18 მაისს, Young Lions Georgia-2018-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი გახდა იმ 10 ადამიანის ვინაობა, რომელიც საქართველოს სახელით, კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე იასპარეზებს. Print-ის კატეგორიაში, სადაც 38 გუნდი, შესაბამისად, 76 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, სააგენტო Watergunz-ის წარმომადგენლები – ანნა გუგუტიშვილი და ივანე ყუფარაძე აღმოჩნდნენ ის წყვილი, ვინც საერთაშორისო ჟიურისგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და კანის საგზურიც მოიპოვა. როგორი იყო ბრძოლა გამარჯვებისთვის, რა გზა გაიარეს კონკურსანტებმა ოქროს ჯილდოს მისაღებად და როგორ აპირებენ დიდ კანში მონაწილეობის შესაძლებლობის გამოყენებას – ამ საკითხებზე მარკეტერი ანნას და ვანოს ესაუბრა:
M: რამდენად საინტერესო/აქტუალური იყო თქვენთვის კატეგორია Print-ში მიღებული დავალება?
ანნა: თავიდან, დავალება რთული გვეჩვენა, რადგან არც ერთი არ გამოვირჩეოდით ფეხბურთისადმი დიდი ინტერესით, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციასა და რამდენიმე გამორჩეულ მოვლენას თუ არ ჩავთვლით, მათ შორის, თბილისის დინამოს ევროპის თასი და იმჟამინდელი ფეხბურთის ვარსკვლავები. მიუხედავად ამისა, ბრიფის წაკითხვისა და გააზრებისთანავე მოგვეცა პროცესის საინტერესოდ წარმართვის საშუალება, რადგან ბრიფში ხაზგასმით იყო ნახსენები 1981 წელს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდებული გამარჯვება, რომლითაც ყველა ვამაყობთ.
ვანო: ძალიან ცუდად ვთამაშობ ფეხბურთს და ყოველთვის მეძინება მატჩის ყურებისას, მაგრამ შემიძლია ვიგრძნო იმ ადამიანების მუღამი და გავიზიარო მათი ემოცია, ვისაც ფეხბურთზე თვალები ენთება. მამაჩემი ცდილობდა,რომ დავეინტერესებინე ფეხბურთით, მაგრამ, მაგ მხრივ, არაფერი გამოუვიდა. თუმცა, ყიფიანის შესახებ ისტორიებს რო მიყვებოდა, როგორც ჩანს, მაინც დამეხმარა. მიუხედავად იმისა, თუ რა ინტერესები აქვთ ბავშვებს, ვფიქრობ, რომ მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ მათ და ძალიან, კარგია რომ ბიზნესიც ამ იდეას ემსახურება.
M: როგორ გადაჭერით ბრიფში მოცემული ამოცანა, როგორია თქვენი ნამუშევრის კონცეფცია?
ვანო: ბრიფზე ფიქრისას მთავარი ორიენტირი იყო შეკითხვა: რატომ უნდა გაგვეკეთებინა ეს პრინტი? პასუხი მარტივია – იმ ბავშვისთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს და აინტერესებს. ოცნებების ახდენა მამა-შვილის საერთო ინტერესია. სწორედ ამიტომ, გამოვიყენეთ მამებისთვის ნაცნობი წარმატებული ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარ ოცნებას მიაღწია და ამით გარემოსაც მოუტანა სარგებელი (ოჯახს, ქვეყანას, ზოგადად ფეხბურთის მოყვარულებს). ოცნებისკენ სწაფვის აუცილებლობა დავანახეთ აუსრულებელი ოცნების ჩვენებით.
