ზოგჯერ სტატისტიკური მონაცემები და თქვენ მიერ აღქმული/დაცდილი „ზებუნებრივი შესაძლებლობებიც“ არ კმარა იმისათვის, რომ ზუსტი წინასწარმეტყველებების ავტორები გახდეთ. მომავლის განჭვრეტა თითოეული ადამიანის სურვილია, მით უფრო აქტუალურია პროგნოზების როლი, როდესაც ბიზნესს იწყებთ, ან კომპანიის ზრდის რელსებზე შეყენება გინდათ. იმის განსასაზღვრად, თუ რას გინდათ კომპანიამ მიაღწიოს, საკმაოდ გავრცელებული კითხვა არსებობს – როგორი წარმოგიდგენიათ ის 3, 5 ან სულაც, 10 წელიწადში. მომავლის განჭვრეტა, სხვა ენაზე კი, სწორი პროგნოზების გაკეთების უნარი მნიშვნელოვანია თითოეული ლიდერისთვის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, რაში დახელოვნებაც უნდა შეძლოთ (თუ წარმატების მიღწევა გინდათ).
ინვესტორები ასე ცხოვრობენ – აფასებენ სტარტაპის პოტენციალს. ეს ერთგვარი თამაშია, რისკი. თუმცა, წარმატებული ინვესტორი ისაა, ვისაც მომავლის სავარაუდო სცენარის მიახლოებული ვერსიის განჭვრეტა შეუძლია. ამისათვის, ისინი ზებუნებრივ ძალებს არ იყენებენ. იყენებენ ზღვა ინფორმაციას, გამოცდილებას, ტენდენციებზე დაკვირვებას, პოტენციალის შეფასებას და ა.შ. ინვესტორები ყველაზე მოტივირებული წინასწარმეტყველები არიან… მათი მიდგომა კი, ხშირად, მონაცემებისთვის ფსიქოლოგიის დამატებაა. ფსიქოლოგიის, როგორც საკუთარი წინასწარმეტყველებების კრიტიკის ინსტრუმენტის.
ჩვენ გვჯერა იმის, რისი დაჯერებაც გვინდა
სიზუსტე მიუკერძოებლობას არ ნიშნავს… როცა ჩვენ ვცდილობთ, განვჭვრიტოთ მომავალი, გვირჩევნია ვიფიქროთ ისე, როგორც უფრო სასარგებლო იქნება ჩვენთვის.
„თუ თქვენ მეტყვით, რომ დააბანდეთ ფული ისეთ საქმეში, საიდანაც, ერთ კვირაში, ინვესტიცია გაორმაგებულად დაგიბრუნდებათ, მე არ დაგიჯერებთ. თუმცა, თუ ჩემი ოჯახი იტანჯება, მე მმართებს ვინმეს ფული და უნდა დავუბრუნო ის თვის ბოლომდე, აუცილებლად მოგისმენთ. როგორი არარეალური პროგნოზიც არ უნდა გქონდეთ, მე მაინც მოგისმენთ, რადგან ძალიან მჭირდება, რომ ეს სიმართლე იყოს“, – მსგავსი, ჩვენს კულტურაშიც ძალიან აქტუალური მაგალითი მოჰყავს ჰასელს. და ეს ადამიანის ბუნებაა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ღარიბი ხალხი უფრო მეტ ლატარიის ბილეთს ყიდულობს, ვიდრე მდიდარი. თქვენ არ შეგიძლიათ ამოძირკვოთ ეს ტენდენცია თქვენი ფსიქიკიდან, თუმცა, შეგიძლიათ გააცნობიეროთ ის და იცოდეთ, რასთან გაქვთ საქმე. შესაბამისად კი, სასურველი წინასწარმეტყველებების არ ახდენის შემდეგ, მოსალოდნელი იმედგაცრუება აირიდოთ.
