მსოფლიო მოდის ძვირფასი ბრენდებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია Prada. მისი სამკუთხედი ლოგო და ხელწერა, რომელიც ყველა კოლექციაში შეიმჩნევა, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელია. აქსესუარებისა და ტყავის წარმოებით დაწყებული ბიზნესი წლების განმავლობაში განვითარდა და იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ამას თავად მისი დამფუძნებელი წარმოიდგენდა, როცა 1900-იან წლებში ბრენდს მოდის რუკაზე განათავსებდა.
ბიზნესისტორიების რუბრიკის ფარგლებში, პრადას ისტორიის შესახებ მოგიყვებით, მის წარმოშობასა და კოლექციებს გავიხსენებთ და თქვენც გაგიზიარებთ.
პირველი მაღაზია
Prada-ს პირველი მაღაზია მარიო პრადამ 1913 წელს გახსნა. ის მილანში, Galleria Vittorio Emanuele II-ში გაიხსნა, რომელიც მსოფლიოს უძველესი და ერთ-ერთი ულამაზესი სავაჭრო ცენტრია. მარიო პრადა ტყავისგან ამზადებდა და ყიდდა ჩანთებს, აქსესუარებსა და ჩემოდნებს. მისი მომხმარებლები საკმაოდ მაღალი წრიდან იყვნენ, ამიტომ 1919 წლისთვის მაღაზიამ საკმაოდ პრესტიჟული ტიტული მიიღო – „იტალიის სამეფო სახლის ოფიციალური მიმწოდებელი”.
ბრენდული მახასიათებლები
მას შემდეგ, რაც პრადამ სამეფო სახლისთვის დაიწყო პროდუქციის მიწოდება, მან უკვე შექმნა თავისი სავაჭრო ნიშანი, რამაც ხელი შეუწყო ბრენდის რეპუტაციის გაძლიერებას და გახდა იტალიური არისტოკრატიისა და საშუალო კლასის სიმბოლო.
მარიო პრადას სექსისტური აზროვნება
დამფუძნებელი მარიო პრადა თვლიდა, რომ ქალები სახლის საქმეებით უნდა იყვნენ დაკავებულები და მათ სამუშაო ადგილებს არ სთავაზობდა. მით უმეტეს, როდესაც პენსიაზე გავიდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ თავისი, უკვე აწყობილი ბიზნესი ვინმესთვის უნდა გადაებარებინა, ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა მისი ვაჟი, მაგრამ მას ბრენდის მენეჯმენტისადმი ინტერესი არ გააჩნდა, ამიტომ მარიოს მოუწია საქმის ქალიშვილისთვის, ლუიზასთვის გადაბარება.
მიუჩია პრადა – თვითნასწავლი დიზაინერი
ლუიზა პრადა 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ოჯახურ ბიზნესს, სანამ 70-იან წლებში მისი ქალიშვილი მიუჩია პრადა არ შეუერთდა გუნდს, როგორც მთავარი დიზაინერი. მან ძვირადღირებული ჩანთებისა და ბრენდირებული ჩემოდნების მოდელირებას მიჰყო ხელი.
ვერავინ იფიქრებდა, რომ მიუჩია ამ საქმეს წამოიწყებდა, რადგან ის არ სწავლობდა მოდასა და დიზაინს, არამედ პოლიტიკურ მეცნიერებებს გადიოდა მილანის უნივერსიტეტში. იგი ასევე სწავლობდა „პიკოლოს” თეატრში. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ის იმ დიზაინერთა რიცხვში შედის, რომლებმაც დამოუკიდებლად ისწავლეს და თვითნასწავლი დიზაინერები გახდნენ.
მიუჩიას კარიერა რთულად შედგა
ქალთა უფლებები არა მხოლოდ მიუჩიას არ ირღვეოდა, ეს უფრო გლობალური პრობლემა იყო. 1970-იან წლებში, როცა პრადას დიზაინერი გახდა, თან აქტიურად იყო ჩართული ქალთა უფლებების მოძრაობაში. თავად მიუჩიას იხსენებს, რომ როდესაც მოდის სფეროში მივიდა, ბევრი აკრიტიკებდა და ბევრსაც სძულდა ამის გამო. საინტერესო ისაა, რომ მიუჩიას ბრძოლა ერთდროულად ორ ფრონტზე უწევდა – ერთ მხარეს ის ქალთა უფლებებს იცავდა, მეორე მხარეს კი, ფემინისტებთან თავის მართლება უწევდა იმაზე, რომ მოდის სფეროში დიზაინერად დაიწყო მუშაობა. ეს იმ დროს ორი შეუსაბამო ცნება იყო. „იმდენად მიყვარდა, რომ მაინც გავაკეთე“, – იხსენებს მიუჩია.
პირველი, რაც მიუჩიამ გააკეთა, თავისი ტანსაცმლის ხაზით სილამაზის ინდუსტრიაში მანამდე გავრცელებულ, გლამურულ და ქალურ სტანდარტებს დაუპირისპირდა.
პირადი ცხოვრება და ბიზნესპარტნიორი
1978 წლისთვის მიუჩია პრადამ თავისი მომავალი მეუღლე და ბიზნესპარტნიორი, პატრიციო ბერტელი გაიცნო. გაცნობიდან ერთ წელიწადში წყვილმა ერთად წამოიწყო ძვირადღირებული ფეხსაცმლის ხაზი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბიზნესის გაფართოება
მალე ბიზნესი მთელ მსოფლიოში გაფართოვდა და ბრენდს ყველა მაღაზია შიდა საკუთრებაში ჰქონდა. მისი პროდუქცია ცნობილი გახდა საფირმო მწვანე ფერით, რომელიც დღესაც ცნობილია, როგორც “Prada Green”. აღსანიშნავია, რომ ლონდონში გახსნილი Prada Caffé-ც იმავე მწვანე ფერადაა შეღებილი. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პრადას ინდივიდუალიზმზე, რითაც ბრენდმა ბუნებაში არსებული ჩვეულებრივი მწვანეც კი თავის უნიკალურობად აქცია.
დღეს პრადა Prada Group-ის ნაწილია და მის შემადგენლობაში შედის Miuccia Prada, Patrizio Bertelli, Miu Miu, Church’s, Car Shoe, Marchesi 1824 და Luna Rossa.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი