთან იდგა და მათ ტაშს უკრავდა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ეიფორიული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, – ამბობს ვესტფოლი.

და საინტერესოა ის, ისეთი ჯგუფის წევრისთვის, როგორიცაა CAAMP – დიდ ღონისძიებებზე რომ უკრავენ, მაგალითად, Austin City Limits-ზე და მათ ალბომებს Spotify-ზე 50 მილიონზე მეტი ჩამოწერა აქვს – რატომ იყო ასეთი მცირემასშტაბიანი აღიარება ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გამოცდილება?

ვესტფოლი ამბობს, რომ ეს შოუ ჯგუფის ერთ-ერთი პირველი გამოსვლა იყო. და თავიდანვე, მან, მაიერთან ერთად, გადაწყვიტა, რომ მათ მუსიკას ერთი ადამიანი მაინც თუ დაუკრავდა ტაშს, ისინი კმაყოფილები იქნებოდნენ და თავიანთ მუსიკალურ ამბიციებს მიჰყვებოდნენ. ერთი ადამიანი. ეს იყო მიზანი. და მას შემდეგაც კი, ამ ბარიერის შენარჩუნება მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად იქცა ბენდის მთლიანი წარმატებისთვის.

როგორც წესი, ჩვენ გვჯერა, რომ საკუთარ თავებს რაც უფრო დიდ გამოწვევებს დავუსახავთ ხოლმე, მით მეტის მიღწევას შევძლებთ. მაგრამ კვლევები სრულიად საწინააღმედგოს აჩვენებს. წარმატების მისაღწევ არარეალურ ნიშნულებს შეუძლია, მოტივაცია დაგვაკარგვინოს – მაგალითად, „ამ წლის ბოლოს მარათონზე ვირბენ“, როცა ჯერჯერობით, რაც შეგვიძლია, ყოველ დილით ძუნძულია. მიზნების არარეალისტურად გაწელვა მოტივაციას კლავს ქმედების საწყის ეტაპზევე.

რასაც მოძრაობაში მოვყავართ – ეს პატარ-პატარა გამარჯვებებია. HBR-ში, მკვლევარების: ტერეზა ემებაილისა და სტივენ ჯეი კრამერის აღმოჩენაზე ვკითხულობთ, შემოქმედებითი პროდუქტიულობის შესახებ, რომელსაც „პროგრესის პრინციპს“ უწოდებენ: „ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც პოზიტიური ემოციების გაზრდა, მოტივაციის ამაღლება შეუძლია, ესაა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანი საქმის კეთების პროცესში პროგრესის განცდა. და ადამიანები რაც უფრო ხშირად გამოცდიან პროგრესის ამ შეგრძნებას, მით უფრო მეტად შეძლებენ მის სტაბილურად შენარჩუნებას“. ყველაზე მარტივი გზა პროფესიაში ამის მისაღწევად? – საკუთარ თავს სულელურად დაბალი ბარიერი დაუწესეთ. ისეთი, მის დაძლევას მარტივად რომ მოახერხებთ.

ბედნიერების ექსპერტი, გრეტჩენ რუბინი შენიშნავს, რომ ბარიერის დაწევა სტანდარტების დაწევას სულაც არ ნიშნავს. ეს არ გულისხმობს, რომ რაღაცები ალალბედზე ვაკეთოთ. ამ მიდგომით შესაძლებლობა გვაქვს, ფოკუსი იმაზე მოვმართოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და არა იმაზე – რა ჯობს ვაკეთოთ.

თუ მედიტაციის დაწყებას ცდილობთ, დღეში 1 წუთით დაიწყეთ; თუ გინდათ, რომ ფიტნეს თამაშში ჩაერთოთ, ძალიან მარტივი მიზნით, ყოველ დილით, 5 ახტომით მიეცით საკუთარ თავს ამის კეთების მოტივაცია; თუ გინდათ წერის ჩვევის გამომუშავება, დღეში ერთი სტრიქონი იკმარეთ. პატარა წარმატების შეგძრძნება ბუნებრივად მოგთხოვთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისკენ.

ბარიერის დაწევა, ასევე, საშუალებას გვაძლევს, უშუალოდ, შესასრულებელ სამუშაოზე ვფოკუსირდეთ. ვესტფოლი ამბობს, რომ მისი სტრატეგია, კარიერის განმავლობაში, ამ დაბალი ნიშნულის შენარჩუნებაა, რომელიც ნებას რთავს, კონკრეტულ სიმღერაზე, მის თითოეულ ნოტზე იფიქროს სცენაზე ყოფნის დროს და არა, მაგალითად „გრემის“ ნომინაციაზე ან მუსიკალური ტურის შემდეგ გაჩერებაზე. ვესტფოლს თუ დავუჯერებთ, ასეთი მიდგომა გვეხმარება, რომ შესანიშნავად შევასრულოთ ის საქმე, რომელსაც ვემსახურებით, იქნება ეს მუსიკა თუ ნებისმიერი სხვა შემოქმედებითი სფერო.

წარმატება მოლოდინებისა და რეალობის შეხვედრის ადგილია. თუ ჩვენს მოლოდინებს დავწევთ, უფრო დიდი შანსია, რეალობას უფრო მომზადებულები შევხვდეთ და წარმატებაც შევიგრძნოთ. და ზუსტად ეს გრძნობა გახდება წინაპირობა მორიგი პროექტის, შემდეგი კონცერტისა თუ კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობის შესასრულებლად.

წყარო: Medium



განხილვა