24
Jan
2019

როგორ მოვამზადოთ კომპანიის რესურსი დისტანციურად მუშაობისთვის

24 Jan 2019

მთელს მსოფლიოში, კომპანიები, ცდილობენ, ოფისში კადრების რაოდენობა შეამცირონ. უკვე საქართველოშიც ბევრი ორგანიზაციაა, დისტანციური თანამშრომლები რომ ჰყავს. თუმცა, ეს სისტემა განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთში. საკონსულტაციო კომპანია Gallup-ის კვლევით, გამოკითხული ამერიკელების 43% სახლიდან მუშაობს და კიდევ უფრო მეტს ამის სურვილი აქვს. დისტანციურად საქმის კეთებას ბევრი ბენეფიტი ახლავს: თავად გეგმავთ დღის განრიგს, არ ნერვულობთ სამსახურში დაგვიანებაზე და არ ფიქრობთ: „რა ჩავიცვა?“.

statiebi-bog
statiebi-bog

დღეს, ტექნოლოგია იმდენად განვითარებულია, დისტანციურად მუშაობა პრობლემას არ წარმოადგენს – თანამშრომელი სახლიდანაც ისეთივე პროდუქტიულია და ზუსტად ისეა ყველა პროცესში ჩართული, როგორც ოფისში ყოფნისას. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ვისაც ცოტა ხნით მაინც უმუშავია ამ სისტემით, უმეტესობა, მთელი ცხოვრება ასე გაგრძელებას აპირებს. პრინციპში, ეს კომპანიებისთვისაც სასარგებლოა – ყოველწლიურად, სერიოზულ თანხას დაზოგავენ, თუ თანამშრომლების უმეტესობა ოფისში არ ივლის. ასე რომ, როგორც ექსპერტები თვლიან, დისტანციურად მუშაობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა.

დისტანციურად მუშაობის იდეა კიდევ უფრო პრაქტიკულია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც ოფისები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აქვს და დეცენტრალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს სისტემა ერთ დღეში არ ყალიბდება. საამისოდ, ორგანიზაციაცა და თანამშრომლებიც, კარგად უნდა მოემზადონ.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ თანამშრომლებმა გუნდურობის შეგრძნება არ დაკარგონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მათგანს სრული ინფორმაცია ჰქონდეს კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე. მხოლოდ ის კი არ უნდა იცოდნენ, რასაც თავად აკეთებენ, არამედ, კონკრეტული პროექტის გარშემო ყველანაირი დეტალის საქმის კურსში იყვნენ. დღეს ეს პრობლემა ნამდილად არ არის, რადგან არსებობს: საერთო ციფრული პლატფორმა, ვიდეოზარი, შიდა პროგრამები, საერთო „ჩათი“ და ა.შ.

გარდა ამისა, დისტანციური თანამშრომლებისთვის სპეციფიკური პოლიტიკაა საჭირო. პირველ რიგში, მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა გრაფიკით იმუშაონ სახლიდან, როდის მოვიდნენ ოფისში და რა დრო ექნებათ კონკრეტული დავალების შესასრულებლად. დანარჩენი, შეუძლიათ, თავად გაანაწილონ. თუმცა, სისტემა არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს კადრების სრულ თავისუფლებას. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აქვთ, როგორც ოფისში მუშაობისას.

თანამშრომლების დისტანციურად მუშაობა რთულია ხელმძღვანელი რგოლისთვის. მენეჯერს ყოველთვის სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მიმდინარე პროექტებზე, ცალ-ცალკე, სახლიდან მომუშავე კადრების საქმიანობაზე, უნდა იცოდეს ყველა შეკითხვის პასუხი და მზად იყოს ნებისმიერი კრიტიკის ან პრობლემური სიტუაციაში, დისტანიცურად გადაწყვეტილების მიღებისთვის.

მთელს ამ პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პროდუქტიულობა და აზროვნების აბსოლუტურად განსხვავებული სტილის შექმნაა. როგორც ბიზნესის განვითარების კონსულტანტი დევიდ ჰატერი ამბობს, ასეთ დროს, კომპანიის ხელმძღვანელობა საერთო სურათზე, ერთიან, გლობალურ მიზნებზე უნდა კონცენტრირდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ დისტანციურად მომუშავე რესურსი, კომპანიის მასშტაბური მიზნებისკენ მიმართოთ. დიდ დროს ნუ დახარჯავთ იმაზე, რაც კეთდება. კონცენტრაცია მოახდინეთ იმ საერთო, გლობალურ მიზანზე, რის მიღწევაც ამ შესრულებული დავალებებით შეიძლება“.

წყარო: Inc.



განხილვა