in ,

PowerPoint-ის 5 ალტერნატივა საინტერესო პრეზენტაციების მოსამზადებლად

ციფრული პრეზენტაციის მომზადებისას, ჩვენს ცნობიერებაში, პირველი პლატფორმა PowerPoint იყო. წლების განმავლობაში, ის გახლდათ უალტერნატივო არჩევანი უამრავი ადამიანისთვის. PowerPoint-ის მომხმარებელთა რიცხვი დღემდე დიდია, თუმცა ეტაპობრივად, გლობალურ ბაზარზე ისეთი პლატფორმებიც გამოჩნდა, რომელთა გამოყენება უფრო მოქნილია იმ მიმართულებიდან გამომდინარე, რა კუთხითაც საქმიანობთ. ამიტომ, თავი მოვუყარეთ PowerPoint-ის ხუთ ალტერნატივას, რათა საინტერესო პრეზენტაციების მომზადება გაგიადვილდეთ.

Prezi

Prezi-ის დიზაინის ბიბლიოთეკა 219 შაბლონს მოიცავს, რომელთა მორგებაც განსხვავებულ ინდუსტრიასა და საჭიროებაზე შეგიძლიათ. აქ აწყობილ პრეზენტაციას სურვილისამებრ გაუზიარებთ გუნდის წევრებს ან მეგობრებს, მათგან უკუკავშირის მისაღებად. ამას გარდა, ელექტრონული ფოსტის მითითებით, თანაავტორის დამატების უფლებამოსილებაც გაქვთ და მასთან ერთად კოლაბორაციის საშუალებაც. ის თავსებადია როგორც Windows-ზე, ასევე, Mac-ზე. Prezi Viewer app-ით კი სმარტფონითაც შეგიძლიათ ფაილის გაზიარება, თუმცა არა რედაქტირება. პლატფორმა პრეზენტაციის არასწორხაზოვნად აწყობის შესაძლებლობას იძლევა, რითაც აუდიტორიისთვის მოსაწყენი ინფორმაციის მიწოდებას აირიდებთ თავიდან. ინტერაქციული ფუნქციები მაყურებლის ინტერესს ინარჩუნებს. თუკი პლატფორმას იშვიათად ან შეზღუდული ფუნქციებით მოიხმართ, უფასო ვერსიით სარგებლობაც არაა ურიგო, ხოლო პროექტებისა და ფუნქციების სიმრავლესთან ერთად, Plus ან Premium პაკეტის ყიდვაც შეგიძლიათ – თვეში $15 ან $19-ად.

Visme

ეს პლატფორმა აერთიანებს პრეზენტაციის ათასობით სახეობას, ასევე, მილიონობით ფოტო-აუდიო-ვიდეო ფაილს პრეზენტაციის მოსამზადებლად. Visme-ში შეგიძლიათ გუნდის წევრებთან კოლაბორაცია მოაწყოთ, მიიღოთ მათგან უკუკავშირი, გაანაწილოთ როლები, რაც პრეზენტაციის ორგანიზებაში დაგეხმარებათ. პლატფორმით სარგებლობა შეგიძლიათ ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელსაც აქვს ბრაუზერის მხარდაჭერა. ესაა მოსახერხებელი ალტერნატივა მათთვის, ვისთვისაც დიზაინი სუსტი წერტილია. მის ბიბლიოთეკაში თქვენი პრეზენტაციისთვის შესაფერის დიზაინს აუცილებლად იპოვით.

Keynote

Keynote არის Apple-ის ალტერნატივა PowerPoint-ისთვის. ელეგანტური, გასაგები პლატფორმა, ეფექტური ფუნქციებით, საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტერაქტიული დიაგრამები, დავამატოთ გამოსახულებები, გავამარტივოთ პრეზენტაციის აწყობა და ის ეფექტური, კინემატოგრაფიული ვიზუალით წარვადგინოთ. Apple Pencil-ისა და iPad Pro-ს გამოშვების შემდეგ, Keynote კიდევ უფრო გაუმჯობესდა. პრეზენტაციები ღრუბლოვან პლატფორმაზე ინახება და ნებისმიერ მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი. პლატფორმით სარგებლობა კომფორტულია Mac-ისა და iOS-ის მომხმარებლისთვის. ამას გარდა, შეგიძლიათ მისი ფაილები PowerPoint-ის ფორმატში გადმოწეროთ და ამ სახითაც იმუშაოთ. პლატფორმით სარგებლობა უფასოა. ესაა შესანიშნავი ალტერნატივა მათთვის, ვისაც პირდაპირ შაბლონებზე უნდა წვდომა.

Slides.com

ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული ეს აპლიკაცია PowerPoint-ის ღირსეული ალტერნატივაა. მისი ელეგანტური სამუშაო დაფა ფონური სურათების დამატებას, განსხვავებული დიზაინისა და თემების აღმოჩენისა და კოლაბორაციის საშუალებას იძლევა. მეტიც, შეგიძლიათ სხვა ადამიანების პრეზენტაციები გამოიყენოთ შაბლონის სახით.

Slides-ით სარგებლობა მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერი ციფრული მოწყობილობიდან. მართავთ აუდიტორიის წვდომას, ხედავთ ანალიტიკას, ცვლილებების ისტორიას, მათემატიკურ ფორმულებს, გაქვთ რედაქტირების შესაძლებლობა. კომფორტული მოსახმარია, თან მოყვება ინსტრუქცია. სამწუხაროდ, მხოლოდ სწორხაზოვანი პრეზენტაციის აწყობის საშუალებას იძლევა. ასევე, არ აქვს ინფოგრაფიკის ვიჯეტები. ხშირად იყენებენ მასწავლებლები, სტუდენტები და სტარტაპერები.

Slidebean

PowerPoint-ის ეს ალტერნატივა კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც არ აქვს დრო საკუთარი სლაიდების დიზაინის შესარჩევად. პლატფორმას გადაკეთებული აქვს ცნობილი სტარტაპერების პრეზენტაციები და მათ მზა შაბლონებად იყენებს. შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ თემატური შაბლონები თავიანთ კონტენტს მოარგონ.

ფუნქციები საშუალებას გაძლევთ შაბლონები მარკეტინგის, ბიზნესის ან სტარტაპის პრეზენტაციისთვის გამოიყენოთ. შეგიძლიათ ჩასვათ გამოსახულება ან GIF სხვადასხვა პლატფორმიდან. ამასთან, ათასობით ხატულაზე გაქვთ წვდომა. დიაგრამების გაკეთებაც შეგიძლიათ, გუნდთან კოლაბორაციაც და მათთან საკონტაქტოდ, ჩატით სარგებლობაც.

 

პრეზენტაციის მომზადებისთვის რომელ პლატფორმას იყენებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

RENAULT საკულტო მოდელს აცოცხლებს

„მაგისტრატურა ერთ-ერთი გზაა, აჩვენო ყველას, რომ მუშაობ საკუთარ თავზე” – ალტე უნივერსიტეტი