ნატო ვაჩნაძე ქართული კინოინდუსტრიის ვარსკვლავად არის მიჩნეული. უკვე ორმოც წელზე მეტია, გურჯაანში, მსახიობის სახლ-მუზეუმში მისივე სახელობის დღესასწაული „ნატოობა“ აღინიშნება. წელს, განსაკუთრებული თარიღია – ნატო ვაჩნაძის 120-ე დაბადების დღე. ამ ღირსშესანიშნავ თარიღსა და კინოვარსკვლავის ხსოვნას, მისი ოჯახის წევრებმა გამორჩეული პროექტი მიუძღვნეს. თიბისის მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა კინოინდუსტრიის პრემია „ელისო“, რომელიც 14 ივნისს გაიმართება. ღონისძიება ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მუზეუმი და ადგილობრივი მეწარმეების მცირე გამოფენა. საღამოს კი, მუზეუმის ეზოში გაიმართება პრემია „ელისოს“ დაჯილდოება და პროფესიონალი ჟიურის რჩეულ რეჟისორს, მსახიობსა და ოპერატორს გამოავლენს. ამით დაიწყებს ათვლას კინო-პრემია „ელისოს“ ისტორია, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა. როგორ ჩამოყალიბდა და რატომ არის მნიშვნელოვანი „ელისოს“ პრემიის არსებობა ნატო ვაჩნაძის შვილიშვილი ნატალია ჯუღელი და თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი მარიამ წიქარიძე გვიყვებიან.
M: პირველ რიგში, გთხოვ, მიმოვიხილოთ პრემიის ჩამოყალიბების იდეა, რომელიც ჯერ კიდევ 1981 წლიდან არსებობს. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე და რა სახით გსურდათ ნატო ვაჩნაძის მემკვიდრეობის გაგრძელება?
ნატალია ჯუღელი: სულ ვამბობ, პრემიის იდეა არავის მოსვლია, თვითონ დაიბადა-თქო და მართლაც ასეა. წინა ზაფხულს დავიწყეთ ფიქრი, რომ ნატო ვაჩნაძის 120 წლის დაბადების დღე გვიახლოვდებოდა და ფიქრის პროცესში ბუნებრივად მივედით პრემია „ელისომდე“.
გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაული „ნატოობა“ ორმოც წელზე მეტია აღინიშნება. არქივს თუ გადავხედავთ, წლების განმავლობაში ამ მუზეუმში სულ იკრიბებოდნენ კინემატოგრაფისტები, ბოლო წლებში კი, რაც ნატო ვაჩნაძის თანამედროვეები გამოგვაკლდნენ, თითქოს კინოც გამოაკლდა ამ არაჩვეულებრივ ადგილს. საწყისი იდეა სწორედ ეს იყო – რა უნდა ვქნათ, რომ გურჯაანში კინემატოგრაფისტები დავაბრუნოთ და თანაც, სახალხო დღესასწაულს ხელი არ შევუშალოთ. ვგულისხმობ, რომ „კინო ვოქრშოფი“ მხოლოდ კინემატოგრაფისტებისთვის იქნებოდა. ჩვენ კი ვეძებდით რაღაც ისეთს, რაც მაყურებელს და კინოს პროფესიონალებს აერთიანებს, სწორედ აქ დავინახეთ დაჯილდოების პოტენციალი.
უკვე პრემია „ელისოზე“ ვმუშაობდი, როდესაც მუზეუმის გახსნის არქივს გავეცანი და იქ საუბრობდნენ ჩვენთვის ნაცნობი რეჟისორები, ამ მუზეუმში კინო-პრემია უნდა დაარსდესო. სასიამოვნოა როცა წარსული და აწმყო ასე ერთიანდება, უკეთესი მომავლისთვის.
M: როგორ დაუკავშირდა პრემიის სახელწოდება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმ „ელისოს“?
ნატალია ჯუღელი: სახელობითი პრემიის იდეას კინოსთან დაკავშირებული სახელწოდება ვამჯობინეთ. ნატო ვაჩნაძის გმირები არ გამოვიდოდა, თვითონაც არ უყვარდა და სულ ჩაგრული ქალი სახეა. „ოქროს კამერა“ და მსგავსი სახელებიც თითქოს არ მუშაობდა. უცებ, მთელი სურათით დავინახე ელისო, ეს საოცარი დინამიკა, აქტუალური თემა და მტკიცე ქალის სახე, რომელიც ასე იშვიათია ქართულ მუნჯ კინოში. ელდარიც დამეთანხმა, ეს სახელი ყველაფერს აერთიანებსო. თანაც, ნატო ვაჩნაძის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, სწორედ მისი ხაზი გრძელდება – ნატოს სახელობის ფონდის პირველი პროექტი ერთგვარი სასიყვარულო წერილია მისი მეუღლისა და დის მიმართ. ასევე, წელს გავცემთ ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიას, რომელიც გადაეცემა ქალ პროფესიონალს ნებისმიერ სფეროში – ამ პრემიის მიზანი ქალთა ხმების გაძლიერება და პროფესიონალების სხვადასხვა მნიშვნელოვანი წვლილის აღნიშვნაა.
M: რატომ არის პრემია „ელისოს“ არსებობა აქტუალური სწორედ ახლა?
