in

როგორ მოიპოვეს ნინომ და ლანამ ბრინჯაო Cannes Lions-ის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე!

მთელი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია ჯერ კიდევ იმ ემოციებში ვართ, ერთსა და იმავე კადრს გონებაში მილიონჯერ რომ იმეორებ, თითქოს ცდილობ დარწმუნდე – ეს ყველაფერი ხომ ნამდვილად მოხდა? დიახ, ნამდვილად მოხდა! წელს, ქართული დელეგაცია საფრანგეთიდან ჯილდოებით დატვირთული ბრუნდება! ჩვენი ქვეყნის სასახელოდ, კანის ლომების ფესტივალზე ქართული დროშა რამდენჯერმე აფრიალდა! საქართველოს 6 ნაკრებიდან 2-ის ნამუშევარი ბრინჯაოს მფლობელი გახდა. ჯილდოები Film და PR კატეგორიის ახალგაზრდულმა გუნდებმა მოიპოვეს და ქართული კრეატიული ინდუსტრია დაუვიწყარი ემოციებითა და სიამაყით აგვავსეს! მათი მონაპოვარი არაა მხოლოდ ჯილდო, არამედ იმედი, რწმენა და მოტივაცია ყველასთვის, რომ ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიას ღირსეული პოზიციების დაკავება შეუძლია საერთაშორისო ასპარეზზე. ამჯერად, ლანა ბაჩალიაშვილისა და ნინო თოთლაძის თავგადასავალზე გიამბობთ, კანის ახალგაზრდა ლომების კრეატიული ფესტივალიდან.

M: როგორი რეაქცია ჰქონდათ, თქვენი სახელები რომ გამოაცხადეს გამარჯვებულებს შორის?

ნინო: აქამდე არ გვაქვს გააზრებული ის ყველაფერი, რაც თავს გადაგვხვდა. თავიდან დავიბენით, სცენაზე ასვლისას კი ემოციებმა წაგვლეკა. ყველაზე ამაღელვებელი ის მომენტი იყო, როდესაც საქართველოს დროშა პირველად გაიშალა კანის სცენაზე. ლაივის ყურებისას აღმოვაჩინეთ, რომ აკოს კითხვაზე თუ რას ვგრძნობთ, ვპასუხობთ – „ააარ ვიციი“ და თან ხელები გვიკანკალებს.

ლანა: შემდეგი გააზრება მარიტასა და ანას სცენაზე ასვლისას მოვიდა. ნინომ გამომხედა და მითხრა, ახლა ვიტირებო. მეტი რა უნდა დაემატებინა, ცრემლებად დავიღვარე და ხმაც დავკარგე. თურმე, სხვების წარმატება შენსაზე მეტად შეიძლება გაგიხარდეს…

ფოტო: სოფო მუსერიძე

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

საინტერესო ისტორია გვაქვს. პრეზენტაციამდე ჩვენი ოჯახები გვამხნევებდნენ, დედები გვწერდნენ, რომ ყველაფერს შევძლებდით, ოქროს ლომების GIF-ებით გვავსებდნენ და უკვე გამარჯვებულებადაც გვთვლიდნენ, რა დროსაც, ნინოს მამა გვწერს – „ოქრო მინდა“. ამაზე თავიდან ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ახლა ვიაზრებთ, რომ ძალიან რეალური იყო ოქროს ჩამოტანაც.

მადლობა მაიას, კახას, ნატას და გიას, რომ ჩვენი ასე სჯეროდათ და ასე გვამხნევებდნენ. მადლობა თითოეულ ლივინგსტონელს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. გყვარობთ! მადლობა მეგობრებს, რომლებიც ჯერ ბრიფს ელოდებოდნენ, მერე ლაივს და თურმე, ჟიურის წევრებსაც ჩვენზე ადრე „სტალკავდნენ“, თითოეული თქვენგანი არის ის, ვინც გვაძლევს მოტივაციას, ვიყოთ უკეთესები.

