in

როგორ გამოვიყენოთ პოზიტიური სტრესი კრეატიულობის გასაზრდელად?

Bendelta-ს უახლესი კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე წარმატებული ლიდერის აზროვნება, ქცევა და უნარები შეისწავლეს. შედეგად დაადგინეს, რომ კრეატიულობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია — ეს არის საჩუქარი, რომელიც ლიდერული პოზიციების დასაკავებლად და ახლებური ხედვის გამოსამუშავებლად გვჭირდება.

კრეატიული აზროვნების გაძლიერების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზა კი პოზიტიური სტრესისგან მომდინარე ენერგიის გამოყენებაა. როგორც ამერიკელი ავტორი და მარკეტერი ვანესა ვერშოუ აღნიშნავს, მსგავს მიდგომას პრობლემების გადაჭრის ახალი, ინოვაციური გზების გამოვლენა შეუძლია. სხვა სიტყვებით, პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ყველა სტრესი არ არის ცუდი. პოზიტიური სტრესი, რომელიც ცნობილია როგორც „eustress“ არის სტრესის დადებითი ფორმა, რომელიც გამოწვეულია ამაღელვებელი ან მასტიმულირებელი მოვლენებით. ეს ორგანიზმში ქიმიურ რეაქციას იწვევს, რომელიც ეიფორიის განცდის მსგავსია.

ფსიქოლოგები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ, რომ პოზიტიურ სტრესთან „დამეგობრება“ და მისი სწორად გამოყენება დადებითად აისახება ადამიანის შემოქმედებითობაზე თუ მოტივაციაზე. მაგალითად, წარმოიდგინეთ ავტორი, რომელმაც კონკრეტულ ვადაში უნდა დაასრულოს წიგნის წერა — რაც დრო გადის, მასში ენერგიის მოზღვავება იწყება, რათა არსებული საზღვრები გაარღვიოს და ბრწყინვალე შედეგამდე მივიდეს.

სტატიაში სწორედ იმ რამდენიმე მარტივ გზაზე გიამბობთ, რომელთა მეშვეობითაც პოზიტიური სტრესის გამოყენება შეგიძლიათ:

ხელახლა განსაზღვრეთ სტრესის აღქმა

რატომღაც გონებას ბუნებრივად დავაჯერეთ, რომ ყველა სტრესი ცუდია. ცხადია, ეს არა თუ ცალკეული ინდივიდების, არამედ კოლექტიური აღქმის ბრალია, რადგან ხშირად ყველაფერს დისტრესთან და გადაწვასთან ვაიგივებთ. ხოლო პერსპექტივის გადააზრება, ნეგატიურ და პოზიტიურ სტრესს შორის განსხვავების დანახვა ყველაფერს შეცლის — „მე საფრთხეში ვარ“ აღქმიდან „მე გამოწვევის წინაშე ვარ, რომელიც უნდა გადავჭრა“ აზროვნებაზე გადასვლა პრობლემას მარტივად მოაგვარებს.

უგულებელყავით ეგო

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომელიც რთულ სიტუაციებში არსებული შესაძლებლობების დანახვაში გვიშლის ხელს, არის ეგო. ადამიანის მოთხოვნილება, აკონტროლოს ყველაფერი და ეს ერთგვარი „უფროსობა“ იგრძნოს, სტრესთან გამკლავებაში უშლის ხელს. ბევრი ვერ ხვდება, როგორ გაუმკლავდეს საკითხს, რომელიც უბრალოდ მის სურვილებს არ ემორჩილება… ე. წ. „მოსწავლის აზროვნების“ („ვიცი, რომ არ ვიცი, მაგრამ მზად ვარ გავარკვიო“) მიღებით, სტრესი სწრაფად იცვლება ცნობისმოყვარეობით; ნებისმიერი პრობლემა კი შემოქმედებითი აზროვნებით იჭრება.

გააანალიზეთ თქვენი გამოწვევები

იმის გაგება, თუ რა იწვევს თქვენს სტრესს, პირველი ნაბიჯია მის გადასატანად. იფიქრეთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ სტრესებზე და თქვენი კონტროლის დონეზე. რაზე გაქვთ ძალაუფლება და რა აღემატება თქვენს შესაძლებლობებს? შეადგინეთ სია და განსაზღვრეთ, კონკრეტულად რას ვერ აკონტროლებთ, რა იწვევს თქვენში შფოთვის მატებას — შემდეგ კი სათანადო პოტენციური გადაწყვეტა მოუძებნეთ. მოკლედ, პროაქტიულად დაიწყეთ შესაძლებლობების შესწავლა წინსვლისთვის და მოემზადეთ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად…

რომელი მანქანები დაასახელეს მფლობელებმა საუკეთესოებად? Driver Power 2023 New Car-ის გამოკითხვა

Mercedes-ის საინფორმაციო გასართობ სისტემას ChatGPT ემატება