Pringles-მა ჰელოუინისთვის უჩვეულო გათამაშება მოამზადა: ბრენდის საკულტო ცილინდრული შეფუთვის ფორმის კრემაციის ურნა შექმნა, რომელიც ჩიპსების ერთგულ მოყვარულს გადაეცემა. ამასთან, გამარჯვებული მიიღებს თანხასაც, რომელიც, ბრენდის ჩანაფიქრით, ჩიპსების მომდევნო 200 წლის მარაგის ღირებულებას შეესაბამება.
კამპანიას “Once You Drop” ჰქვია და Pringles-ის ცნობილ სლოგანს: „Once You Pop, the Pop Don’t Stop“ უჩვეულო, სიკვდილთან დაკავშირებულ კონტექსტში აცოცხლებს. გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ, ციფრულად შეავსონ იუმორისტული დოკუმენტი სახელწოდებით “Last Will and Taste-Ament” და ამით გამოხატონ სურვილი, რომ მათი ფერფლი Pringles-ის ქილის შთაგონებით შექმნილ ურნაში მოთავსდეს. ცხადია, დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ სარეკლამო კამპანიის ნაწილია.
სპეციალურად შექმნილი ურნა გამძლე ლითონის შენადნობისგან არის დამზადებული, აქვს მოსახსნელი თავსახური და გრავირებით მისი პერსონალიზებაც შესაძლებელია. უნიკალური ნივთის სავარაუდო ღირებულება 500 დოლარია.
იდეა მხოლოდ ჰელოუინთან დაკავშირებულ შავ იუმორს არ ეფუძნება, მას რეალური ისტორია უდევს საფუძვლად: ფრედერიკ ჯ. ბაუერმა, კვების პროდუქტების მეცნიერმა, რომელმაც 1960-იან წლებში Pringles-ის საკულტო ცილინდრული შეფუთვა შექმნა, თავისი გამოგონება იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ 2008 წელს, 89 წლის ასაკში გარდაცვალებამდე, ოჯახს სთხოვა, მისი კრემაციის შემდეგ ფერფლის ნაწილი Pringles-ის ქილაში მოეთავსებინათ.
ოჯახმა სურვილი შეასრულა. გავრცელებული ცნობით, დაკრძალვის სახლამდე მისასვლელ გზაზე მათ Original Pringles-ის ქილაც შეიძინეს. ბაუერის ფერფლის ნაწილი სწორედ მასში მოათავსეს, დანარჩენი კი ტრადიციულ ურნებში შეინახეს. ასე იქცა შეფუთვის დიზაინის ისტორიაში ერთ-ერთი უჩვეულო ეპიზოდი თავად ბრენდის ისტორიის ნაწილად.
ახლა Pringles ამ ამბავს ჰელოუინის კამპანიის საფუძვლად იყენებს.
კამპანიის სარეკლამო ვიდეოში მონაწილეობს დენ ფიუნერალ მენი – დაკრძალვის სფეროს წარმომადგენელი და სოციალური მედიის პერსონა, რომელიც სიკვდილსა და დაკრძალვის ტრადიციებზე ქმნის კონტენტს. ვიდეოში ის ბაუერის უჩვეულო სურვილის ისტორიას იხსენებს და ჩიპსების სხვა მოყვარულებსაც სთავაზობს, საკუთარი სახელი ამ უცნაურ ისტორიას დაუკავშირონ.
Pringles ამ კამპანიით კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ შეიძლება ბრენდის ცნობილ პროდუქტსა და სლოგანს უჩვეულო, დასამახსოვრებელი ისტორია დაუკავშირო, თუნდაც ისეთი, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ გულშემატკივარს საყვარელ ჩიპსებთან ერთად მარადისობაში განსვენებაც ენდომება.