ეს გამარჯვება ჩვენთვის ნავსის გატეხვაა მომავალი თაობებისთვის. იმედების დაბრუნებაა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია, როგორც პატარა ერს, ხოლო შემოქმედებითი ინდუსტრია კი არ გაჩერებულა, უფრო დიდი პოტენციალი აქვს ვიდრე ოდესმე. წინ უფრო დიდი მწვერვალებია…

M: როგორი იყო თქვენთვის გამოცდილება, რომ საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდით კანის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე?

აკო და ლეფსვერა რომ ახსენებდნენ ხოლმე, „საქართველოს ნაკრები ხართ კანშიო“, თავიდან გვეცინებოდა. მერე გავიაზრეთ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენით. როგორი ამბავია, საქართველოს სახელით ეჯიბრები მთელ მსოფლიოს და ყველას გინდა დაანახო, რომ ეს პატარა ქვეყანა არავისზე ნაკლები არ არის.

სწორედ ამ შემართებით ვიყავით თბილისში მოგების დღიდანვე. ვუყურებდით ძალიან ბევრ რგოლს, ვარჩევდით ქეისებს და ეს ყოველდღიურ რუტინად ვაქციეთ. ამ პროცესში ძალიან დიდი შთაგონება მივიღეთ. დავიჯერეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია.

საქართველოს თითოეული ნაკრების წევრი ჩვენთვის ახლო ადამიანად იქცა. ფესტივალის წინა დღეს ვახშამიც კი მოვაწყეთ ჩვენს ჯადოსნურ სახლში, ბევრი ვისაუბრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ თითოეულს მთელი გულით გვინდოდა, ამ წელს გამარჯვება მოეპოვებინა რომელიმე გუნდს მაინც. ამ მანიფესტაციამაც იმოქმედა, ჩვენ კი ახალი სურვილებით ვაგრძელებთ გზას.

It rocked and worked.

M: როგორი იყო თქვენი შემოქმედებითი დავალება?

ძალიან საინტერესო ბრიფი იყო და როგორც აღმოჩნდა, გამარჯვების მომტანიც. ბრიფის კითხვა რომ დავიწყეთ, ნერვიულობამ აგვიტანა, დავინახეთ კონკრეტული ქვეყანა – მაროკო.  უფრო გლობალურ საკითხებს ველოდებოდით, მაგალითად, კლიმატის ცვლილებას, საკვების ნარჩენებს და სხვა. მაროკოზე კი საკმაოდ კონკრეტული და სპეციფიკური სამუშაო იყო. ძალიან დიდი კვლევა დაგვჭირდა, რათა ადგილობრივი ინსაითები შეგვესწავლა და შემდეგ რომელიმეს ჩავჭიდებოდით.

ერთ-ერთმა NGO-მ მაროკოში შექმნა JOOD Kitchen-ის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, შეფმზარეულებად უსახლკარო ადამიანებს ასაქმებს, ხოლო შემდეგ სურს ბიზნესებს შესთავაზოს ქეითერინგის სერვისი. ამის მიზეზად კი ქვეყანაში არსებული დონაციების ნაკლებობა და ფანდრაიზინგზე რესურსის გაუმართლებლად ხარჯვა სახელდებოდა.

სირთულეების მიუხედავად, პროექტი ძალიან შეგვიყვარდა. ჩვენთვისაც სენსიტიური აღმონდა ეს საკითხი და უფრო დიდი მონდომებით შევუდექით სამუშაო პროცესს.

M: როგორ მიხვედით ბრიფის თქვენეულ გადაწყვეტამდე?

ნინო: ლანა ბრიფზე ფიქრისას ერთი და იმავე ფრაზას იმეორებდა, რომ ყველა თანასწორი ვართ და „ყველა ერთი ქვაბიდან ვჭამთ“. თითქოს ჯერ არაფერს ნიშნავდა ეს, მაგრამ მალევე დავგუგლეთ, არსებობდა თუ არა მსგავსი ფრაზა მაროკოში და აღმოჩნდა, რომ არსებობდა კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით საერთო თეფშიდან მიირთმევენ და ეს ტრადიცია საუკუნეები უცვლელი რჩება.

