in

ჩიპსები, რომლებიც სინამდვილეში ჩიპსი არაა – Pringles

კარტოფილის ჩიპსები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „სნექია”, რომელიც ბევრს უყვარს. უამრავი გემო არსებობს და ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა Pringles, თავისი განსხვავებული შეფუთვითა და პროდუქტით, თავიდანვე იქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას და დღესაც მაღალი კლასის პროდუქტად რჩება თავის სექტორში. 

istoriebi
istoriebi

დღეს ჩიპსების იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ძნელი წარმოსადგენია ის დრო, როცა მაღაზიები ნაირნაირი შეფუთვით არ იყო გადავსებული. თუმცა, ისტორიას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ 1900-იან წლებში კარტოფილისგან დამზადებული ეს სასუსნავი ჯერ კიდევ იშვიათობა იყო. 

პროდუქტზე მოთხოვნა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაიზარდა. ჩიპსები, რომლებიც იმ დროს გამოდიოდა, საკმაოდ ცხიმიანი იყო და პარკში უმეტესწილად დამტვრეული ეყარა, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევდა. ამ მოცემულობას დააკვირდა ცნობილი ბრენდი, Procter & Gamble და დაიწყო მუშაობა პრობლემის გადაჭრაზე.

ქიმიკოსის ჩართულობა სრულყოფილი ჩიპსის შესაქმნელად

1956 წელს Procter & Gamble-მა მოიწვია ქიმიკოსი, ფრედრიკ ჯ. ბაური, რომელიც ძლიერი იყო მათემატიკაშიც. მან გამოიყენა გეომეტრიული ფორმულა და შექმნა უნაგირის ფორმის ჩიპსი, რომელიც არ გატყდებოდა ცილინდრულ ვაკუუმში ან თუნდაც, დალუქულ ქილაში სათანადოდ შეფუთვისას.

თუმცა გემოვნური თვისებები კვლავ პრობლემად რჩებოდა და P&G-მ, ბაურთან ერთად ახალი რეცეპტის მოფიქრება დაიწყო. მათ გამოიყენეს გამომშრალი კარტოფილის, ბრინჯის, სიმინდისა და ხორბლის პასტა, ხოლო იდეალური ფორმის მისაღებად ფუნთუშების საჭრელი. 

შექმნილ პროდუქტს P&G-მ დაარქვა Pringles Newfangled Potato Chips. ზუსტი თეორია, თუ რატომ შეარჩიეს ასეთი სახელი, დღემდე არ ვიცით. ზოგი ამბობს, რომ სახელი მომდინარეობს მარკ პრინგლისგან, რომელიც მუშაობდა ამ ჩიპსებზე და მისი სახელი პატენტშიცაა მოხსენიებული, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული. მეორე თეორიით, პროდუქტს სახელი P&G-ს თანამშრომლების პატივსაცემად დაერქვათ, რომლებიც ცხოვრობდნენ Pringle Drive-ზე, ოჰაიოში, მაგრამ არც ეს ვერსია დასტურდება ოფიციალურ წყაროებში.

მოკლედ, Pringles გამოვიდა, თუმცა ის მყისიერად ჰიტად არ ქცეულა.

დავა სურსათის სააგენტოებთან და კონკურენტებთან

Pringles-ს ედავებოდნენ იმის გამო, რომ ის მხოლოდ კარტოფილისგან არ მზადდებოდა, ამიტომ თავს ჩიპსების მწარმოებლად ტყუილად ასაღებდა. ამ დავაში სურსათის სააგენტოც ჩაერთო და მოუწოდა საწარმოს, შეეწყვიტა საკუთარი თავისთვის ჩიპსების დარქმევა, ამიტომ ბრენდმა გადაწყვიტა, პოზიციონირება „კრისპებად” გაეკეთებინა.

იმავე დროს, მან დრო იხელთა და სახელწოდებიდან მოაშორა newfangled, რაც, მარკეტერების აზრით, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. 

Pringles-ის აღზევება

1980-იან წლებში Pringles-მა, როგორც იქნა, მიიღო დამსახურებული ცნობადობა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს იყო იმ სარეკლამო რგოლის დამსახურება, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი მონაწილეობდა. ისე იყო თუ ასე, Pringles ამ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ჩიპსად იქცა.

რაც უფრო პოპულარული ხდებოდა Pringles, კომპანიამ სულ უფრო დაიწყო ახალი ბაზრებისკენ სწრაფვა. 1995 წელს მან ყურადღება გაამახვილა ევროპაზე, ლათინურ ამერიკასა და აზიაზე. საზღვრების გაფართოებასთან ერთად მომხმარებლებს ახალი გემოებიც შესთავაზა: კრევეტების კოქტეილი, ზღვის მცენარეები, სერანო ლორი, შემწვარი ქათამი და მოცვიც კი.

დღესდღეობით Pringles ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბრენდად რჩება. საზოგადოების უმეტესობა მას მაინც ჩიპსებად მოიხსენიებს. რა მნიშვნელობა აქვს, ტექნიკურად რას დაუძახებთ, მთავარია, რომ ის მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანის საყვარელი სასუსნავია.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

პირველად საქართველოში სრულყოფილი 5G – სელფი მობაილის წარმატებული გაშვება თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში

NASA-მ ურანის ყველაზე დეტალური ფოტო გამოაქვეყნა