მარიამ წიქარიძე: პრემიის „ელისოს“ გამოჩენა ქართულ კინოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვფიქრობთ, ეს პრემია შესაფერის მომენტში ჩამოყალიბდა. ქართული კინოში ბევრი ახალი საინტერესო ფილმი შეიქმნა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში იშვიათია მსგავსი პრემიები და ნაკლებად აქვს კინოინდუსტრიას ფინანსური მხარდაჭერა.
პრემია კინოს განვითარებას შეუწყობს ხელს, დაეხმარება კინემატოგრაფისტებს და სტიმულს და მოტივაციას მისცემს მათ. გარდა იმისა, რომ ეს ხელოვანის ერთგვარი დაფასებაა, ჯილდოები და პრემიები მომავალში მნიშვნელოვნად წაადგება ფილმის წარდგენას სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალებზე. ამავე დროს, ეს ფინანსური წახალისებაც გახლავთ.
ნატალია ჯუღელი: ხელოვნების სფეროებს შორის, კინო ალბათ ყველაზე კომპლექსური და მრავალშრიანია. ის ხელოვნების სხვა სფეროებსაც მოიცავს. დღეს, საქართველოში საჭიროა არსებობდეს სხვადასხვანაირი ინსტიტუცია, რომელიც კინოს გააძლიერებს, ფინანსურად, რესურსებით, საგანმანათლებლო პროგრამით თუ სხვა სტიმულით.
ძალიან გვინდოდა, რომ „ელისო“ ხელოვანის დაფასებასთან ერთად ფინანსური ხელშეწყობაც ყოფილიყო და მიხარია რომ ამას მივაღწიეთ.
მოცემულ სიტუაციაში კიდევ უფრო აქტუალური გახდა ეს პრემია, იმაზე მეტი შესაძლებლობა გამოჩნდა, ვიდრე მეგონა. მაგალითად, ჟიურის წევრებს შორის გვყავს უმნიშვნელოვანესი კასტინგის რეჟისორი – დიქსი ჩესი. თითქმის ერთი წელია, კინემატოგრაფისტები დამოუკიდებელი კინოს სადარაჯოზე დგანან და დღეს, როდესაც უიმედობა ყველას მოგვიცავს ხოლმე, ვიმედოვნებთ, ქართული კინოს აღსანიშნავი ღონისძიება ცოტათი მაინც გვანუგეშებს.
ნატო ვაჩნაძის ფონდის გეგმებს შორის კინოჩვენებების და ვორკშოპებიც შედის. ამ გზით შევეცდებით მეტი ძაფი გავაბათ საერთაშორისო პროფესიონალებთან.
მადლობა მინდა გადავუხადო თიბისის, რომელიც „ელისოს“ გენერალური სპონსორია. მადლობა მთავარ პარტნიორებს: თეგეტა, თეგეტა ქარსი, გურჯაანის მუზეუმების გაერთიანება და კოკა-კოლა, ასევე კონსიერჟ თბილისს, რუმსს, ამპელოს, სარაჯიშვილსა და გალფს. მათი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ ღონისძიების ასეთ მოკლე დროში ორგანიზება.
M: რა პრინციპით შეირჩევიან პრემიის ნომინანტები?
ნატალია ჯუღელი: პრემია „ელისოს“ ჟიური წელს განიხილავს 2023 წლის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს. წელს რამდენიმე ნომინაცია გვაქვს: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი.
დიდი სურვილი გვაქვს „ელისომ“ აკადემიური კინოდაჯილდოების სახე მიიღოს და ყველა კატეგორია მოვიცვათ მომდევნო წლიდან. წლევანდელი წელი უფრო მოთელვა და პრეზენტაციაა და მიხარია, რომ პირველ ჯერზევე ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ.
გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც ფონდის საბჭომ შეარჩა. ჟიურის გადაწყვეტილებით ყველა კატეგორიაში გამოვლინდება 4 ნომინანტი და 1 გამარჯვებული.
M: თიბისისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა?
მარიამ წიქარიძე: თიბისისთვის დიდი პასუხისმგებლობაა მსგავსი მასშტაბური კულტურული პროექტების ორგანიზება და მხარდაჭერა. ის წლებია კულტურის დარგის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა”, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ავლენს წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ელისოც სწორედ ასეთი მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული კინოს განვითარებას უწყობს ხელს.
პრემიით მისი შექმნისთანავე დავინტერესდით. ეს არის კომპლექსური პროექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს: მემკვიდრეობის გაცოცხლებასა და შენარჩუნებას, თანამედროვე ხელოვანების ხელშეწყობას, კინოს სფეროს განვითარებას და თანამედროვე ფორმებით ამ ისტორიების გაზიარებას. პროექტს სასიკეთო გავლენა ექნება რეგიონის განვითარებაზე. თიბისისთვის პრიორიტეტია რეგიონული კულტურული პროექტების განხორციელება. 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის 120 წლის იუბილეა. დიდი ხანია, ამ დღეს ნატოობა აღინიშნება, წელს კი იქაურ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება „ელისოს“ კინოდაჯილდოებას დაესწროს და თანამედროვე ქართულ კინოს დაუახლოვდეს. მუდმივად ვცდილობთ თიბისის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს რეგიონული დატვირთვაც ჰქონდეთ. რეგიონებს ძალიან სჭირდებათ ძლიერი იმპულსები, რაც აცოცხლებს სოციალურ ცხოვრებას და აჩენს მოტივაციას.
[R]