
„სტანდარტ დაზღვევა საქართველომ“ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელითა და ხედვით წარსდგა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი ბრენდი „პრაიმი“ ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე და მომხმარებელს ახალ სერვისებს შესთავაზებს. კომპანია ბაზარზე სადაზღვევო პროდუქტების პაკეტებითა და პირობებით 2007 წლიდან ოპერირებს, წელს კი, მის ვიზუალურ იდენტობასთან ერთად, კომპანიის ხედვები და სერვისები შეიცვალა, მისი ღირებულებების წარმოსაჩენას კი სპეციალური ვიდეორგოლიც მიეძღვნა. როგორი იყო რებრენდინგის საჭიროება და რა განასხვავებს ძველ და ახალ ბრენდს – ამ საკითხებზე „პრაიმის“ მარკეტინგისა და პიარის კონსულტანტი – დიანა ველენგურსკაია გვესაუბრა:
M: რა ფაქტორებზე დაყრდნობით მიიღეთ რებრენდინგის გადაწყვეტილება და რა არის ძირითადი განსხვავებები ახალი და ძველი ბრენდის იდენტობებს შორის?
ამ კომპანიას ძალიან ბევრი კლიენტი ყავდა, თუმცა, ბრენდი არ იყო მოქნილი. თან, „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“ კორპორაციულ დაზღვევაზე იყო ორიენტირებული და არა იმდენად, საცალო მომხმარებელზე. თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, კონკურენტუნარიანი ბრენდისთვის აუცილებელია ტექნოლოგიების გამოყენება, გამართული საიტისა და აპლიკაციის ქონა და ა.შ. რებრენდინგის მიმართულებით მე ვიმუშავე, იმ ტექნიკურ გუნდთან ერთად, რომლის წევრებიც თვითონ შევარჩიე, ლოგოზე კი ზუკა ჩიკვაიძემ იმუშავა. ძველ და ახალ ბრენდს შორის განსხვავება არის თანაბარი ორიენტირი როგორც კორპორატიულ, ასევე, საცალო მომხმარეველზე, ელექტრონულად გამართული და ინოვაციური სერვისები.
M: რას ღირებულებებს აერთიანებს „პრაიმი“?
ახალმა ბრენდმა თავის თავში გააერთიანა ინდივიდუალიზმი, არსებული საზღვრების რღვევა, ახალი სივრცეების დაპყრობის ამბიცია, ინოვაციურობა, სიახლე, მოქნილობა, პოზიტიურობა და თანამედროვეობა. თუმცა, ამვდროულად, ბრენდი ნდობას და დაცულობას, სიძლიერეს, ზრდასა და პროგრესს გამოხატავს. ბრენდის პოზიციონირება მის უშიშარ და გაბედულ სტრატეგიაშია, რაც გულისხმობს, რომ კომპანია რისკს არ უშინდება და მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს ყველა მომხმარებლის ინტერესებს.
M: როგორც ვიცით, რებრენდინგთან ერთად, კომპანიამ ონლაინ სერვისები დანერგა. კონკრეტულად, რას მოიცავს ეს მომსახურებები?
ახალი ვებ-გვერდი www.primeinsurance.ge გავუშვით და მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენის შესაძლებლობა მივეცით. ვებგვერდი სრულად მორგებულია ნებისმიერ მოწყობილობაზე. მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად სწრაფად შეიძინოს სამოგზაურო თუ საავტომობილო სადაზღვევო პროდუქტი. საიტის ონლაინ სერვისებს უახლოეს მომავალში ექიმთან ვიზიტის ონლაინ ჯავშანი და პერსონალური გვერდის მართვის პანელი დაემატება.
M: რა იქნება კომპანიის კონკურენტული უპირატესობები ქართულ სადაზღვევო ბაზარზე?
პრაიმის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეში იქნება. ბაზარზე არსებული თანამედროვე ტენდენციების გაზიარება, ახალი მიდგომა და ანაზღაურების მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურები, შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, მიიღოს მომსახურების გარანტირებულად მაღალი ხარისხი.
M: რაც შეეხება ვიდეორგოლს.. ვინ იყო მის შექმნის პროცესში ჩართული და რა მესიჯებს აერთიანებს იგი?
იყავი ისტორიის ნაწილის – ამ მესიჯის ქვეშ, სადაზღვევო კომპანია „პრაიმის“ სარეკლამო რგოლის იდეაზე მე ვიმუშავე, კადრები კი გივი მაღრაძემ გადაიღო. აქ ასახულია სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებისეული ისტორია და ემოციური მომენტები. კლიპის მეშვეობით, ვცდილობთ, დავაფიქროთ მომხმარებელი იმ კავშირზე, რაც არსებობს ადამიანებს შორის. სამყარო მხოლოდ ჩვენს გარეშემო არ ტრიალებს და არასოდეს ვიცით, როგორ დაუკავშირდება ჩვენი ისტორიები ერთმანეთს. სადაზღვეო კომპანია სწორედ ამ კავშირის ნაწილია.