in

Presence – ქართველი წყვილის სტარტაპი, რომელიც მომხმარებელთა იდეებს ეფუძნება

Startauperi
Startauperi

2016 წლის 28 დეკემბერს, ქართულ სტარტაპ სივრცეში, ახალი, ინდივიდუალური კონცეფციის კომპანია Presence გამოჩნდა. კომპანია არტისტმა წყვილმა – ანა მახათაძემ და ნიკიტა მჭედლიშვილმა შექმნეს და ამით საკუთარი ნაშრომების წარმოჩენა და გამოყენებადობა უზრუნველყვეს. Presence-ის მიერ შექმნილი დიზაინი ექსკლუზიურია, სურვილის შემთხვევაში, იქმნება მომხმარებელთან კონსულტაციით და წარმოადგენს მომხმარებელთა იდეებზე დაფუძნებულ პროდუქტს – მაისურებს, ჩანთებს, ჭიქებს და ა.შ. გარდა ამისა, წყვილი მზა დიზაინებსაც სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. Presence-ს მუშაობის სპეციფიკასა და დიზაინერულ დეტალებზე, მარკეტერი მის ერთ-ერთ შემქმნელს – ანა მახათაძეს ესაუბრა: 

M: როგორ გაგიჩნდათ Presence შექმნის იდეა?
მე და ჩემმა შეყვარებულმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა სტარტაპი, რომელიც ჩვენი ნაშრომების წარმოჩენისა და მცირე შემოსავლის წყარო იქნებოდა. პრინტების დიზაინის დამუშავება დავიწყეთ, შემდეგ მაისურებზე, ჩანთებსა და სხვადასხვა ნივთებზე გადავიტანეთ. ვიცოდით, რომ ეს საკმაოდ ნაცადი მეთოდია, თუმცა, ჩვენ განსხვავებულად მივუდექით ამ საქმეს და გადავწყვიტეთ  დაგვემზადებინა ესა თუ ის დიზაინი მომხმარებელთან ერთად.

M: რა პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?
წარმოდგენილი გვაქვს მაისურები, ჩანთები, ჭიქები. მომხმარებელს ვთავაზობთ თავად მოგვცენ კონცეფცია და ის, რაზეც დავაფუძნებთ დიზაინს. ვეუბნებით: თუ გინდა ჩანთა, გვითხარი, რა თემაზე გინდა. ინდივიდუალური კონსულტაციის შედეგად, იქმნება ჩვენი პროდუქტის ძირითადი ნაწილი და არ მეორდება.

M: როგორია პოსტერების შექმნის და ქსოვილებზე გადატანის პროცესი?
ხელითაც ვმუშაობთ და გრაფიკულადაც. ვქმნით დიზაინს, მათ შორის, სხვადასხვა არტისტების ნახატებსა თუ ნამუშევრებს, ჩვენებურად ვაკეთებთ და დიზაინად ვაქცევთ. ასევე, ფოტოგრაფიულ ნამუშევრებსაც ვიყენებთ. ძირითადად ინტერნეტით მიდის კონსულტაციები. ინტერნეტის მეშვეობით ვაჩვენებთ აწყობილ პროდუქტს, რის შემდეგაც ვპრინტავთ და მიგვაქვს მომხმარებელთან.

M: რა არის თქვენი უპირატესობა სხვა, მსგავს სტარტაპებთან მიმართებაში?
არც ვიცი, რატომ ვართ განსაკუთრებულები. ალბათ იმიტომ, რომ იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა და ვცდილობთ ოდნავ ძალადობრივი გზით ავამაღლოთ მომხმარებლის გემოვნება და ამავე დროს, ექსპერიმენტები ჩავატაროთ. ჩვენ გვაქვს ასეთი ლოზუნგი – იყავი ერთადერთი და ჩვენი უპირატესობაც სწორედ ეს არის – ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი იქნება ერთადერთი, მისთვის ვინც იყიდის.  

M: რა პლატფორმებს იყენებთ მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის და რა ღირს თქვენი პროდუქტი?
ჯერჯერობით, Instagram და facebook გვერდი გვაქვს. ჩანთები, რომლებიც  ყველაზე ხშირად გვეყიდება, ღირს 25 ლარი.  გააჩნია შეკვეთას, ძირითადად, ფასები 25 ლარიდან იწყება.

M: რამდენად დიდია ინდივიდუალური დიზაინის შექმნის მოთხოვნა?
ძირითადად,  არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ მიერ უკვე შექმნილ ნამუშევრებს ითხოვენ. ძალიან იშვიათად მოდიან საკუთარი
იდეის და კონცეფციის მქონე მომხმარებლები, რომლებიც კონკრეტული დიზაინის შექმნას გვთხოვენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოდელებს არ ვიმეორებთ, შეთავაზებული დიზაინის მქონე მხოლოდ ერთ ეგზემპლარს ვყიდით.

M: რა მიმართულებით გეგმავთ Presence-ს განვითარებას?
გვინდა, სამომავლოდ, თვითონ შევკეროთ ჩანთები და მაისურები, ლოგოც დავურთოთ და ახალ ეტაპზე გადავიდეთ ამით. 
გვინდა ფართე ასპარეზზე გავიდეთ, ხალხმა გაგვიცნოს, როგორც არტისტები და ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ახალი და საინტერესო რამეების შეთავაზება.

გემრიელი ბურგერი, მხედველობის შემოწმების სანაცვლოდ – Nikon-ის სასარგებლო კამპანია

Daraia – მინიმალისტური სამოსის ახალი ქართული ბრენდი