ნებისმიერი ფიზიკური უნარის დაუფლებას, იქნება ეს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა თუ სპორტული აქტივობა, პრაქტიკა სჭირდება. თავის მხრივ, პრაქტიკა მოქმედების იქამდე გამეორებას გულისხმობს, ვიდრე შედეგებს არ გავაუმჯობესებთ.
ტვინს ორი სახის ნერვული ქსოვილი აქვს: ნაცრისფერი და თეთრი მატერია. პირველი მათგანი ინფორმაციის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი — ნერვული უჯრედებისკენ მიმართავს სიგნალებს თუ სენსორულ სტიმულებს. ხოლო მეორე ძირითადად ცხიმოვანი ქსოვილისა და ნერვული ბოჭკოებისგან შედგება. ამავდროულად, თეთრი მატერია ცხიმოვან ნივთიერება მიელინს შეიცავს — გარსს, რომელიც პრაქტიკასთან ერთად იცვლება. ის ხელს უშლის ელექტრული სიგნალებისგან მიღებული ენერგიის დაკარგვას…
თაგვებზე ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფიზიკური მოძრაობის გამეორება მიელინის გარსის ფენებს ზრდის. რაც უფრო მეტი ფენაა, მით უკეთ იმახსოვრებს ტვინი კონკრეტულ ქმედებას. მეცნიერებმა არაერთი თეორიაც შეიმუშავეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი საათის, დღის ან წლის განმავლობაშია პრაქტიკა საჭირო გარკვეული უნარების დასაუფლებლად. მართალია, ზუსტი რიცხვები ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ მთავარი ფაქტორი თანამიმდევრული, ინტენსიური პრაქტიკაა.
ამის გათვალისწინებით, ინტენსიური პრაქტიკის შესამუშავებლად რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
- შეამცირეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ყურადღებას გიფანტავთ. მაგალითად, როდესაც რაიმე უნარის დაუფლებაზე ვარჯიშობთ, გამორთეთ კომპიუტერი; მობილურიც ფრენის რეჟიმზე გადაიყვანეთ;
- გარკვეული ინტერვალებით ხშირი გამეორება ყველაზე კარგი ჩვევაა. ბევრი საუკეთესო სპორტსმენი, მუსიკოსი და მოცეკვავე კვირაში 50-60 საათს ხარჯავს პრაქტიკაზე;
- როგორ უჩვეულოდაც უნდა ჟღერდეს, ფიზიკურ პრაქტიკასთან ერთად, მეტად ეფექტურია წარმოსახვის გაძლიერებაც. მარტივად რომ ავხსნათ, გონებაშიც წარმოიდგინეთ მთელი აქტივობის პროცესი.