23
Apr
2019

ფრენის თავისუფლება – ჰერბ კელეჰერის ისტორია

23 Apr 2019

რა ხდის წარმატებულს ბიზნეს პროექტს და რას მოაქვს კომპანიისათვის ყველაზე დიდი მოგება? ამ კითხვაზე ბევრი სხვადასხვა პასუხი არსებობს. ზოგის აზრით, ეს შეიძლება იყოს კარგი იდეა, სხვების აზრით, კარგი ბიზნეს გეგმა, ან პროდუქტის სწორი პოზიციონირება ბაზარზე. ჰერბ კელეჰერისთვის კი წარმატების მთავარი საზომი არის კომპანიის თანამშრომლები და დამოკიდებულება მათ მიმართ.

„თანამშრომელი ყველაზე მნიშნელოვანია, თუ შენ კარგად ექცევი შენს თანამშრომელს, მომხმარებელები ყოველთვის შენთან იქნებიან, რაც გააბედნიერებს შენს აქციონერებს” – ჰერბ კელეჰერის ეს მიდგომა გახდა საფუძველი ლეგენდარული კომპანიის Southwest Airlines შექმნისა.  ერთი მარტივი ფაქტი მეტყველებს ამ კომპანიის საოცარ წარმატებაზე – კომპანიაში 50 წლის მუშაობის განმავლობაში არასდროს შეუმცირებიათ კადრები.

„ადამიანი, რომელმაც შეცვალა მოგზაურობა“, „საუკეთესო CEO ამერიკის ისტორიაში“–  კარიერის განმავლობაში ჰერბ კელეჰერმა უამრავი ეპითეტი დაიმსახურა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო :

ცის დემოკრატიზაცია (Democratizing the skies)

70-იან წლებში სრულწოვანი ამერიკელების მხოლოდ 20%-მდე სარგებლობდა კომერციული ავია რეისებით, რადგანაც ფასი საკმაოდ მაღალი იყო და მხოლოდ შეძლებულ ფენას მიუწვდებოდა ხელი თვითფრინავის ბილეთზე. ყოფილმა იურისტმა, ჰერბ კელეჰერმა მისი კლიენტისა და შემდგომში უკვე პარტნიორის, როლინ კინგის, რჩევით გადაწყვიტა, შეექმნა შედარებით ხელმისაწვდომი ფასის მქონე ავიახაზი – მიზანი იყო ადამიანებისათვის მიეცა ფრენის თავისუფლება. ასე დაიბადა 1967 წელს Southwest Airlines – მისი იდეა სან ანტონიოს ბარში ჯდომისას კოქტეილის ხელსახოცზე ჩამოყალიბდა : კომპანიას ტეხასის 3 დიდი ქალაქი უნდა დაეკავშირებინა მეორადი აეროპორტების გამოყენებით.

კომპანიას დაფუძნებისთანავე შეექმნა ძალიან დიდი პრობლემები, რადგანაც ავიაციის ინდუსტრიის 3 არსებული გიგანტის მიერ შეტანილი სარჩელის შედეგად მარეგულირებელმა კომისისამ არ გასცა ლიცენზია Southwest Airlines-ის ოპერირებისთვის. სასამართლო 4 წელიწადს გაგრძელდა და 1971 წელს ჰერბ კელეჰერმა დიდი შეუპოვრობის გამოჩენის შედეგად განახორციელა მისი ოცნება – Southwest Airlines-ის პირველი თვითმფრინავი ცაში აფრინდა.

შემდგომში კელეჰერმა ამ პროცესს „ცის დემოკრატიზაცია“ უწოდა, რადგან ბევრი ამერიკელისათვის ფრენა ხელმისაწვდომი გახდა და კომპანიამაც ზრდა დაიწყო. კელეჰერის მიზანი იყო ფიზიკურად შესაძლო ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება მომხმარებლისათვის, რაც მან მოახერხა და ერთ-ერთ რეისზე 19 დოლარინი ფასიც კი დააფიქსირა. ასევე, შესთავაზა მომხმარებელს ბარგის უფასოდ გადატანა. რა მოხდა ამის შედეგად? 1973 წელს კომპანიამ თავისი მემილიონე მგზავრი მიიღო, ხოლო 1989 წელს მილიარდიან შემოსავალს გადაჭარბა.

