სამუშაო სივრცეებში პროდუქტიულობის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მამოძრავებელი ძალა, ოპტიმიზმის საჯარო გამოხატვა, თანდათან იკარგება. ბოლო თერთმეტი წლის კორპორაციული დაკვირვებები საინტერესო ტენდენციას აჩვენებს. ადამიანები საკუთარ თავს კვლავ ოპტიმისტებად მიიჩნევენ, თუმცა ამ განწყობას კოლეგებს გაცილებით იშვიათად უზიარებენ. იმის გათვალისწინებით, რომ პოზიტიური მოლოდინი პირდაპირ კავშირშია ბიზნესშედეგებთან და თანამშრომელთა ჯანმრთელობასთან, ეს კლება ყურადღებას ითხოვს.
როგორ იზომება ოპტიმიზმი
2015 წლიდან მოყოლებული სპეციალური შეფასების სისტემით 25 000-ზე მეტი დასაქმებული გამოიკითხა. მონაცემების მიხედვით, ათიდან დაახლოებით რვა რესპონდენტი სამუშაო მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა შინაგანი განწყობა და ყოველდღიური ქცევა ერთმანეთს სულ უფრო მეტად სცილდება. შეიცვალა სწორედ ქმედება, რადგან თანამშრომლები არსებულ ოპტიმიზმს გარეთ ნაკლებად ავლენენ.
კვლევის ადრეულ ეტაპებთან შედარებით, იმ ადამიანების წილი, რომლებიც ოპტიმისტურ განწყობას მინიმუმ სამ კოლეგას უზიარებენ, 37%-დან 30%-მდე შემცირდა. დღეში სამი ან მეტი დიალოგის პოზიტიურ ნოტაზე დაწყების მაჩვენებელმა 48%-დან 41%-მდე დაიწია. ამასთან, კოლეგის ახალ იდეაზე პოზიტიური გამოხმაურების წილი 53%-დან 46%-მდე ჩამოვიდა.
ყველაზე საგულისხმო ის გახლავთ, თუ საით წავიდა ეს ენერგია. გლობალური გამოწვევების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიტიკის ზრდა, თუმცა ახალი იდეების გაკრიტიკების მაჩვენებელი ათწლეულის წინანდელ 5%-იან ნიშნულზე დარჩა. ცვლილება ნეიტრალიტეტისკენ წავიდა. სამუშაო გარემო აგრესიულად უარყოფითი არ გამხდარა, ადამიანებმა შეწყვიტეს იმ სიგნალების გაცემა, რაც სხვებს წარმატებასა და წინსვლას ახსენებს.
გამოხატული ოპტიმიზმი მხოლოდ პირადი რწმენა არ გახლავთ, ეს ინფორმაციის მიმოცვლაა. ეს არის ფრაზები იმის შესახებ, რომ პრობლემის გადაწყვეტა მოიძებნა, ან მენეჯერის მითითება, რომ რთულმა პროექტმა ბოლო ორ კვირაში იმაზე მეტი პროგრესი განიცადა, ვიდრე წინა ორ თვეში. როდესაც ეს მინიშნებები ქრება, პრობლემები არსად მიდის. გუნდი განაგრძობს ჩავარდნილ გეგმებსა და კლიენტების საჩივრებზე საუბარს, პროგრესის შესახებ ინფორმაცია კი დიალოგების მიღმა რჩება.
ფსიქოლოგიური კვლევები
პრობლემებსა და პოზიტიურ ამბებს შორის ბალანსის ძიებამ მედიიდან მეცნიერებამდე დიდი გზა განვლო. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ტელევიზიით გასული ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ პოულობდნენ ადამიანები გამოსავალს, მაყურებლისგან უდიდეს გამოხმაურებას იწვევდა. აუდიტორიას სურდა სცოდნოდა, რა იყო შესაძლებელი და არა მხოლოდ ის, თუ რა მიდიოდა ცუდად.
პენსილვანიის უნივერსიტეტის პოზიტიური ფსიქოლოგიის კვლევებმა ამ მოვლენის სამეცნიერო ახსნა მოიტანა. ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს გააცნეს სერიოზული პრობლემა. ერთ ნაწილს მხოლოდ სირთულეების შესახებ მიაწოდეს ცნობები, მეორეს კი შესაძლო გადაწყვეტილებების მოკლე სიაც გადასცეს. რამდენიმე საათის შემდეგ იმ ჯგუფმა, რომელსაც გამოსავლის გზებიც ჰქონდა ნანახი, კრეატიული ამოცანების გადაჭრაში დაახლოებით 20%-ით უკეთესი შედეგი აჩვენა.
მენეჯმენტისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ სირთულეებზე საუბარი აუცილებელია, თუმცა პროცესი აქ არ უნდა გაჩერდეს. გუნდი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს შესაძლო გზების ძიებაზე. ეს მარტივი ნაბიჯი ცვლის იმას, თუ რისი მიღწევა მიაჩნია გონებას რეალისტურად. ადამიანის ტვინს რეალობის შელამაზება არ სჭირდება, მას სჭირდება სრული სურათი, რომელიც რაციონალურ და პოზიტიურ ფაქტებსაც მოიცავს.
პრაქტიკული ინსტრუმენტები
ორგანიზაციებში ოპტიმიზმის გაზრდა რამდენიმე კონკრეტული მიდგომით არის შესაძლბელი, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია გაურკვევლობისა და ტრანსფორმაციის ეტაპზე.
პირველი ნაბიჯი მიღწეული პროგრესის ხილვადობაა. ყურადღება არ უნდა მიექცეს მხოლოდ იმას, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. შეხვედრებზე აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა გაკეთდა მიმდინარე კვირაში და რა წარმატებული გამოცდილება გამოდგება საყრდენად. საუკეთესო ლიდერები შედეგებზე საუბარს პროექტის დასრულებამდე არ აყოვნებენ და პროგრესს ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელ ნაწილად აქცევენ.
მეორე მიდგომა პრობლემებთან ერთად მოქმედების თავისუფლების ჩვენებაა. მმართველის ამოცანაა სიმართლის აღიარება და იმის გააზრება, რა ისწავლა გუნდმა შექმნილი ვითარებიდან. მიზანი პრობლემის დაკნინება კი არ გახლავთ, მთავარია იმ არეალის გამოკვეთა, სადაც თანამშრომლებს გავლენის მოხდენა კვლავ შეუძლიათ.
მესამე პრინციპი კონკრტული და დასაბუთებული შექებაა. ზოგადი ფრაზების ნაცვლად, ღირებულია იმის ახსნა, თუ რატომ იმუშავა კონკრეტულმა ნაბიჯმა და რატომ იყო ის მნიშვნელოვანი. როდესაც თანამშრომელს განუმარტავენ, რომ მის მიერ გამარტივებულმა ანალიზმა საბოლოო გადაწყვეტილება დააჩქარა, ის ზუსტად იგებს საკუთარ ძლიერ მხარეს და მომავალშიც იმავეს გაიმეორებს.
პროგრესის დაფიქსირებით, გამოსავლის ძიებითა და კოლეგის იდეის წახალისებით ჩნდება მტკიცებულება, რომ საერთო ძალისხმევას აზრი აქვს. სამუშაო გარემოს დღეს არა იძულებითი პოზიტივი, საჭიროა უკვე არსებული ოპტიმიზმის ხმამაღლა გაჟღერება.
წყარო: Fastcompany












