in

„პრალინეს” აკადემიაში მასტერკლასს ცნობილი შეფი, ანჯელო მუსა გამართავს

ცოტა ხნის წინ ჩვენ უკვე გაგაცანით მულტიფუნქციური საკონდიტრო „პრალინე“, რომელიც კაფესა და აკადემიას აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაც ერთი თვეა, ფუნქციონირებს, აკადემიაში უკვე ორი მასტერკლასი ჩატარდა და ის ადამიანები გააერთიანა, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ, არ უშინდებიან გამოწვევებს და აინტერესებთ სიახლეები კონდიტერიის სფეროში.

ეკა ნაცვლიშვილი, პრალინეს შეფკონდიტერი და ბიზნესპარტნიორია, რომლისგანაც უფრო დეტალურად შევიტყობთ, რა შეიძლება ვისწავლოთ პრალინეს აკადემიაში და როგორია ბრენდის უახლოესი გეგმები.

M: ეკა, როგორც ვიცით, დიდი ხანია, აქტიურად მოღვაწეობთ ამ სფეროში. ახლა კი ახალი გამოწვევის წინაშე ხართ, როგორც ბიზნესპარტნიორი და შეფკონდიტერი. როგორ შეაფასებდით თქვენს გამოცდილებას ამ ახალ ამპლუაში?

პრალინეს აკადემიის გახსნა იყო შესაძლებლობა, ჩემი დიდი სიყვარული საკონდიტრო ხელოვნებისადმი გამეზიარებინა და ახალი გამოწვევები მიმეღო. ეს ის გუნდია, რომელთან ერთადაც შესაძლებელი ხდება შემოქმედებითი იდეების რეალიზება და მუდმივი განვითარება. პრალინეში არსებული გარემო შთამაგონებს, შევქმნა სიახლეები, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს განსაკუთრებულად მოეწონება.

M: გვესაუბრეთ პრალინეს აკადემიის სასწავლო კურსებზე, რომლებიც იგეგმება. რაზეა ფოკუსირებული ეს კურსები?  

პრალინეს აკადემია მიზნად ისახავს, დაეხმაროს ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს საკონდიტრო ხელოვნების ძირითადი პრინციპების შესწავლასა და დახვეწაში. კურსები მოიცავს როგორც საბაზისო, ისე მოწინავე ტექნიკებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ამ სფეროში. სასწავლო პროცესში ძირითადი აქცენტი გაკეთდება ახალი ტექნოლოგიების, კლასიკური და თანამედროვე რეცეპტების გაერთიანებაზე კონდიტერიაში.

M: რა შინაარსის /ტიპის კურსების ჩატარება იგეგმება პრალინეს აკადემიაში და რა ხანგრძლივობის იქნება კურსები?

პრალინეს საკონდიტრო აკადემიაში დაგეგმილია სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის კურსები. ჩვენმა შეფკონდიტერმა, მიხეილ ფცქიალაძემ 12-13 სექტემბერს უკვე ჩაატარა კრუასანების შემსწავლელი მასტერკლასი, რომელიც მოკლე, ორდღიანი სესიებისგან შედგებოდა და მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებსაც. მიხეილის მასტერკლასმა დიდი ინტერესი გამოიწვია და აბსოლუტურად დაუგეგმავად, მალევე, 19-20 სექტემბერს, დავნიშნეთ მეორე მასტერკლასი, რადგან მივხვდით, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. გარდა ამ ტიპის მოკლე მასტერკლასებისა, ვგეგმავთ ერთთვიან კურსებს, რომლებიც უფრო ფუნდამენტურ და კომპლექსურ თემებს მოიცავს. ეს კურსები საშუალებას მისცემს მონაწილეებს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად დაეუფლონ საკონდიტრო ხელოვნების სხვადასხვა ასპექტს. 

M: ნოემბერში პრალინეში დაგეგმილია ანჯელო მუსას სამდღიანი მასტერკლასი. რას გვეტყვით ამ ღონისძიების შესახებ?

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ანჯელო მუსა მსოფლიო საკონდიტრო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა. პრალინეს სპეციალური მოწვევით, 4, 5 და 6 ნოემბერს ჩვენს სივრცეში იმართება მისი ექსკლუზიური მასტერკლასები.

M: როგორ ხდება მასტერკლასში მონაწილეობა?

მასტერკლასზე დასასწრებად გვაქვს ორი სახის ბილეთი. პირველი ტიპის ბილეთის ყიდვის შემთხვევაში მონაწილეები დაესწრებიან სამდღიან მასტერკლასს, სადაც ისწავლიან რვა უნიკალური დესერტის მომზადებას, რომელთა შორისაც იქნება თავად ანჯელო მუსას რეცეპტები.

VIP ბილეთის შეძენის შემთხვევაში კი, სამდღიანი მასტერკლასის ბოლო ორი დღის განმავლობაში პირისპირ, ერთი ერთზე შეძლებენ მუსასთან მუშაობას. ეს ადგილები შეზღუდულია (მხოლოდ 8 მონაწილე) და საჭიროა გამოცდილება კონდიტერიის სფეროში. ვფიქრობ, ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება თითოეული მონაწილისთვის, ვინც ამ მასტერკლასში მიიღებს მონაწილეობას.

M: 2014 წელს თქვენ თავად მიიღეთ მონაწილეობა პარიზის მსოფლიო საკონდიტრო ჩემპიონატში და ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღეთ. როგორმა გამოცდილებამ გაგზარდათ პროფესიონალურად და რა რჩევას მისცემდით მომავალ კონდიტერებს?  

ჩემპიონატში მონაწილეობა ჩემთვის მართლაც უდიდესი გამოცდილება იყო. ამ დროს გავიარე სირთულეები, რომლებიც დამეხმარა პროფესიული უნარების დახვეწაში და უკეთ გავერკვიე, რა არის საკონდიტრო ხელოვნება. ამავე დროს მივხვდი, რომ წარმატება მუდმივ ექსპერიმენტებსა და სიახლეების ძიებას მოითხოვს. რაც შეეხება მომავალ კონდიტერებს, მათ ვურჩევდი, რომ არასოდეს შეაჩერონ განვითარება და მუდამ ეძიონ ინსპირაცია ყველგან, მცირე დეტალებშიც კი.

M: რა გეგმები გაქვთ პრალინეს აკადემიისთვის მომავალში და როგორ ხედავთ მის განვითარებას?  

ჩვენი მიზანია, პრალინეს აკადემიამ წამყვანი ადგილი დაიკავოს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ვგეგმავთ, მუდმივად განვაახლოთ სასწავლო პროგრამები და შემოვიღოთ ახალი კურსები, რომლებიც ბაზარზე არსებულ ტენდენციებს იქნება მორგებული. ასევე, ვგეგმავთ საერთაშორისო თანამშრომლობას წამყვან კონდიტერებთან და ექსპერტებთან, რაც აკადემიის ხარისხს კიდევ უფრო აამაღლებს.

[R]

 

მიიღე და მართე ონლაინგადახდები მარტივად

Auto Import Georgia-ს რეკომენდაცია ამერიკის პორტებში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე