“პრეზენტატორიუმი” პროფესიონალი პრეზენტატორების გამაერთიანებელი კლუბია. მისი შექმნის იდეა ორ მეგობარს ეკუთვნის:გიორგი ლიპარიშვილსა და კოტე იანტბელიძეს. იმის შესახებ, თუ რა მიზანი აქვს პროექტს და რას სთავაზობს მომხმარებელს, გიორგი ლიპარიშვილმა “მარკეტერთან” ისაუბრა.
M: რას გულისხმობს პროექტი “პრეზენტატორიუმი” ?
პრეზენტატორიუმი (Presentatorium) პრეზენტაციების სახით მომსახურების გაუმჯობესებას, საქმისა და ადამიანის უკეთესობისაკენ შეცვლას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, ჩვენ მომსახურებას ვუწევთ პრეზენტაციის უნარების, ბიზნეს კრეატივის, პიარ კამპანიების, სარეკლამო ტექსტის, სლოგანის შექმნისა და სხვა ინტერესების მქონე ორგანიზაციებს, კომპანიებსა და სასწავლო დაწესებულებებს.
M: როგორ გაჩნდა “პრეზენტატორიუმის” შექმნის იდეა ?
ვიფიქრეთ, რომ ჩვენი რამოდენიმეწლიანი გამოცდილება, პრეზენტაციებისა და კრეატივის სიყვარული გაგვეერთიანებინა და შეგვექმნა ისეთი სივრცე, რაც ჩვენში და ჩვენს გარშემო რაღაცებს კარგისკენ შეცვლიდა.
M: რა არის პროექტის მიზანი ?
ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ მომსახურება და შევცვალოთ ადამიანები უკეთესობისკენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან, რომელთან ერთადაც შევძლებთ პრეზენტაციების უნარების, კრეატიული საქმიანობის, პიარ კამპანიისა და სხვა სფეროების გაუმჯობესებას.
M: რა სერვისს სთავაზობს პრეზენტატორთა კლუბი მომხმარებელს?
რაიმე იდეისა თუ გეგმის საქმედ ქცევისა და განვითარებისთვის, პრეზენტაციის უნარი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი მომსახურება სწორედ ამ უნარების განვითარებისკენაა მიმართული და ეს გამოცდილება ჩვენთვისაც ფასეულია. მომხმარებელი გრძნობს ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას მათდამი და ისინიც ასევე არიან განწყობილნი ჩვენს მიმართ.
M: რა პროექტები განახორციელეთ ამ ეტაპისთვის?
“პრეზენტატორიუმმა” უკვე რამდენიმე პროექტი განახორციელა. მათ შორისაა, – “რა არის პრეზენტაცია”, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საუბრობდნენ პრეზენტაციების არსსა და მის საჭიროებაზე. შემდეგი პროექტი იყო “ბიბლუსოთეკა,” სადაც, ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, პრეზენტაციების სახით, ერთ სივრცეში შეკრებილ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. ასევე, პროექტი “წარმოგიდგენთ”, სადაც სხვადასხვა კომპანიები, ადამიანები და წიგნები წარვადგინეთ. პარალელურად, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვმართავდით ტრეინინგებს “პრეზენტაციის ხელოვნებაში”. ტრეინინგებს ახლაც ვატარებთ უნივერსიტეტების, ორგანიზაციებისა და კომპანიებისთვის. მხარდაჭერას ვუწევთ სხვადასხვა კომპანიებს ბიზნეს კრეატივსა და პიარ კამპანიის დაგეგმვა – განხორციელებაში.
M: რას გვეტყვით თქვენი გუნდის შესახებ ?
ჯერჯერობით გუნდი სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა სხვადასხვა პროექტის დროს ბევრ ადამიანთან ვთანამშრომლობთ. კლუბის თანადამფუძნებელი კოტე იანტბელიძეა, რომელმაც სანდრო მათიაშვილთან ერთად კლუბის ლოგოს შექმნაზე იმუშავა.
M: რაც შეეხება სახელს..
ბიზნესისთვის სახელის შერჩევა, შვილისთვის სახელის შერჩევას ჰგავს. მერეც შვილივით გაფრთხილება, დიდი მოთმინება და ბევრი დრო სჭირდება ბიზნესის წარმართვას. ბევრი ფიქრის შემდეგ, პრეზენტატორიუმი შევარჩიეთ.
M: რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სერვისით სარგებლობა ?
ჩვენი საფასო პოლიტიკა საკმაოდ ხელმისაწვდომია . “პრეზენტატორიუმმა” საქმიანობა გამოცდილების უფასოდ გაზიარებით დაიწყო და მსგავს მომსახურებას რამდენიმე მეგობარ ორგანიზაციასთან ახლაც აგრძელებს.
M: რა სირთულესთან იყო დაკავშირებული ამ საქმის წამოწყება?
საქმის დაწყება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. რამდენიმე თვის განმავლობაში ვმსჯელობდით ძალიან ბევრს, ვხვდებოდით სხვა ორგანიზაციებს და ვთავაზობდით ჩვენს გამოცდილებას. ბოლოს მივხვდით, რომ ჯობდა, ჩვენი საქმე ჩვენვე დაგვეწყო და განგვევითარებინა. მიუხედავად დიდი სამზადისისა, მაინც მოულოდნელად გადავდგით პირველი ნაბიჯები და მივყევით სტრატეგიას – “დაიწყე და განავითარე”.
M: როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იდეის განსახორციელებლად და მიზნის მისაღწევად?
ყველაზე მთავარი რისკი და სიჯიუტეა. რისკი პირველი ნაბიჯის გადადგმა და საქმის დასაწყისია, სიჯიუტე კი, მოთმინებას უკავშირდება. ორივე ერთად კი, განხორციელებულ იდეას ქმნის.