როგორ მოახერხა Southwest-მა დაბალი ფასის უზრუნველყოფა, როცა ავიარესი ამდენ ხარჯთან იყო დაკავშირებული? კელეჰერს ამაზე მარტივი პასუხი ჰქონდა – მისი თანამშრომლების მეშვეობით.

მოექეცი თანამშრომლებს, როგორც მომხმარებელს

“ბიზნესის ბიზნესი – არის ხალხი” – ამბობდა კელეჰერი. იგი კადრებს არჩევდა არა მათი გამოცდილების და ცოდნის, არამედ მათი პიროვნების და საქმის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით. მისი ცნობილი სიტყვებია : „ჩვენ გვირჩევნია ავიყვანოთ გამოუცდელი, ნაკლები ცოდნის მქონე თანამშრომელი, ვიდრე ჭკვიანი მაგრამ ცუდი დამოკიდებულების მქონე პიროვნება. რადგანაც ჩვენ მას ვასწავლით მუშაობას, ლიდერობასა და მომხმარებლის მომსახურებას. მაგრამ ჩვენ ვერ შევცლით მის დეენემს.“

ამაში კელეჰერი, პირველ რიგში, გულისხმობდა კოლეგების მიმართ ემპათიურ, მეგობრულ დამოკიდებულებას, გუნდურობას, სხვისი დახმარებით ბედნიერების განცდას, სამსახურში ხალისიანი გარემოს შექმნას და, რაც მთავარია, – ადამიანურობის, როგორც პრიორიტეტის აღიარებას. ამ დამოკიდებულებას ასევე გამოხატავდა კომპანიის მთავარი ლოგო – გული.

ცნობილი ფაქტია, როცა კელეჰერთან მისი ერთ-ერთი მენეჯერი დამწუხრებული შევიდა და უთხრა, რომ ბარგის გადამზიდის პოზიციაზე 34 ადამიანს გაესაუბრა და ვერავინ შეარჩია, კელეჰერმა უპასუხა, რომ თუ საჭირო იყო, 134 კანდიდატს გასაუბრებოდა, მაგრამ უნდა ეპოვა ისეთი პიროვნება, რომლისთვისაც ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები იყო მნიშვნელოვანი.

„მე მირჩევნია ვმუშაობდე კომპანიაში, რომელიც დამყარებულია სიყვარულზე, ვიდრე შიშზე“ – ამბობდა ჰერბი და მიაჩნდა, რომ პოზიცია და სტატუსი არის მხოლოდ პიროვნების დროებითი მორთულობა და არ სძენს მას განსაკუთრებულობას. კელეჰერი ყოველთვის მოუწოდებდა თანამშრომლებს, არ ყოფილიყვნენ სტანდარტულები, გამოეხატათ თავიანთი აზრი, ყოფილიყვნენ ზუსტად ისეთები, როგორებიც არიან ცხოვრებაში და დარწმუნებული იყო, რომ ინიციატივის არგამოხატვის შიში იყო კომპანიის მთავარი მტერი. როგორც ჰერბი ხუმრობით აღნიშნავდა, მან თანამშრომლებზე გასცა “თვითმყოფადობის ლიცენზია” და შესაბამისად, ყველას შეეძლო საკუთარი აზრის დაფიქსირება.

მისი დამოკიდებულება მისი კოლეგების მიმართ ყველზე კარგად ჩანს მის ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა მას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა იყო კომპანიის გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ჰერბმა უპასუხა :

– „არავინ არ უნდა გავუშვათ სამსახურიდან“.

