Prada-ს ბოლოდროინდელი განცხადება, პირდაპირი გაგებით, არაამქვეყნიურია. იტალიური მოდის სახლი კოსმოსის ინფრასტრუქტურის კომპანია Axiom Space-თან გაერთიანდა, რათა NASA-ს Artemis III-ის მისიისთვის კოსტიუმი შექმნას. ამგვარად, Axiom Extravehicular Mobility Unit (AxEMU) პრადას ოსტატობას Axiom-ის ტექნიკურ ცოდნასთან აერთიანებს.
AxEMU თეთრი ფერისაა და ისეა შექმნილი, რომ მზის ნათება და სითბო აირეკლოს, რაც უმნიშვნელოვანესია ასტრონავტებისთვის მთვარის მკაცრი პირობებისგან დასაცავად. თუ დააკვირდებით, იდაყვებსა და მუხლებზე ნაცრისფერი დეტალები აქვს და წითელი ხაზებიც, რათა შეგვახსენონ, რომ ეს Prada-ს Linea Rossa-ს კოლექციის ნაწილია.
დიზაინის კონკრეტული ელემენტები პრაქტიკულ მიზნებსაც ემსახურება და, მაგალითისთვის, გვეხმარება, გავიგოთ, ვინ არის მისიის ხელმძღვანელი…
კოსმოსური კოსტიუმის დიზაინის შექმნისას მთავარი აქცენტი მობილობაზე გაკეთდა, შესაბამისად, ძალიან მოქნილია და, Apollo-ს ეპოქის კოსტიუმებისგან განსხვავებით, მფლობელებს მთვარეზე ყოფნისას კომპლექსური ამოცანების შესრულების საშუალებას აძლევს. ჯანმრთელობის მონიტორინგის სისტემები და ბიომეტრიული სენსორებიც აქვს ჩაშენებული, პორტატიულ მოწყობილობასთან ერთად, რომელიც ასტრონავტებს 8-საათიან მხარდაჭერას ჰპირდება.
ნებისმიერი სხეულის ტიპს ერგება, როგორც ქალებს, ისე კაცებს თავისუფლად შეუძლიათ მორგება. მთვარის სამხრეთ პოლუსის ექსტრემალურ ტემპერატურებს უძლებს და დაჩრდილული რეგიონების უკიდურესად ცივ ტემპერატურასაც სულ მცირე 2 საათის მანძილზე.
„ჩვენივე საზღვრების მიღმა წასვლა კომპანიის ერთ-ერთ ღირებულებას წარმოადგენს, რომელიც შესანიშნავად ასახავს Prada-ს ბრენდის ხედვას. ამაყი ვარ შედეგით, რომელსაც დღეს გაჩვენებთ, ეს სულ პირველი ნაბიჯია Axiom Space-თან ხანგრძლივი თანამშრომლობის. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენივე გამოცდილება მაღალი ხარისხის მასალებში, მახასიათებლებსა თუ ქსოვის ტექნიკებში და ბევრიც ვისწავლეთ. დარწმუნებული ვარ, ახალი გამოწვევებისკენ სვლას გავაგრძელებთ, ჩვენს ჰორიზონტს გავაფართოებთ და შევქმნით ახალ სცენარებს ერთად“, — აცხადებს ლორენზო ბარტელი, Prada Group-ის მარკეტინგისა და CSR-ის ხელმძღვანელი.
ამ ეტაპისთვის AxEMU ტესტირებას გაივლის, არტემისის მესამე მისიის გაშვება კი 2026 წელს იგეგმება, რა დროსაც ნასა ადამიანების მთვარეზე დაბრუნებას აპირებს…