მილანური მოდის სამყაროში დიდი გაერთიანება შედგა – Prada Group-მა თავისი კონკურენტი, მოდის სახლი Versace შეიძინა. გარიგების ღირებულებამ 1.375 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეს შენაძენი Versace-სთვის ერთგვარი გადატვირთვის შანსია. პანდემიის შემდგომ პერიოდში ბრენდი ამერიკული Capri Holdings-ის მფლობელობაში იყო და ფინანსურად არც თუ ისე სახარბიელო შედეგებს აჩვენებდა. თავად Capri Holdings-მა კი, რომელიც Michael Kors-სა და Jimmy Choo-ს ფლობს, განაცხადა, რომ მიღებულ თანხას ვალების დასაფარად გამოიყენებს.
რა ელის Versace-ს?
ბრენდის მართვის სადავეებს ლორენცო ბერტელი, Prada-ს მემკვიდრე გადაიბარებს. მიუჩია პრადასა და პატრიციო ბერტელის ვაჟი რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა აღიარებს, რომ Versace, რომელიც მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილ ბრენდს შორისაა, ბოლო დროს ბაზარზე სათანადოდ ვეღარ პოზიციონირებდა. Prada-ში თვლიან, რომ ბრენდს ზრდის უზარმაზარი, ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი აქვს.
ექსპერტები ამ გაერთიანებაში საინტერესო განვითარებას ხედავენ. ანალიტიკოს ლუკა სოლკას მოსაზრებით, ეს არის მინიმალისტური Prada-სა და მაქსიმალისტური Versace-ს იდეალური კომბინაცია, სადაც ბრენდები ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ. მთავარი გამოწვევა ახლა Versace-სთვის ძველი დიდების დაბრუნება და მისი კვლავ სასურველ ბრენდად ქცევაა.
შემოქმედებითი გადახალისება უკვე დაწყებულია – ბრენდს ახალი დიზაინერი, დარიო ვიტალე ჰყავს, რომელიც მანამდე Miu Miu-ში მუშაობდა. მისმა პირველმა კოლექციამ, რომელიც 80-იანების ფერადი და თამამი ინტერპრეტაცია იყო, მყიდველების მხრიდან დადებითი შეფასება უკვე დაიმსახურა.
საინტერესოა ფინანსური დეტალებიც: 2018 წელს Capri Holdings-მა Versace-ში 2 მილიარდი დოლარი გადაიხადა, თუმცა „ჩუმი ფუფუნების“ (Quiet Luxury) ეპოქაში ბრენდის თამამი სტილის დამკვიდრება გაუჭირდა. გათვლების მიხედვით, გაერთიანების შემდეგ Versace Prada-ს ჯგუფის შემოსავლების 13%-ს დაიკავებს.
Prada-ს ჯგუფი განსაკუთრებულ აქცენტს წარმოების გაერთიანებაზე აკეთებს. ლორენცო ბერტელის თქმით, ჩანთის წარმოების „ნოუ-ჰაუ“ ყველგან იდენტურია, იქნება ეს Prada თუ Versace. კომპანია უკვე ამზადებს ნიადაგს, რომ Versace-ს პროდუქცია თავის იტალიურ ქარხნებში აწარმოოს, სადაც ოსტატები ტყავის დამუშავებასა და კერვას სპეციალურ აკადემიაში სწავლობენ.
წყარო: Fastcompany