არ არის ალბათ გასაკვირი, რომ როცა ნავთობის ფასები გაიზარდა, თანამშრომლები ნებაყოფლობით დათანხმდენენ ხელაფასის დაკლებას, კომპანიის გადასარჩენად.

ლიდერობა მაგალითის საფუძველზე

კელეჰერი იყო ყველაგან: პილოტის კაიუტაში, საბარგო განყოფილებაში, სალონში მგზავრის ადგილას. კომპანიის წვეულებებზე მას უფრო ხშირად შეხვდებოთით ვიდრე მის სამუშაო ოთახში. ერთხელ მას მისმა აღმასრულებელმა მენეჯერმა უთხრა:

– ჰერბ, ჩემთვის უფრი რთულია თქვენი ნახვა, ვიდრე თვითმფრინავის პილოტისთვის ან მექანიკოსისათვის.

– იმიტომ, რომ ისინი არანაკლებ მნიშნელოვანია კომანიისათვის – უპასუხა კელეჰერმა.

კელეჰერი იყო ქარიზმატული, ფერადი, სიცოცხლით სავსე ლიდერი, რომელსაც უყვარდა სიგარები და ვისკი – განსაკუთებით Wild Turkey. მისი აზრით Southwest-ის ყველა თანამშრომელს უნდა შეძლებოდა კოლეგების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა და მათი წარმატების გაზიარება – ჰერბი კი ამის საუკეთესო მაგალითს აძლევდა ყველას. ერთხელ მისმა მეგობარმა, სხვა კომპანიის დირექტორმა ჰკითხა კელეჰერს, თუ როგორ შეექმნა ისეთივე სამუშაო კულტურა, როგორიც ეს Southwest-ს ჰქონდა. ჰერბმა უპასუხა: “დაიწყე იმით, რომ მიესალმე ყველა შენს თანამშრომელს”.

ძირითადად, დიდ კომპანიებში საუკეთესო ხედის მქონე ოთახი დირექტორსა და კომპანიის მენეჯმენტს უკავია ხოლმე. Southwest-ში კი კელეჰერის გადაყვეტილებით, ასეთ ადგილას განთავსდა კაფეტერია, სადაც თანამშრომლებს შეეძლოთ მიერთვათ საკვები, გასაუბრებოდნენ ერთმანეთს და ესიამოვნათ ლამაზი ხედით.

ავიარეისის დროს ჰერბი ხშირად თვითონ ემსახურებოდა მგზავრებს და დააფუძნა სპეციალური პროგრამა Walk-A-Mile, რომლითაც კომპანიის მენეჯმეტი ირგებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის – ბარგის გადამზიდისას.

კელეჰერმა მოახერხა, რომ კოლექტივი გააერთიანა ერთი იდეის ირგვლივ – მიეცათ ადამიანებზე ფრენის თავისუფლება. მან დაარწმუნა თითოეული თანამშრომელი მის მნიშნელობაში და დანერგა სამუშაო კულტურა, რომლითაც კოლექტივის ყველა წევრი გრძნობდა, რომ აკეთებდა საქმეს – რომელიც სხვა დიდი საქმის ნაწილი იყო.

“ფრენის თავისუფლება – აი რა არის Southwest Airlines-ის მთავარი მიზანი. ისევე, როგორც მშენებელი უბრალოდ არ დებს აგურს, არამედ აშენებს სახლს, ასევე, თქვენ უბრალოდ კი არ პასუხობთ მომხმარებლის ზარს, ან უბრალოდ კი არ ალაგებთ ბარგს, ან ანაღდებთ ბილეთებს – თქვენ თქვენი ქმედებით უზრუნველყოფთ ადამიანის ფრენის თავისუფლებას. სწორედ რომ თქვენი დამსახურებით დღეს ვიღაცას აქვს ფრენის თავისუფლება, სწორედ რომ თქვენი დამსახურებით Southwest Airlines არის თავისუფლების სიმბოლო და მე მადლობას გიხდით ამისათვის.”– ასე მიმართა კელეჰერმა მის კოლექტივს ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში.