როცა საქმე ეხება ცვლილებას
რა ხდის პატერნს (ნიმუშს) ადვილადშესამჩნევს? ხშირად, ფაქტი, რომ ის გამუდმებით მეორდება. რა უწყობს ტრენდს ხელს იმაში, რომ აქტუალურობა დაკარგოს? იგივე – გამეორებადობა. ორივე შემთხვევა გვეხმარება ფაქტები უფრო მარტივად დავინახოთ, რის შედეგადაც, მალე, რაღაც შეიცვლება.
ამ პარადოქსს ჰასელი ასე ხსნის: „მოსაზრებები, როგორიცაა „ეს ტრენდი აქტუალურია უკვე 20 წელია“ პროგნოზების ავტორებს მშვიდად ამყოფებს, რადგან ეს არის დაცულობის განცდის ექვივალენტი მონაცემებში. თუმცა, უნდა გჯეროდეთ, რომ „ყველაფერი წარმავალია“ (და მერწმუნეთ, პროგნოზიორებს ამის ყველაზე მეტად სჯერათ). სოციალური ტრენდები მოსაბეზრებელი ხდება, როდესაც ის ყოვლისმომცველია და თან, ძალიან ძველია. ეს ორივე ფაქტორი იწვევს ტრენდის დასუსტებას“.
და აქაც, ეს ადამიანის ბუნებაა. როცა გარშემო ვხედავთ მოვლენებსა და ნივთებს, რომლებიც დიდი ხანია ადგილიდან არ იძვრიან, იმდენად დიდი ხნის განმავლობაში, რომ ისინი უკვე ჭეშმარიტებად მიგვაჩნია, ისინი გვბეზრდება. რაღაცის შეცვლა გვინდა. როცა რაღაცის შეცვლა გვინდა, უფრო ცხადად იჩენს თავს პროგნოზების მიკერძოებულობა, რადგან არავის უნდა საკუთარი მარცხი იწინასწარმეტყველოს.
არავის მოსწონს საკუთარი განწირულობის წინასწარმეტყველება
იდეალურ შემთხვევაში, წინასწარმეტყველება ობიექტურ რეალობასა და მიუკერძოებელ დაკვირვებას ეყრდნობა. თუმცა, რეალურ სამყაროში პროგნოზები ხშირად პროგნოზის ავტორების პირად ინტერესებს გამოხატავს. იმ შემთხვევაშიც, თუ გრძნობთ, თქვენ და თქვენი კომპანია „სადღაც მიექანებით“, უარყოფთ ამ აზრს, რადგან ნებისმიერ ადამიანში არის ოპტიმიზმი და ესეც რომ არა, რაც არ უნდა მკაცრი იყოთ საკუთარი თავის, ან კომპანიის მიმართ, ობიექტურად, განწირულობის წინასწარმეტყველებას მაინც ვერ შეძლებთ.
„ნებისმიერ CEO-ს უნდა ეშინოდეს საკუთარი აზროვნების მიკერძოებულობის. თუმცა, ნებისმიერი მათგანი ინარჩუნებს ოპტიმიზმს და ეს ნორმალურიცაა. თუ განაცხადებთ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა და მალე კომპანია დაიხურება, თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილი მაშინვე დაგტოვებთ. თუმცა, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ პროგნოზებს, თუ ისინი ჩვენ გვეხება, ჩვენი მიკერძოებული დამოკიდებულებისგან ვერ გავათავისუფლებთ“.
ნამდვილად, არ არის სიახლე, რომ ადამიანები ხშირად საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ, თუმცა, ხშირად, ვმარცხდებით, რადგან ჩვენი ხედვები და პროგნოზები მიკერძოებულია, რადგან არ ვიცოდით, რომ საკუთარ თავთან დაკავშირებულ საკითხებში არაობიექტურობა თითოეული ადამიანის მახასიათებელია. ისევ და ისევ, თქვენ არ შეგიძლიათ ამ თვისების დათრგუნვა, უბრალოდ, შეგიძლიათ იცოდეთ მის შესახებ და თუ როდესმე, რაციონალური მსჯელობისას „ობიექტური წინასწარმეტყველება“ დაგცდებათ, გახსოვდეთ, ის ობიექტური არ არის.
წყარო: Inc