კანის წლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატი, ალბათ, კიდევ დიდხანს გვემახსოვრება. საქართველოს სახელით მოასპარეზე 6 გუნდიდან, გამარჯვება 2-მა მოიპოვა (Film და PR კატეგორიებში) და სამშობლოში ბრინჯაოს ჯილდოთი დაბრუნდა. ჯერ ის სიხარულიც არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, რომ Cannes Lions-ის ფინალურ დაჯილდოებაზე Metro Production-მა გრან პრი მოიპოვა. უპრეცედენტო იყო ის ფაქტიც, რომ პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოდან გუნდები 6 კატეგორიაში ასპარეზობდნენ. Print-ში საქართველოს მარიამ ბეროძე და Dave წარმოადგენდნენ, სააგენტო Redberry-დან. ალბათ, გემახსოვრებათ მათი შესანიშნავი ნამუშევარი შიდაშესარჩევი კონკურსიდან:
ამჯერად, ისინი Young Cannes Lions-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის გამოცდილებაზე გვიყვებიან.
M: პირველ რიგში, ემოციები გაგვიზიარეთ, როგორი იყო კანის ახალგაზრდა ლომებში მონაწილეობა თქვენთვის?
ძალიან ბედნიერები ვართ, რომ იქამდე ამოვყავით თავი ამ თავგადასავალში, სანამ მონაწილეობა ჯერ კიდევ შეგვიძლია (მოგეხსენებათ, კონკურსს ასაკობრივი შეზღუდვა აქვს). ვფიქრობთ, საუკეთესო გამოცდილებაა, რაც კი სარეკლამო ინდუსტრიაში რომელიმე კონკურსმა შეიძლება მოგცეს.
კანში წასვლამდე, ჯერ კიდევ, თვე-ნახევრით ადრე დაიწყო შთამაგონებელი სესიები, სადაც სხვადასხვა შთამბეჭდავ ნამუშევარს გვაჩვენებდნენ. კანში ჩასვლის შემდეგ, ყოველი დღე ასევე სესიებით იყო დატვირთული. ამას გარდა, სხვადასხვა კომპანიის სტენდს ვსტუმრობდით და ეგეც საინტერესო ამბავი იყო.
ძალიან გვიხარია, რომ ეს წელი განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ამ გამარჯვებების იქვე გაზიარება ჩვენი თავგადასავლის გამორჩეულად დასამახსოვრებელი ნაწილი იყო. ვფიქრობთ, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით – ქართველებს ყველაფერი გვაქვს კანის ლომების მოსაგებად.
M: რაზე იყო ბრიფი და როგორ მიხვედით გადაწყვეტამდე?
პრინტის კატეგორიაში ბრიფი მოგვიტანა The Unstereotype Alliance-მა, რომელიც სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებულ მავნე სტერეოტიპებს ებრძვის. როგორც აგვიხსნეს, მამაკაცურობის გაგება თანამედროვე სამყაროში მოძველებულია. ფული, კუნთები, მიზოგინია, ძვირადღირებული მანქანები… ასე აჩვენებს თანამედროვე რეკლამა მასკულინიზმს. აღნიშნული სტერეოტიპი უარყოფითად აისახება მამაკაცების და განსაკუთრებით, ახალგაზრდა მამაკაცების ფსიქიკაზე.
ჩვენი ამოცანა იყო, რომ თაობა Z-სთვის (18-27 წელი) შეგვეთავაზებინა მასკულინიზმის ახლებური ხედვა. პრინტის მთავარი მესიჯი უნდა ყოფილიყო, რომ ნებისმიერ კაცს წარმატების თავისი ხედვა და ფორმულა აქვს და ყოველი მათგანი გამართლებულია.
ბრიფში ნათქვამი იყო, რომ პრინტს აუცილებლად უნდა მიექცია Gen Z-ის ყურადღება, ანუ, სულ მცირე, ვიზუალი საინტერესო უნდა ყოფილიყო მათთვის. ამასთანავე, გავიაზრეთ, რომ სინამდვილეში, ფულის, მანქანებისა და კუნთების ჩრდილში ბედნიერება დგას. კაცებისთვის გადავწყვიტეთ გვეთქვა, რომ მთავარი ბედნიერებაა და რომ წარმატებული ადამიანი ბედნიერი ადამიანია. გადავწყვიტეთ, ეს მესიჯი Gen Z-მდე მათთვის გასაგებ და რაც მთავარია, სანდო ენაზე მიგვეტანა, ამიტომ პრინტის დეტალები AI-ს, ანუ ხელოვნურ ინტელექტს დავახატინეთ.
M: ბრიფზე მუშაობის პროცესზე მოგვიყევით…
სამუშაო პროცესი მარტივი არ იყო. იდეამდე მისვლა გაგვიჭირდა, რადგან ბევრ ინსაითს შორის გვიჭირდა იმ ერთადერთის პოვნა, რომელზეც ნათურა აგვენთებოდა. როცა უკვე საბოლოო პრინტის ინსაითს მივაგენით, ორივეს გაგვიხარდა – ვიფიქრეთ, რომ ბრიფს სწორად ვხსნიდით (ახლაც ასე მგონია). როცა ვიზუალურ კონცეფციაზე დავიწყეთ ფიქრი, მანდ ორი გზა დავინახეთ – უნდა წავსულიყავით ტრადიციული პრინტის აწყობის ტექნიკით ან უნდა გვეცადა რამე განსხვავებული. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ განსხვავებული და ქაოსური ამოხსნა უფრო Gen Z-ური იქნებოდა. ალბათ, მანდაც შევცდით. მიუხედავად იმისა, რომ ლომი ვერ ჩამოვიტანეთ, შედეგით კმაყოფილები და ბედნიერები ვიყავით.