ლანა: ამ მომენტში ძალიან აღვფრთოვანდით და დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვიდექით. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდით, ზუსტად როგორ უნდა „შეგვეკრა“ იდეა. ნინო წრეებზე დადიოდა და იმეორებდა ფილმის სათაურს „მკვდარი პოეტების საზოგადოება“. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა შუაში იყო, მარა მერე ნინომ გამომხედა და მითხრა, საზოგადოება უნდა შევქმნათ ერთი იდეის გარშემოო.

ეს იყო წამი, როდესაც ორივეს გაგვინათდა და ერთდროულად წამოვიძახეთ “One Plate Society”, გადაჭარბების გარეშე, ასე ერთდროულად მივხვდით, რომ ეგ იყო, რაც გვჭირდებოდა.

ნინო: ისე მოხდა, რომ ჯადოსნურ სახლში ვცხოვრობდით. ვხუმრობთ კიდეც, რომ ეს ბინა შემდეგ წელს ძალიან ძვირად გაქირავდება. მაგრამ, სახლი ადამიანების გარეშე, მხოლოდ კედლებია. სწორედ მარიტამ და ანამ შემოიტანეს ეს ჯადოსნურობა, ადამიანებმა, რომლებიც გვეიმედებიან.

ლანა: იდეა როგორც კი დაიბადა, გადავწყვიტეთ ანასთვის და მარიტასთვის გაგვეზიარებინა. გოგოებმა მოგვისმინეს და ძალიან დამაჯერებლად გვითხრეს – „წერა დაიწყეთო“. ეგ იყო იმედის პირველი ნაპერწკალი, რომელიც მათ ააგიზგიზეს.

M: უცხო გარემო, უცხო ქალაქი და ბრიფი… როგორი იყო თქვენი სამუშაო პროცესი?

ფოტო: მარიტა ყაველაშვილი

ჩვენი მიზანი თბილისშიც და კანშიც ის იყო, რომ სამუშაო პროცესისგან მაქსიმალური სიამოვნება მიგვეღო. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ერთმანეთს ვენდობით, გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და ერთმანეთი გვეიმედება. ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს ვკიდებთ, მთელ სულსა და გულს ვდებთ. ამ ყველაფრის ფონზე, სულ ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი, რომ სტრესმა არ გვაჯობოს და სილაღე არ დავკარგოთ.

კანშიც, ბრიფის მიღებისთანავე, სანაპიროზე გავედით, გონება დავასვენეთ, გოგოებთან ერთად ვიცინეთ, ყურადღება სხვა რაღაცეებზე გადავიტანეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდექით აქტიურ მუშაობას.

ბუნებრივია, ვნერვიულობდით. გვქონდა ეტაპები, როდესაც იდეა გვიყვარდა, შემდეგ ეჭვი შეგვქონდა, შემდეგ ისევ გვიყვარდა და ასე ტალღებად გრძელდებოდა. თუმცა, საქართველოში უკვე გავლილი გვქონდა ეს ემოციები. ამიტომ მომზადებულები ვიყავით და ერთმანეთს ვამხნევებდით.

M: ამ გამოცდილებით, რას ურჩევთ მონაწილეებს მომდევნო წლისთვის?

ამ კონკურსში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი მეწყვილის არჩევა, ადამიანის, რომელთან ერთად, პროდუქტიულიც ხარ და ლაღიც. გამარჯვების წყურვილი კარგია, მაგრამ სამუშაო პროცესი და ამით სიამოვნების მიღება – კიდევ უფრო. როგორი ბანალური და გაცვეთილი ფრაზაც არ უნდა იყოს, გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ, რაც შემდეგ მოხდება, გაგაოცებთ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ეს საერთოდ ქალაქია?“ — ირონიული ტურისტული კამპანია

რატომაა მნიშვნელოვანი კომპანიის მთავარ ფასეულობებზე ხაზგასმა