12
ივლ
2018

განმუხურის სანაპიროზე სასტუმრო Pratap’s Signature გაიხსნა  

12 ივლ 2018

განმუხურის სანაპიროზე, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო Pratap’s Signature (Hotel-Sesort & Spa) გაიხსნა. მისი წარმომადგენლები ამბობენ, კომპლექსი ფესტივალების მოყვარულთათვის, ოჯახური დასვენებისა და სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვის მსურველებისთვის თანაბრად მოსახერხებელია. მათი თქმით, სასტუმროს მთავარი უპირატესობა ადგილმდებარეობაა.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

ნინა ბიტკაში (გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი): ჩვენთვის თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლოკაცია. განმუხურის სანაპირო საუკეთესოა ამ რეგიონში. გარდა ამისა, დღეს, თბილისს გარეთ თუ რაიმე ფესტივალი ტარდება, უმეტესობა ამ ტერიტორიაზე იმართება. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სასტუმროსთვის განმუხურის სანაპირო.

კონკრეტულად რას სთავაზობთ  მომხმარებელს?

სასტუმრო კურორტის ტიპისაა. 7 კოტეჯია, თითო – 2 სართულიანი. ჯამში, 56 ნომერი, დაახლოებით, 150 ადამიანზეა გათვლილი. ნომრები არის „დელუქსი“ და „სუპერიორი“. გვაქვს შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ნომერი. სასტუმროს ტერიტორია მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტულია ეტლით გადაადგილებისთვის. ყველა კოტეჯს  აქვს ტერასა და კარგად მოვლილი, გამწვანებული შიდა ეზო. დამსვენებელს შეუძლია, დაჯავშნოს ნომერი საუზმით ან სამჯერადი კვებით.

ვისთვის არის Pratap’s Signature? რა შეიძლება ითქვას ბრენდის პოზიციონირებაზე?

შევეცადეთ, რომ სასტუმრო მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე. პირველ რიგში, Pratap’s Signature იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. როდესაც ბავშვთან ერთად ჩადიხარ, არსად გასვლა არ გჭირდება. ყველაფერი აქვეა – მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გამწვანება, კეთილმოწყობილი ტერიტორიაა. გარდა ამისა, ჩვენი სასტუმრო ძალიან კარგი არჩევანია ფესტივალებისა და კლუბური ცხოვრების მოყვარულთათვის. სწორედ მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება საზაფხულო ფესტივალების უმეტესობა. ამასთან, Pratap’s Signature-ში შესაძლებელია საქორწილო წვეულების მოწყობა. სასტუმროს გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზოს გარდა, აქვეა ზღვის სანაპირო და ჩვენი რესტორანი, რომლის დარბაზშიც 150 კაცი ეტევა. მოკლედ რომ გითხრათ, სამიზნე აუდიტორია არის ხალხი, ვისაც საკურორტო სასტუმროებში სურს დასვენება. მათ ვთავაზობთ სრულ სერვისს, რომ აღარ დასჭირდეთ სხვაგან გასართობად, კონფერენციის, ქორწილის ან უბრალოდ წვეულების მოსაწყობად წასვლა. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ღამითაც დარჩნენ და სხვა აქტივობებიც აქვე დაგეგმონ.

რაც შეეხება ფასებს . . .

საკმაოდ ლოიალური საფასო პოლიტიკა გვაქვს. ნომრის ფასი, შესაძლოა, სეზონების მიხედვით, განსხვავებული იყოს, თუმცა, ვთქვათ, ფესტივალის წინ, ერთი კვირით ადრე, ნამდვილად არ ვზრდით.

როგორც აღნიშნეთ, Pratap’s Signature-ში შესაძლებელია ღონისძიებების მოწყობა.თქვენ უზრუნველყოფთ ორგანიზებას, თუ კომპლექსი სხვა კომპანიებთანაც თანამშრომლობს?

ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად ვართ. მაგალითად, ფესტივალის დროს, სპეციალური შეთავაზება გვაქვს როგორც კერძო პირების, ისე ტურისტული სააგენტოებისთვის. ასეთივე მიდგომა გაქვს ქორწილებისა და სხვა „ივენთების“ ორგანიზატორ კომპანიებთან. თუ კერძო პირი გეგმავს ღონისძიებას, ცხადია, მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ. თუმცა, განსაკუთრებული პირობები გვაქვს კომპანიებისთვის.

ამ ბიზნესში დღეს საკმაოდ დიდი კონკურენციაა. რითია გამორჩეული Pratap’s signature ? 

ერთ-ერთი უპირატესობა სასტუმროს ლოკაციაა – ძალიან ახლოს არის Aqua Park-თან, დაახლოებით, ორი წუთია საჭირო იქამდე მისასვლელად. როცა ოჯახთან ერთად მოდიხარ დასასვენებლად, ბავშვების გართობა პრობლემა აღარ არის. გარდა ამისა,  სასტუმრო გადაჰყურებს მდინარე ენგურის სანაპიროს. ამ ტერიტორიაზე გავაკეთეთ „ენგური ტრატორია“ – რესტორანი ღია ცის ქვეშ, სადაც არის გრილი, ბარბექიუ, კოქტეილები. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ სასტუმროს გვერდით არის რეკრეაციული ზონა ჰამაკებით, ქვიშის ფრენბურთის მოედანი, პინგ-პონგი, გასართობი ტერიტორია ბავშვებისათვის. ზღვის სანაპირო, დაახლოებით, 200 მეტრშია. და თუ კი რაიმე ფესტივალი ტარდება, ყველაფერი ძალიან ახლოსაა. ლოკაციის გარდა, ჩვენი უპირატესობაა ახალი შენობა, ახალი ნომრები, ახალი ინფრასტრუქტურა. გვაქვს ძალიან დიდი სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურად ჩამოვიყვანეთ ცნობილი შეფ მზარეული. შესაბამისად, სტუმრებს მაღალი დონის სამზარეულო და კერძები ელოდება. რაც შეეხება მმართველ გუნდს,მენეჯმენტის წევრებს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, სასტუმროების ბიზნესში საქმიანობის 10-20 წლიანი გამოცდილება აქვთ. ამიტომ, ჩვენთან ძალიან მაღალი დონის მომსახურებაა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .

ახლა საკონფერენციო დარბაზს ვაშენებთ. რეგიონში ხშირად იმართება კონფერენციები, შეხვედრები. ამიტომ, გვინდა მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ და ეს მოთხოვნაც დავაკმაყოფილოთ. გარდა ამისა, ვაპირებთ, გავხსნათ უნიკალური სპა ცენტრი. ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი ინდოელია. მისი სამშობლოდან ჩამოგვყავს აიუვერდას სპეციალისტები. ეს იქნება პირველი ცენტრი საქართველოში, სადაც აიუვერდას მასაჟს ინდური წესების სრული დაცვით გააკეთებენ. ასევე, მალე გვექნება შიდა აუზი. როდესაც ზღვის სეზონი არ იქნება და კონფერენცია ჩატარდება, ან უბრალოდ ჩვენთან დაისვენებს ადამიანი, საშუალება ექნება, დახურული აუზით ისარგებლოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე არის მეორე რესტორანი „საფრონი“, რომელიც გვინდა, ღია იყოს ნებისმიერი მსურველისთვის. გვსურს, ცალკე ბრენდად ვაქციოთ, რომ რეგიონის სტუმრებს თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლოთ მოსვლა, დასვენება, გემრიელი კერძების დაგემოვნება, თუნდაც ჭიქა ღვინის დალევა.

[R]

განხილვა