24
თებ
2017

ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა PR-აკადემიაში

24 თებ 2017

16 თებერვალს, PR აკადემიაში, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე გაიმართა, სადაც სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ლექტორებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს პოლონეთიდან. მარკეტერი ესაუბრა საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორ ნათია გოცაძეს სამაგისტრო პროგრამის დეტალებზე,  PR აკადემიის დაარსების იდეასა და სამომავლო გეგმებზე.

BOG PLUS

M: რას მიანიჭეს უპირატესობა მაგისტრანტებმა, როცა არჩევანი ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტზე შეაჩერეს?
პირველ რიგში, პერსპექტივას, რომელსაც ჩვენი პროგრამა აძლევს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს. თქვენ კარგად იცით, რომ დღეს, როდესაც დასაქმების ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, ევროპული განათლება და საერთაშორისო დიპლომი ნამდვილად არის ის პრიორიტეტი, რომელიც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს კარიერულ წინსვლაში. საზღვარგარეთ აკადემიური განათლების მიღება კი საკმაოდ რთულია, რადგან სოლიდურ ფინანსებთან ერთად, საჭიროა, გარკვეული დროით უარი ვთქვათ სამსახურზე, ოჯახზე, ყოველდღიურ საქმიანობაზე. ამიტომაც, ეს პრიორიტეტი დღემდე ბევრისთვის შეუსრულებელ ამოცანად რჩება. ჩვენი პროგრამა სწორედ იმით არის განსაკუთრებული, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს ფარგლებშივე შევთავაზოთ საზოგადოებას უმაღლესი ევროპული სტანდარტებით შედგენილი საგანმანათლებლო პროგრამა, საერთაშორისო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე აგებული სასწავლო პროცესი და სამუშაო პირობებზე მორგებული სალექციო გრაფიკი. ეს კი დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დროს, ხარისხსა და კომფორტს აფასებს.

M: როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
PR აკადემიის დაარსების დღიდან მე და ჩემმა გუნდმა დავისახეთ მიზანი – შეგვექმნა განათლების ისეთი სისტემა, სადაც ცოდნის მიღება ადამიანის თვითგანვითარებისა და უკეთესი მომავლის გარანტი იქნებოდა. ტრენინგების დაწყების პირველივე დღიდან ჩვენ სრულიად განსხვავებული მეთოდი ავირჩიეთ. ეს იყო საინტერესო გამოწვევა და ძალიან მალე, ჩვენი მსმენელების წარმატების მაგალითებმა მოგვცა საფუძველი, კიდევ უფრო მაღალ საფუხურზე აგვეყვანა ჩვენი საგანმანათლებლო მომსახურება. ასე გაჩნდა ახალი ქართული უნივერსიტეტის შექმნის იდეა. 2015 წელს, ჩვენ დაგვიკავშირდნენ ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და შემოგვთავაზეს სამაგისტრო პროგრამის განხორციელება. ეს არის 20 წლიანი გამოცდილების მქონე ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც შედის პოლონეთის უნივერსიტეტების პრესტიჟის ოცეულში, ჰყავს 40 000-მდე კურსდამთავრებული. წლების მანძილზე თანამშრომლობს აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და გამოირჩევა სანიმუშო სასწავლო დისციპლინითა და სწავლების უახლესი მიდგომებით. შესაბამისად, ამ თამაშრომლობაში ჩვენ, ერთი მხრივ,  დავინახეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი სასწავლო პერსპექტივის შექმნის შანსი და მეორე მხრივ, საშუალება, გადაგვედგა პირველი ნაბიჯი მიზნის ასრულებისკენ. დავაფუძნეთ PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრი და გამოვაცხადეთ პირველი ნაკადის მიღება ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.

M: როგორია მაგისტრანტების მიღების პროცედურა?
მიღების პროცედურა, როგორც უმეტეს ევროპულ უნივერსიტეტებში, ჩვენთანაც საკმაოდ მარტივია. მაგისტრანტებთან ტარდება გასაუბრება და შემდეგ მათი სამოტივაციო წერილის, სამუშაო გამოცდილებისა და სხვა მონაცემების  საფუძველზე იგზავნება რეკომენდაციები ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში  ჩარიცხვის თაობაზე. არანაირი დამატებითი გამოცდა ან ტესტირება არ არის საჭირო.

M: რა იგულისხმება სწავლების განსხვავებულ მოდელში?
მთელი სასწავლო პროცესი აგებულია იმგვარად, რომ მაგისტრანტმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღოს. ამიტომ  ჩვენთან ყველა ლექციას აქვს ინტერაქტიული ხასიათი, სადაც სტუდენტი და ლექტორი თანაბრად არის ჩართული პროცესში. მუდმივად ტარდება როლური თამაშები, ჩნდება ახალ-ახალი ბიზნესიდეები, იქმნება საინტერესო პროექტები. სხვათა შორის, რამდენიმე მათგანი უკვე რეალურ ბიზნესადაც იქცა, რაც ძალიან მახარებს.

M: დიპლომის დასაცავად მაგისტრანტები პოლონეთში მიემგზავრებიან, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
ჩვენი მაგისტრანტები პირველივე დღიდან იღებენ საერთაშორისო სტუდენტის სტატუსს და შესაბამისად, დიპლომი, რომელიც მათ სწავლის დასრულების შემდეგ გადაეცემათ, არის საერთაშორისო აღიარების. აქედან გამომდინარე, სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხდება ვარშავაში, უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კომისიის წინაშე. დიპლომზე მუშაობის პროცესი და წინასწარი მომზადების ყველა პროცედურა  ხორციელდება  ჩვენთან, PR აკადემიის საერთშორისო განათლების ცენტრში.

M: დაბოლოს, რამდენიმე სიტყვით სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ, კიდევ რა საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ…  
სამომავლოდ, ძალიან საინტერესო და დიდი გეგმები გვაქვს. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევქმნათ ახალი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც დაეფუძნება ევროპულ სტანდარტებს, ეროვნულ ღირებულებებს, ხარისხსა და საუკეთესო შედეგებს. უნივერსიტეტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. პარალელურად, ვმუშაობთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვფიქრობთ, რომ 2018 წლისთვის უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანით მივიღებთ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში. საბაკალავრო მიმართულების განვითარების პარალელურად, ვაგრძელებთ მუშაობას  პროფესიული განათლების ხელშესაწყობად. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან პარტნიორული ურთიერთობის ბაზაზე ჩვენ ჩავერთეთ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიების მენეჯმენტის პროფესიული სტანდარტების შემუშავებაში. შესაბამისად, ვნერგავთ მოდულურ სასწავლო პროგრამებს როგორც აღნიშნული, ასევე სხვა მომიჯნავე სპეციალობებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რაც უწყვეტი განათლების ფარგლებში მეორადი პროფესიის ათვისების შესაძლებლობას იძლევა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაფართოვოთ სატრენინგო მომსახურების არეალი და ყველა მოთხოვნადი მიმართულებით შევთავაზოთ ტრენინგები ფიზიკურ პირებსა და კერძო თუ საჯარო სექტორს. PR აკადემიის ტრენინგები, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე, ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი საუკეთესო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

განხილვა