in

Praktika — სტარტაპი, რომელიც ინგლისურის შესასწავლად AI ავატარებს იყენებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

მათ შორისაა Praktika — აშშ-ში დაფუძნებული EdTech სტარტაპი. ეს არის iOS და Android-ისთვის განკუთვნილი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ჭკვიანი AI ავატარების დახმარებით, ინგლისური ენა ისწავლონ და თავიანთი უნარები დახვეწონ. საგულისხმოა, რომ სტარტაპი უკვე ეხმარება 30-ზე მეტი ქვეყნის 50 000+ სტუდენტს ენის თავისუფლად ათვისებასა და კარიერულ წინსვლაში.

უფრო დეტალურ ინფორმაციას კი Praktika-ს აღმასრულებელი დირექტორი, ადამ ტურაევი გვიზიარებს.

M: ადამ, როგორ გაჩნდა სტარტაპის შექმნის იდეა?

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ეს ჩვენი გუნდის პირველი სტარტაპი არ არის. მანამდე ერთ-ერთი წამყვანი სასაუბრო AI დეველოპერი შევქმენით საწარმოებისთვის, რომელსაც 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შემდეგ კი გადავწყვიტეთ, გლობალურ მასშტაბებზე გავსულიყავით და საერთაშორისო პარტნიორებთან დავიწყეთ მოლაპარაკებები… აქ კი ერთი საკითხი გამოიკვეთა: გუნდის წევრებს ენობრივი ბარიერის პრობლემა შეგვექმნა.

შედეგად, გაგვიჩნდა იდეა: იქნებ, ხელოვნურ ინტელექტს ვესაუბროთ და რეალურ ცხოვრებაში ინგლისურად სალაპარაკოდ მოვემზადოთ? იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად მივბაძოთ რეალურ ცხოვრებაში არსებულ სიტუაციებს, რათა მოვემზადოთ მათთვის და ხელიდან არ გავუშვათ ახალი ენით აღძრული შესაძლებლობები.

M: თქვენი აზრით, რამდენად მოთხოვნადი და ღირებულია Praktika-ს საქმიანობა?

პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვწყვეტთ, არის ენობრივი ბარიერის პრობლემა, რასაც ძლიერი გავლენა აქვს — ადამიანები ენის არცდონის გამო შესაძლებლობებს კარგავენ, რადგან სწრაფ და სწორ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, ჩვენი სერვისი იმაზე მოთხოვნადია, ვიდრე საწყის ეტაპზე წარმოგვედგინა.

M: მთელ ამ პროცესში რა არის შემაფერხებელი და პირიქით, ხელშემწყობი ფაქტორები?

სირთულეებში პირველ რიგში ინვესტორების მოზიდვას გამოვყოფ, რაც დროს მოითხოვს. ამის ფონზე კი, რესურსების მუდმივ ნაკლებობას განვიცდით…

რაც შეეხება ხელშემწყობ ფაქტორებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფლუენსერები, რომლებსაც ჩვენი იდეა მოსწონთ და პროდუქტის პოპულარიზაციაში გვეხმარებიან. ასევე, განვითარებაში ძალიან გვეხმარება Pitch კონკურსები/ივენთები (განსაკუთრებით Websummit).

M: თქვენ 500 Global-ის შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი ხართ, როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას?

რა თქმა უნდა, ძალიან აღფრთოვანებულები ვართ ამ შესაძლებლობებით და, შესაძლოა, ეს გარდამტეხ წერტილად იქცეს სტარტაპ მოგზაურობაში. ჩვენ ძალიან გამოცდილ მენტორებთან ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს — ძირითადი მახასიათებლების დაპრიორიტეტებით, ჩვენი პროდუქტისთვის საუკეთესო ბიზნეს მოდელის პოვნით დამთავრებული.

და ეს ყოველთვის შესანიშნავი მოცემულობაა, თუ მენტორებისგან ან თანამოაზრეებისგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლია…

M: დაბოლოს, რას იტყვით სამომავლო გეგმებზე?

ჩემი მიზანია შევქმნა და შევინარჩუნო გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს. სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრებისეული ოცნებაა, მილიარდ ადამიანს დავეხმარო!

ამ ოცნების ასასრულებლად კი ტექნოლოგიას ვიყენებ. ტექნოლოგიას ვხედავ, როგორც პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება ადამიანებისგან დამოუკიდებლად განვითარდეს. ამასთან, ტექნოლოგიების მეშვეობით, ადამიანები საკუთარ პოტენციალს არა თუ რუტინული ამოცანებისთვის, არამედ შემოქმედებითი საქმეებისთვის იყენებენ, რათა რაღაც ახალი შექმნან — ის, რაც მანქანას არ შეუძლია.

შემდეგ კი ჩემი პირადი მიზანია შევქმნა სარისკო კაპიტალის ფირმა, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს ტექნოლოგიაში და ზოგად სოციალურ უთანასწორობას დაუპირისპირდება, რაც განათლებას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის.


500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. როგორც TechCrunch მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

ვინ ყიდულობს ჩვენს ყურადღებას?

Virgin – როგორ მოიფიქრა რიჩარდ ბრენსონმა ბრენდის სახელი