აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Zurzuvae-ის პრეპარატი დაამტკიცა — ეს არის მედიკამენტი, რომელიც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის (PPD) სამკურნალოდ შეიქმნა. ჩვეულებრივ, ეს უკანასკნელი ორსულობის შემდგომ ეტაპზე ვლინდება, რის მკურნალობასაც ადრე ინტრავენური ინიექციებით ცდილობდნენ, კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში.
სევდიანი განწყობა, საქმისადმი ინტერესის დაკარგვა და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემისა, რომლებიც პოსტსამშობიარო დეპრესიას ახლავს თან. შეიძლება, ამან კოგნიტიური დაქვეითება, არაადეკვატურობის განცდა, ენერგიის დაკარგვა და სუიციდური აზრებიც კი გამოიწვიოს. შესაბამისად, ეფექტური სამკურნალო პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანია — მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი 10-დან 1 ქალს აღენიშნება PPD.
კლინიკურმა კვლევებმა Zurzuvae-ს ეფექტურობა დაადასტურა. ტესტირებაში პოსტსამშბიარო დეპრესიის მქონე ქალები მონაწილეობდნენ, რომლებიც ძირითად კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით. ნაწილის სიმპტომებმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში დაიწყო გამოვლენა, ნაწილის კი — მშობიარობიდან ოთხი კვირის განმავლობაში.
შედეგები იმედისმომცემი იყო — პაციენტებს, რომლებიც Zurzuvae-ს იღებდნენ, სიმპტომები მნიშვნელოვნად უმსუბუქდებოდათ. თან ბოლო დოზის მიღებიდან ოთხი კვირის შემდეგაც კი მკურნალობის დადებითი ეფექტი შენარჩუნდა.
მიუხედავად ეფექტურობისა, ექიმები მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების შესახებ გვაფრთხილებენ: მათ შორისაა ძილიანობა, თავბრუსხვევა, დიარეა, დაღლილობა და საშარდე გზების ინფექცია. გარდა ამისა, მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სუიციდური აზრები და ქცევა — ეს გვერდითი ეფექტები ბევრ ანტიდეპრესანტს აქვს…
„მშობიარობის შემდგომი დეპრესია სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელშიც ქალები განიცდიან სევდას, დანაშაულის გრძნობას, უღირსობას — მძიმე შემთხვევებში კი ებადებათ ფიქრები, ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს ან შვილს. და რადგან მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ შეიძლება დაარღვიოს დედა-შვილის კავშირი, ამან შეიძლება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზეც იმოქმედოს“, — აღნიშნავენ მეცნიერები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პერორალურ მედიკამენტებზე წვდომა სასარგებლო იქნება ქალების უმეტესობისთვის, რომლებიც ექსტრემალურ და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ გრძნობებს უმკლავდებიან.