in

როგორი იყო პრეისტორიული გარემო და რა ცვლილებები განიცადა მან

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ბუნებრივი გარემოც ისევე იცვლებოდა, როგორც ადამიანები, როგორც მეცნიერებები, როგორც ტექნოლოგიური განვითარებები, როგორც ჩაცმულობა, ისტორია და სხვა. ამაში, რა თქმა უნდა, თავისებური როლი ბუნებრივმა მოვლენებმაც ითამაშა, თუმცა ადამიანის გარემოზე ზემოქმედებაც საკმაოდ მაღალია და ჩვენ ეს ვიცით. ცვლილება განიცადა კლიმატმა, ცხოველთა სამყარომ, ლანდშაფტმა და სხვა. 

მაგალითად, ცნობილია, რომ დინოზავრების ეპოქაში კლიმატი გაცილებით თბილი იყო და ატმოსფეროში უხვად იყო ნახშირორჟანგი. თუმცა, მთელი კაინოზოური ეპოქის განმავლობაში კლიმატი თანდათან გაცივდა.  რაც შეეხება ცოცხალ ორგანიზმებს, ზოგიერთი სახეობა ახლა გადაშენებულია, ზოგიც თანმიმდევრულად იქნა შემოტანილი. აზიაში ბუნებრივი ჭაობები გადაკეთდა ბრინჯის მინდვრებად, ხოლო დედამიწის ყველა ტერიტორიაზე გაიჩეხა ტყის ფართობი.

თუმცა გარემოს ზოგიერთი ძირითადი ელემენტი, სავარაუდოდ, პრეისტორიული ხანის მსგავსია. სველ და მშრალ სეზონებს შორის მკვეთრი განსხვავება, რომელიც მოქმედებს მცენარეებისა და ცხოველების ამჟამინდელ ადაპტაციურ ქცევაზე, მიღებულია პრეისტორიულ პერიოდში.

პრეისტორიული ცხოველები 

როდესაც პრეისტორიულ და გადაშენებულ ცხოველებზე ვსაუბრობთ, ყველას ერთხმად გვახსენდება დინოზავრები და ეს მართალიცაა. დინოზავრები ცხოვრობდნენ დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ. დინოზავრები ხმელეთის ბინადრები იყვნენ. მათი არსებობის პერიოდში ზღვებში ბინადრობდნენ პლეზიოზავრებიც, რომლებიც რაღაცით თითქოს ჰგვანან დინოზავრებს, თუმცა მეცნიერებს არ გაჰყავთ ისინი ერთ კატეგორიაში. მეცნიერებმა დინოზავრების 700-ზე მეტი სახეობა გამოავლინეს. ზოგიერთი დინოზავრი გიგანტური იყო, ხოლო სხვები შედარებით პატარა. მაგალითად, კომპსოგნათუსი ქათმის ზომა იყო. დინოზავრების კლასიფიკაცია იმის მიხედვით ხდება, თუ რით იკვებებოდნენ ისინი, რადგან არსებობდა როგორც ბალახის მჭამელი, ისე ხორცის მჭამელი და ყველაფრის მჭამელი დინოზავრი.

დინოზავრები არ არიან ერთადერთი ცხოველები, რომლებიც ძველ დროში დადიოდნენ დედამიწაზე. გადაშენებული ცხოველების რამდენიმე საინტერესო მაგალითია: მამონტი, სამილოდონი, მიწის გიგანტური ზარმაცა, გლიპტოდონტი და მეგალოდონი.

არავინ იცის, ზუსტად რა დაემართათ ამ ცხოველებს. არსებობს მხოლოდ ვერსიები და ვარაუდები. ერთ-ერთი ასეთი ვერსიაა მეტეორის დაჯახება დედამიწაზე, რამაც კლიმატის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია და ამ ჯიშებმა ვეღარ შეძლეს ადაპტირება. ისეთი ცხოველების შემთხვევაში, როგორიცაა მამონტი, მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ადამიანი მასზე ნადირობდა და ამით გადაშენდნენ. 

კლიმატის ცვლილება დროსთან ერთად

დედამიწის ისტორიის განმავლობაში მინიმუმ ხუთი ძირითადი გამყინვარება მოხდა. გამყინვარების პერიოდის დაწყების მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია დედამიწის მუდმივად მოძრავი კონტინენტების პოზიციების შეცვლა, რაც გავლენას ახდენს ოკეანისა და ატმოსფერული ცირკულაციის მოდელებზე. ამჟამად, ჩვენ ვიმყოფებით თბილ ინტერგაციალურში (თბილი პერიოდი გამყინვარების პერიოდებს შორის), რომელიც დაიწყო დაახლოებით 11000 წლის წინ. გამყინვარების ბოლო პერიოდმა, რომელსაც არაფორმალურად „ყინულის ხანას” უწოდებენ, პიკს მიაღწია დაახლოებით 20 000 წლის წინ. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ინდუსტრიულ რევოლუციამდე და შემდგომ კლიმატის მონაცემებს შორის. 1950-იანი წლებიდან დედამიწაზე დათბობა შეინიშნება. ადამიანური და ბუნებრივი ფაქტორები, ორივე გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატზე, მაგრამ გასული საუკუნის განმავლობაში დაფიქსირებული გრძელვადიანი ტენდენცია მხოლოდ კლიმატზე ადამიანის საქმიანობის გავლენით აიხსნება. 

ინდუსტრიული რევოლუცია

ტერმინის პოპულარიზაცია პირველად მოახდინა ინგლისელმა ეკონომიკურმა ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბისმა. თავად პროცესი მე-18 საუკუნის ბრიტანეთში დაიწყო და იქიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ის აგრარული და ხელოსნური ეკონომიკიდან ისეთ საქმიანობებზე გადასვლას გულისხმობს, სადაც დომინირებს მრეწველობა და მანქანათმშენებლობა. ინდუსტრიული რევოლუციის ძირითადი მახასიათებლები იყო ტექნოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცვლილება იყო. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა ბუნებრივი რესურსების ფართოდ გამოყენება და საქონლის მასობრივი წარმოება.

ადამიანის ზემოქმედება გარემოზე

ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის საქმიანობას შეიძლება ჰქონდეს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შედეგი გარემოზე. ის, თუ როგორია ჩვენი ცხოვრების წესი, წარმოება, საქმიანობა, გადაადგილება, გავლენას ახდენს ყველაფერზე. ირღვევა ბიომრავალფეროვნება, ხდება ნიადაგის დეგრადაცია, ტყეების განადგურება, დაბინძურება და სხვა. ადამიანი ყოველთვის ახდენდა გავლენას ბუნებაზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ინდუსტრიული სამყაროს ჩამოყალიბებამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაცილებით გაზარდა ამ გავლენების რიცხვი და არეალი გააფართოვა. ეს ზემოქმედება ეხება ყველაფერს, ცხოველებით დაწყებული მცენარეებით დამთავრებული. ჩვენი პლანეტის გადასარჩენად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ზემოქმედების შესახებ და ვიმუშაოთ მათ მაქსიმალურად შესამცირებლად. ეს ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჯანსაღი პლანეტა. დღესაც გვყავს გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და თუ მათ არ მოვუფრთხილდებით, ისინიც დინოზავრებისა და მისთანების გზას გაუყვებიან, ამისთვის საჭირო არ იქნება მეტეორის ვარდნა.

რუბრიკას გარემოს დაცვის შესახებ წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

სტრატეგიული გეგმა სტრატეგიულ სავარჯიშოდ უნდა აქციოთ

YouTube, ახალი ფუნქციით, @username ფორმატს უჭერს მხარს