Cannes Lions – სარეკლამო ინდუსტრიაში წლის უდიდეს მოვლენად ითვლება. ესაა შემოქმედებითი სფეროს ყოველწლიური ზეიმი, რომელიც საუკეთესო ნამუშევრებს ასახელებს და სფეროს განვითარებაში ეხმარება. მისი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions საქართველოში 2015 წელს ტარდება. ადგილობრივ შეჯიბრში გამარჯვებულები ქვეყნის სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე იბრძვიან პირველობისთვის. Young Lions Georgia 2022-ში მონაწილეობა 135-მა გუნდმა მიიღო. კონკურსი ოთხ კატეგორიაში მიმდინარეობდა: Print, Digital, Film და Marketer. გამარჯვებულები 5 მაისს დასახელდა. ოქროს მფლობელი გუნდები საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით იასპარეზებენ. ამჯერად, Print კატეგორიის გამარჯვებულებს გაგაცნობთ. ქეთი ყიფშიძე და ბაიკო ფირცხალაიშვილი Leavingstone-ის სახელით მონაწილეობდნენ. მათი ამოცანა ამ კატეგორიაში იყო ბილბორდის ბეჭდური რეკლამის შექმნა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების გამო არსებული უბედური შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად მძღოლებს უსაფრთხოდ მართვისკენ მოუწოდებდა. ყველა შედეგის ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ, თუმცა მანამდე, გაიგეთ, როგორ მოიგეს Young Lions Georgia 2022-ის ოქრო ქეთიმ და ბაიკომ.
M: როგორ ემზადებოდით გუნდის წევრები Young Lions-ისთვის?
ქეთი: Young Lions-ზე წელს მეორედ გავედი, მოსამზადებლად წინა წელი გავიხსენე – რა შეცდომები დავუშვი იქ, რომ წელს შეძლებისდაგვარად, აღარ გამემეორებინა. თუმცა, მთავარი შემზადება მაინც ის იყო, რომ საკუთარი თავი სიმშვიდისკენ მოვმართე და კარგად გავიაზრე რომ ამ საქმისგან სიამოვნება უნდა მიმეღო. გაამართლა
ბაიკო: წინა წლის გამოცდილებით, შევეცადეთ არ გვენერვიულა დედლაინზე და უბრალოდ, ყოველგვარი სტრესისა და მოლოდინების გარეშე გვეფიქრა იდეებზე.
M: თქვენი შთაბეჭდილებით, როგორი იყო ბრიფი?
ბაიკო: ბრიფი ძალიან საინტერესო იყო, მიუხედავ იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველთვის აქტუალური პრობლემა იყო საქართველოში, ამ თემაზე აქამდე ჩვენი საქმიანობის ჭრილში არ გვიფიქრია და ბრიფზეც სუფთა გონებით ვიმუშავეთ.
ქეთი: ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ჩემი გადმოსახედიდან, ბრიფი, რომელიც შეგვხვდა იყო საჭირო, სწორი ნაბიჯი მგონია დღეს ამ თემის წინ წამოწევა.
M: როგორ იმუშავეთ ბრიფის ამოხსნაზე?
ბაიკო: ბრიფის განხილვისას თავიდანვე გამოვყავით თუ რა იყო მთავარი სათქმელი და მუშობის პროცესში ყველა იდეას ამ კრიტერიუმით ვაფასებდით, თუ ამბობდა მთავარ სათქმელს, რომ “იარე ნელა და ფრთხილად”.
ქეთი: ბრიფზე პასუხის გასაცემად ვერ ვიტყოდი, რომ სირთულეებს წავაწყდით. მარტივად და ლაღად წავიდა პროცესი. სიახლის სახით გავითვალისწინეთ ის, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ნამუშევარი უნდა ყოფილიყო უფრო ბილბორდი, ვიდრე პრინტი.
M: როგორ მიხვედით ბრიფის ამოხსნამდე?
ქეთი: დავალების გადასაწყვეტად ავირჩიეთ, გვეჩვენებინა ის საფრთხე, თუ რას ნიშნავს მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით ტარება. ისეთი გზა ვიპოვეთ, რომელიც მეც და ბაიკოსაც მოგვეწონა.
ბაიკო: სიჩქარის გადაჭარბების ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, იმის ნაცვლად, რომ რომელიმე ერთ მიზეზზე გაგვემახვილებინა ყურადღება, გადავწყვიტეთ იმ ფატალურ შედეგზე ვკონცენტრირებულიყავით, რომელიც შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში დადგეს. წელს პრინტები ბილბორდებისთვის იყო გათვლილი, ამიტომ შევეცადეთ მაქსიმალურად მარტივად და პირდაპირ გვეჩვენებინა კავშირი სიჩქარესა და მის შესაძლო შედეგთან.
M: როგორია მოლოდინი კანის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით?
ბაიკო: ქეთი და მე დიდი ხანია ერთ გუნდად ვმუშაობთ ლივინგსტონში და ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან სიმბოლური და ემოციური იყო ჩემთვის. წლევანდელი გამოცდილებით, პროცესით სიამოვნებამ შედეგი გამოიღო და იმედია კანის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზეც შევძლებთ ემოციებს და დედლაინებს არ ავყვეთ და უბრალოდ თავისუფლად ვიფიქროთ პრობლემის კრეატიულ გადაწყვეტაზე.
ქეთი: პირადად ჩემთვის, ეს გამარჯვება არის პასუხისმგებლობით სავსე ახალი გამოცდილება. მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს კანის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ვიყო. მოლოდინებს რაც შეეხება, მინდა მომავალ ბრიფზე მუშაობითაც გავერთო და ბაიკოსთან ერთად ისეთი გადაწყვეტა ვიპოვო, რაზეც გონების ის რაღაც წერტილი აინთება და იტყვის რომ ეგაა.