არ გეგონოთ, რომ შემოქმედებითი უნარი მხოლოდ მხატვრებს, მუსიკოსებს ან მწერლებს აქვთ, ნებისმიერს შეუძლია მისი განვითარება თუ გაუმჯობესება. პრობლემების გადასაჭრელად და გამოსავლის საპოვნელად ახალი იდეების მოძიებას ეხება და არც რომელიმე სფეროთია შემოფარგლული. ხოლო გამოსავლის პოვნას თქვენი წარმოსახვით ახერხებს, შესაბამისად, ახალი გამოცდილებებისა და შესაძლებლობების კარს ხსნის. კარგი ამბავიც გვაქვს, მარტივი, ეფექტური გზები არსებობს, რომლითაც თქვენი შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას შეძლებთ და ქვემოთ სწორედ მათზე მოგიყვებით:
მიუძღვენით თავი შემოქმედებითობას — რადგან ამ პროცესში გამიზნულ მოქმედებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კვლევის თანახმად, შემოქმედებითობის 4 კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი არსებობს:
- შექმნის უნარი
- განზრახვა, რომ რაღაც შექმნათ
- კონტექსტი, რომელშიც შემოქმედებითობა წარმოიშობა
- მიღებული პროდუქტის სიახლე და პრაქტიკულობა
ამგვარად, ნუ გადადებთ, დაისახეთ მიზნები, მიმართეთ სხვებს დასახმარებლად და დაუთმეთ დრო თითოეული უნარის განვითარებას. მაგალითისთვის, თუ ხატვით ხართ დაინტერესებული, დრო თქვენი უნარების გაუმჯობესებასა და ახალი რაღაცების სწავლას დაუთმეთ.
გახდით ექსპერტი თქვენს სფეროში — შემოქმედებითობის განვითარების კიდევ ერთი გზა თქვენთვის საინტერესო საკითხზე რაც შეიძლება მეტის ცოდნაა, რადგან ასე უკეთ შეძლებთ პრობლემები ახალი, ინოვაციური გზებით მოაგვაროთ. კარგი იქნება, თუ ამ მიზნით შემოქმედებით ადამიანებსაც გაესაუბრებით და მათთან დისკუსიას წამოიწყებთ.
არ შეუშინდეთ რისკებს — როცა საქმე კრეატიულ უნარებს ეხება, მათი განვითარებისთვის რისკებზე წასასვლელად მზად უნდა იყოთ. შესაძლოა, თქვენი ძალისხმევა ყოველთვის წარმატებით არ დამთავრდეს, მაგრამ ასე მაინც გააუმჯობესებთ შემოქმედებით უნარებს. მაგალითად, შესაძლოა, წერა არ გამოგივიდეთ, მაგრამ უკუკავშირი განვითარებაში დაგეხმაროთ.
იყავით თავდაჯერებული — უკვე კვლევებმაც კი დაადასტურა, რომ თავდაჯერებულობა და მაღალი თვითშეფასება შემოქმედებითობას ზრდის. ამიტომ, აღნიშნეთ თქვენი პროგრესი, შეაქეთ საკუთარი თავი და ეძებეთ გზები საკუთარი შემოქმედებითი ძალისხმევის დასაჯილდოებლად.
გაუმკლავდით ნეგატიურ დამოკიდებულებას — მართალია, ზოგი კვლევა ნეგატიურ განწყობას შემოქმედებით ამოცანებში მეტ გამძლეობას უკავშირებს, მაგრამ პოზიტიური განწყობა უფრო მეტად არის დაკავშირებული კოგნიტიურ მოქნილობასთან, როცა საქმე ახალ გამოსავალს ეხება. ამიტომაც ფოკუსირდით ნეგატიური ფიქრებისა და თვითკრიტიკისგან გათავისუფლებაზე.
ებრძოლეთ მარცხის შიშს — პროგრესში შეცდომების დაშვების შიში ძალიან შეგიშლით ხელს, ამიტომაც თავს ხშირად შეახსენეთ, რომ შეცდომები პროცესის ნაწილია.
დაიწყეთ ბრეინშტორმინგი — თქვენი მიზანი რაც შეიძლება მოკლე დროში მეტი იდეის ჩამოწერა უნდა იყოს, შემდეგ კი ფოკუსირდით მათ დახვეწაზე, რათა საუკეთესომდე მიხვიდეთ. პირველივე იდეას კი არ დასჯერდეთ, არამედ პრობლემის მოგვარების განსხვავებულ გზებზე იფიქრეთ. პროცესში დღიურების წარმოებაც შეგიძლიათ, დაიხმაროთ, რათა პროგრესს ადევნოთ თვალი.
გამოწვევის წინაშე დააყენეთ საკუთარი თავი — მას შემდეგ, რაც მიხვდებით, რომ ძირითადი შემოქმედებითი უნარები განავითარეთ, მნიშვნელოვანი გახდება საკუთარი თავის გამოწვევის წინაშე დაყენება, რათა ასე თქვენივე უნარები დახვეწოთ. ეძიეთ უფრო რთული მიდგომები, ცადეთ ახალი რაღაცები და თავი აარიდეთ ერთი და იმავე გამოსავალთან მიბრუნებას.
გამოიყენეთ 6 ქუდის ტექნიკა — ეს პრობლემის 6 განსხვავებული პერსპექტივით დანახვას მოიაზრებს, რაც უფრო მეტი იდეის გენერირების შესაძლებლობას გთავაზობთ:
- შავი ქუდი: გამოიყენეთ ნეგატიური პერსპექტივა — ამ გამოსავლის რომელი ელემენტები არ მუშაობს?
- ლურჯი ქუდი: იფიქრეთ მასშტაბურად – რა არის საუკეთესო გამოსავალი მთლიანობაში?
- მწვანე ქუდი: იფიქრეთ შემოქმედებითად — რომელია ალტერნატიული იდეები?
- წითელი ქუდი: შეხედეთ სიტუაციას ემოციურად — რას გეუბნებათ თქვენი გრძნობები?
- თეთრი ქუდი: შეხედეთ სიტუაციას ობიექტურად — რა ფაქტების წინაშე ხართ?
- ყვითელი ქუდი: გამოიყენეთ პოზიტიური პერსპექტივა — ამ გამოსავლის რომელი ელემენტები მუშაობს?
იპოვეთ ინსპირაცია შემოქმედებითობის გასაძლიერებლად — დაბოლოს, არ გეგონოთ, რომ ეს თავისით მოვა, ინსპირაციები უნდა ეძებოთ. წაიკითხეთ წიგნი, ესტუმრეთ მუზეუმს, მოუსმინეთ მუსიკას… გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაზეც ჩათვლით, რომ თქვენ შემთხვევაში საუკეთესოდ მუშაობს.