in

პრეისტორიული სამკაულებით 9 ევროპული კულტურა აღმოაჩინეს

საუკუნეების წინ ადამიანები სამკაულებსა და ორნამენტებს ატარებდნენ, რაც მათ თავიანთ ხალხს მიაკუთვნებდა. შესაბამისად, ძვირფასი ნივთები მათი კლანის იდენტობას ასახავდა როგორც სიცოცხლის მანძილზე, ისე გარდაცვალების შემდგომაც, რადგან საფლავში ატანდნენ. მიუხედავად ამისა, ეს კულტურული ასოციაციები ყოველთვის არ მისდევდა ოჯახურ ხაზებს…

ახალი კვლევა, რომელშიც ევროპის გამყინვარების ეპოქიდან ათასობით სამკაული შეადარეს ერთმანეთს, გვთავაზობს, რომ მონადირე-შემგროვებელთა სულ მცირე 9 განსხვავებული კულტურული ჯგუფი არსებობდა პოპულაციაში, რომლებსაც Gravettians-ის სახელით ვიცნობთ. თითოეულ ორნამენტს კი უნიკალური სტილი ჰქონდა. სამარხებიდან მიღებული გენეტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთი ეს კატეგორია მსგავს კულტურულ მახასიათებლებს იზიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასხვა წინაპარი ჰყავდათ.

ყველაზე ადრეული მაგალითი, როცა ადამიანები თავს სამკაულებით იმკობდნენ, 140 000 წლით თარიღდება. ეს ნიჟარის სამკაული იყო, რომელიც დღევანდელ მაროკოში აღმოაჩინეს. თუმცა მძივების ტარების პრაქტიკა დაახლოებით 45 000 წლის წინ ჩამოყალიბდა, როცა მთელ ევროპაში ორნამენტული ტრადიციები გავრცელდა.

ეს ის მომენტია, როცა პერსონალურმა ორნამენტებმა მრავალფეროვნების ხარისხი შეიძინა. საშუალება მოგვცა, უფრო ზუსტად გამოგვეკვლია მათი, როგორც კულტურული ნიშნების როლი, — განმარტავს ჯეკ ბეიკერი, კვლევის წამყვანი ავტორი.

ამ მიზნით კი, ბეიკერმა მსგავსი სამკაულების შესახებ ევროპის 112 ადგილიდან ათასობით ჩანაწერი შეაგროვა… მათი ასაკისა თუ მათთან დაკავშირებული არტეფაქტების გამო, ეს ორნამენტები ერთი კულტურის ნაწილად მიიჩნეოდა და Gravettians-ის ხალხს მიაკუთვნებდნენ: განსაკუთრებით ცნობილნი იყვნენ Venus of Willendorf-ით, ფართოდ გავრცელებული პოპულაცია იყო, რომელიც ევროპაში 10 ათასი წლის მანძილზე ვითარდებოდა მანამ, სანამ გამყინვარების ეპოქამ პიკს არ მიაღწია…

მკვლევრები გაოცებულნი დარჩნენ ორნამენტების მრავალფეროვნებით — 134 სხვადასხვა სტილის მძივი აღმოაჩინეს, რომლებიც Gravettian-ებს ცხოველის ძვლებისგან, კბილებისგან, ნიჟარებისგან, ქვებისა და ქარვისგან ჰქონდათ დამზადებული, ზოგიერთი თევზის კუდს წააგავდა, ზოგიერთი კი ბუს. მათი უმეტესობა გამოქვაბულებში იპოვეს, ნაწილი კი სამარხებიდან ამოიღეს, საიდანაც დნმ-ის ნიმუშებიც აიღეს. როგორც ბეიკერი ამბობს, საფლავებში აღმოჩენილი არტეფაქტები, შესაძლოა, ადამიანებს ერთმანეთის სწრაფად ამოსაცნობად ჰქონოდათ…

მიუხედავად ამისა, ანალიზითვე დადგინდა, რომ იმ დროს კულტურული საზღვრები არც ისე მყარად იყო ჩამოყალიბებული და მეზობელი ჯგუფებიც ხშირად შემთხვევითაც ცვლიდნენ სტილს. თუმცა გენეტიკური ნიმუშების შესწავლამ კიდევ უფრო კომპლექსური ამბავი გაამჟღავნა — მკვლევრებმა ორი განსხვავებული კულტურული ჯგუფი დაადგინეს დღევანდელ იტალიაში, სადაც დნმ-ის ნიმუში გვეუბნება, რომ მათგან მხოლოდ ერთი არსებობდა… სხვა რეგიონში კი, დღევანდელ საფრანგეთსა და ბელგიაში, სხვადასხვა გენეტიკური წარმოშობის მქონე ინდივიდები ერთი და იმავე კულტურის მახასიათებლებით იმკობდნენ თავს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ დარგის ექსპერტები ბეიკერის გუნდის ნაშრომს უმნიშვნელოვანეს ეტაპად მოიხსენიებენ, რადგან იგი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება არტეფაქტებისა და დნმ-ის ერთდროულად შესწავლით კულტურული ქცევისა და ჯგუფური ურთიერთობების მახასიათებლების გამოვლენა. ამას კი ცალკე ვერც დნმ-ის და ვერც არტეფაქტების შესწავლით მოახერხებდნენ… 

კუთვნილების გრძნობა, რომელსაც ადამიანები დღეს განიცდიან, ღრმად ფესვგადგმულია ჩვენს საერთო ისტორიაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმის განსაზღვრაში, თუ როგორ იმკობდნენ თავს Gravettian-ის წევრები, — აცხადებენ მკვლევრები.

დარეგისტრირდი – 500 Georgia-ს მეექვსე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

წიგნები, რომლებიც „ამბის მთხრობელებს“ გამოადგებათ