მას მიაჩნდა, რომ იგი ოპერირებდა არა ავია ინდუსტრიაში, არამედ მომხმარებლის სერვისის ინდუსტრიაში, რომელიც ასევე აღმოჩნდა ავიაკომპანია. „ჩვენი დროის ტრაგედია არის ცხოვრების არასწორ აღქმაში: ჩვენ გვიყვარს ტექნოლოგია და ვიყენებთ ადამიანებს, როცა ეს პირიქით უნდა იყოს“ – მისი ეს სიტყვები ნათლად გამოხატავს მის შეხედულებებს. დაბალი ხარჯები და მაღალი სულისკვეთება – აი ის ფორმულა, რომლითაც ჰერბი წარმატებულად მართავდა კომპანიას.

კელეჰერი პირადად მონაწილეობდა კომპანიის სარეკლამო კამპანიაში. იყო შემთხვევა, როცა კონკურეტმა კომპანიამ Southwest Airlines დაადანაშაულა, რომ მის მგზავრებს რცხვენოდათ კომპანიის სერვისით სარგებლობა და იმალებოდნენ. პასუხად ჰერბმა ჩაწერა ახალი რეკლამა :

“თუ თქვენ გრცხვენიათ ისარგებლოთ Southwest Airlines-ის მომსახურებით, რომელსაც ყველაზე მოქნილი გრაფიკი აქვს – ჩვენ თქვენ გაჩუქებთ ამ მუყაოს პარკს. თუ თქვენ გრცხვენიათ ისარგებლოთ ავიაკომპანიის მომსახურებით, რომელსაც აქვს ყველაზე ნაკლები მომხმარებლის შენიშვნა – ჩვენ თქვენ გაჩუქებთ ამ მუყაოს პარკს. ხოლო თუ, მეორეს მხრივ, მიგაჩნიათ, რომ Southwest ნამდვილად თქვენი ავიარესია – მაშინ ჩვენ მაინც გაჩუქებთ ამ მუყაოს პარკს – ოღონდ ფულით სავსეს, რადგან ჩვენთან ფრენით თქვენ ზოგავთ თანხებს.

ჰერბი მებრძოლი პიროვნება იყო და ეს საბრძოლო სულისკვეთება სამსახურშიც დანერგა. ცხოვრების დიდი ნაწილი მან ამ ბრძოლებში გაატარა თავის კონკურენთებთან, მარეგულირებელ კომისიებთან სასამართლოებში და ბოლოს უკვე ავადმყოფობასთან. თუმცა ყველა ბრძოლაში იგი ღირსეული იყო, რის გამოც მას პატივს სცემდნენ არა მხოლოდ მისი კოლეგები, არამედ ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი. პროსტატის დიაგნოზის დასმის მერე, ჰერბს ექიმებმა აუკრძალეს მოწევა, რაზეც მან ასე უპასუხა “ნუ ნერვიულობთ, კარგად ვარ, მე სიგარეტს ჩემი პროსტატით არ ვეწევი.”

გართობა და ექსცენტრიულობა

კელეჰერი გამორჩეული იყო არა მხოლოდ მისი თანაგრძნობით ადამიანების მიმართ, არამედ მისი სიგიჟის ზღვარზე მყოფი ხასიათით და გართობის სიყვარულით. “მე ვცდილობ ვიყო ბედნიერი არა ზოგადად, არამედ ყოველ წამს და ყოველ დღე” – ამბობდა ჰერბი და სხვებსაც მოუწოდებდა, გამოეხატათ ბედნიერება.

მისი აზრით Southwest-ის მგზავრებს უბრალოდ კი არ უნდა ეფრინათ, არამედ დრო გაეტარებინათ ჰაერში. მისი ინიციატივით, ბორტ გამცილებლებს ნაცვლად საფრენი წესების მონოტონური ახსნისა, ეს რაიმე კრეატიული ფორმით უნდა გაეკეთებინათ. აი ერთ ერთი მაგალითი :

ასევე იყო შემთხვევა, როცა Southwest Airlines-ის მთელი პერსონალი ფილმის პერსონაჟების კოსტუმებში გამოეწყო. ოღონდ ეს არა Holiday Party, არამედ სამუშაო დღე იყო – ძალიან მხიარული სამუშაო დღე.

მას მიაჩნდა, რომ საქმეს ყოველთვის სერიოზულად უნდა მოეკიდო, მაგრამ საკუთარ თავს – არც ისე. თავისი მიდგომით მან სამსახურში ცოტ-ცოტა ყველა “გააგიჟა” და შედეგად Chief DJ Herb-ისგან მივიღეთ ეს საოცარი ვიდეო:

თუმცა, ყველაზე ცნობილი სიგიჟე ჰერბ კელეჰერის შესახებ სხვა შემთხვევა იყო : 1990 წელს Southwest Airlines-მა წარადგინა ახალი სლოგანი “Just Plane Smart”, რომელიც დაემთხვა სხვა კომპანიის Stevens Aviation-ის სლოგანს “Plane Smart”. არც ერთი მხარე არ აპირებდა სლოგანის დათმობას და ყველა ელოდა გრძელვადიან სასამართლო პროცესს. თუმცა, შემდეგ Stevens Aviation-ის ხემლღვანელი კურტ ჰერვალდი და ჰერბ კელეჰერი შეთანხმდნენ მკლავჭიდის მატჩზე, გამარჯვებულს კი დარჩებოდა სასურველი სლოგანი.

მსგავსი მოვლენა იმდენად იშვიათი და უცნაური იყო, რომ პრესის დიდი დაინტერსება გამოიწვია. მატჩის დაწყებამდე მიდიოდა ტელევიზიაში გაშუქებული მზადება – ვარჯიშის კადრები, ხოლო მომხმარებელი ორივე მონაწილეს რჩევევს აძლევდა, თუ როგორ დაემარცხებინათ მეტოქე. საინტერესოა, რომ კელეჰერი მატჩისთვის სიმძიმეების ნაცვლად ვისკის აწევით ემზადებოდა და სიგარეტს ეწეოდა.

თვითონ მატჩი კლასიკური ამერიკული შოუს ელემენტებით ჩატარდა დალასის გადაჭედილ სპორტის სასახლეში. ჰერბი დარბაზში Cheerleader გოგონების თანხლებით Rocky-ის მუსიკის ფონზე გამოცხდადა. 2 რაუნდიან ბრძოლაში ჰერბი დამარცხდა და მზად იყო, დაეთმო სლოგანი, თუმცა Stevens Aviation-მა კეთილგანწობის ნიშნად მაინც მისცა კელეჰერს სლოგანის გამოყენების უფლება.

შოუს ბოლოს მონაწლეებმა ქველმოქმედებისთვის თანხები გაიღეს და კორპორატიული დავის გადაწყვეტის საუკეთესო მაგალითი დანერგეს. ამ ღონისძიებამ ნათლად დაანახა ბიზნეს სამყაროს რომ სლოგანებზე, დავებსა და ფინანსებზე უფრო მნიშნელოვანი ბიზნესში ადამიანური ურთიერთობები და ცოტა გართობა შეიძლება, იყოს.

ერთხელ კელეჰერს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი მთავარი თვისება. პასუხი ნამდვილად არ გაგაოცებთ :

“ჩემი მთავარი თვისება არის ჩემზე ჭკვიანი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, რომ ჩემი არაადეკვატურობა არ გამოჩდეს.”

2011 წელს დალასში ჰერბ კელეჰერის სახელობის გზა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას ჰერბმა თავის ჩვეულ სტილში ისაუბრა :

“მსგავს მოვლენას ვერადროს წარმოვიდგენდი ჩემს ყველაზე ველურ სიზმრებშიც კი, არადა ველური სიზმრები საკმაოდ ბევრი მქონია. როცა გავიგე, რომ ჩემი სახელობის გზას ხსნიდნენ, პულსი შევიმოწმე, რომ დავრწმუნებულიყავი, ცოცხალი ვარ, რადგანაც მეგონა, რომ გზას ადამიანის სახელს მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში არქმევდნენ. როცა მომავალი თაობა ნახავს ამ გზას, ალბათ, იკითხავს,  “ვინ ჯანდაბა იყო ეს ჰერბ კელეჰერი” – თუმცა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დალასის მერიას, რომ თუნდაც ეს შეკითხვა გაუჩნდება ვინმეს.”

კელეჰერის მემკვიდრეობა

კელეჰერი 87 წლის ასაკში, 2019 წელს გარდაიცვალა. მის გამოსამშვიდობებელ საღამოზე დამწუხრებულ სახეებთან ერთად დაინახავდით ბევრ მხიარულ ადამიანს, რომელებიც საინტერესო ისტორიებს ჰყვებოდნენ ჰერბის შესახებ.  ერთ-ერთ სტუმარს ჰერბის საყვარელი მიწის თხილის კოსტუმიც კი ეცვა მის საპატიცემულოდ. მისი ოჯახის წევრებმა და Southwest Airlines-ის სტაფმა კი მისი Wild Turkey ვისკიც კი მიირთვეს.

“როდესაც ჰერბს ესაუბრებოდი, იგი გაგრძნობინებდა, რომ შენ იყავი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მთელ მსოფლიოში. რაც მთავარია, იგი თავს არ გაჩვენებდა, მართლა ეგრე ფიქრობდა. ამბობენ რომ ნამდვილი მემკვიდრეობა არის არა როცა ადამიანებისთვის რაღაცას ტოვებ, არამედ რაიმეს ტოვებ თვით ადამიანებში – ჰერბმა სწორედ ეს მოახერხა” – კომპანიის დირექტორი გარი კელი

“მან გვასწავლა, რომ ფრენისათვის იმდენად მნიშნელოვანი არ არის ფრთები, რამდენადაც გული” – სააგენტო GSD&M

“ჰერბმა მოახდინა ავიაციის დემოკრატიზაცია. მან მისცა საშუალება ბებიებს და ბაბუებს, სტუმრად წასულიყვნენ თავის შვილიშვილებთან, ახალგაზრდა ოჯახებს შესაძლებლობა, რომ აეღოთ შვებულება, ბიზნესის წარმომადგენლებს კი – შეხვედროდნენ თავიანთ კლიენტებს. მან შეცვალა ამერიკა” – ტეხასის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ბილ კანინგჰემი

მისმა ცხოვრების მთავარმა კონკურეტმა American Airlines-მაც კი განათავსა პოსტი ტვიტერზე : “მოგვენატრები ჰერბ. ლიდერი, ლეგანდა და ნამდვილი პიონერი”

“ძვირფასო ჰერბ,

მადლობა იმისათვის რომ ყოველთვის გახსოვდა ჩვენი სახელები. იმისათვის რომ უზუნველყოფდი ჩვენი ავიარესების ყოფნას მაღლა ცაში, ხოლო ჩვენს განწყობას კიდევ უფრო მაღლა. იმისათვის, რომ იყავი ყველაზე მშრომელი კოლეგა და ამავე დროს ყველაზე მხიარული ღონისძიებების დროს და იმისათვის რომ გადააქციე კომპანია ოჯახად.” – Southwest Airlines-ის თანამშრომლები

ავიახაზი რომელსაც შენ მოსწოხარ”– ასეთი წარწერა აქვს Southwest Airlines-ის ერთ-ერთ ბილბორდს. დიახ, ჰერბ კელეჰერს ნამდვილად მოსწონდა მისი მომხმარებლები, მეტიც – მას უყვარდა ადამიანები, უყვარდა ცხოვრება და ყველას მისცა მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი. მან შეცვალა ბიზნესი.

ავტორი: გ.მ

განხილვა