ანნა: ფეხბურთის პოპულარიზების და ბავშვების ამ სპორტში აქტიურად ჩართვისკენ მოწოდების რამდენიმე კამპანია მინახავს და ყველა მეტნაკლებად ერთმანეთს გავს, სიმარტივით, მესიჯებით და ვიზუალურადაც კი, ამიტომ განსხვავებული და საინტერესო მეთოდით სათქმელის გადმოცემა იყო აუცილებელი პირობა, რაც ერთი შეხედვით დააინტერესებდა ჩვენს სამიზნე აუდიტორიას. საქართველო ძალიან ამაყობს 1981 წლის გამარჯვებით, ამიტომ ისტორიის შემობრუნება, თუ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ არ ეთამაშათ ასეთ პროფესიონალებს თბილისის დინამოს ნაკრებში, იქნებოდა მტკივნეული ყველა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის და არამარტო.
M: სამუშაო პროცესზე მოგვიყევით, რა დრო დაგჭირდათ იდეის ჩამოყალიბებისა და შესრულებისთვის?
ვანო: საკმაოდ ქაოსური სამუშაო პროცესი იყო, განსაკუთრებით პირველ დღეს, მთელი ყურადღება 12 მაისის აქციისკენ გვქონდა. ლანჩის მერე, ეგრევე აქციისკენ გავიქეცით და საღამოს თავს ძალა დავატანეთ, რომ ოფისისკენ წამოვსულიყავით და გვემუშავა. 12-ში, საღამოს, იდეებზე ვფიქრობით და ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად კომფორტულად გვეგრძნო თავი – ბევრი ვისეირნეთ, ბევრი გარემო გამოვიცვალეთ, ვიმღერეთ, მუსიკას ვუსმენდით.. პირველ დღეს იდეებზე ვფიქრობით და იმ ღამეს გემრიელად გამოვიძინეთ. მეორე დღეს ისევ იდეებზე ვფიქრობით, ისევ ისეთივე რეჟიმში, ოფისში. ლანჩზე „ანტრეში“ გავედით და გვერდითა მაგიდაზე ჩვენი სამიზნე აუდიტორიის წამომადგენელი ვიპოვნეთ – 40 წლამდე მამა ვაჟთან ერთად. მათ მაგიდაზე გადავჯექით და გავესაუბრეთ. იქიდანაც წამოვიდა ინსაითები. ოფისში დავბრუნდით და ახალ იდებზე ფიქრი გავაგრძელეთ. სულ „პასებით“ და ერთმანეთში კომუნიკააცით ვფიქრობდით. 5-ისკენ იდეები გავცხრილეთ და დარჩენილი იდეებზე ვიმსჯელეთ, რომელიც ყველაზე საკაიფოდ განივრცო, 6-ზე პრინტის აწყობას შევუდექით.

ანა ვიზუალურად კრავდა პრინტს, მე ქოფიზე ვფიქრობდი. პერიოდულად პრინტის დეტალებს და ქოფის ერთმანეთში ვათანხმებდით. დილის 6-ისკენ რამდენიმე საათით წავუძინე და რომ გავიღვიძე, დიზაინი თითქმის დასრულებული იყო. არჩეული ქოფი აღარ მოგვწონდა, არადა ცოტა დრო რჩებოდა ნამუშევრის გადაგზავნის დედლაინამდე. მაშინ გადავერთეთ ტურბო რეჟიმზე და წუთში 3 ქოფის ვწერდით. 1 საათით ადრე, საუკეთესო ქოფი „გავაძრეთ“, ჩავსვით და გავუშვით.
M: როგორც პარტნიორებს, ერთად მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ და რა მნიშვნელობა აქვს თანაგუნდელის შერჩევას ამ შეჯიბრში გამარჯვებისთვის?
ანნა: კონკურსამდე სულ რაღაც ორ კვირის გაცნობილი მყავდა ვანო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იდეალური მეწყვილე აღმოჩნდა, ამ ორ კვირაში ჩვენ ძალიან დავახლოვდით და დავმეგობრდით, სამუშაო პროცესს ხელი შეუწყო იმანაც რომ ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა ორივეს, რომ ასე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, როდესაც პატივს ცემ და იზიარებ თანაგუნდელის მოსაზრებებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება კარგი შედეგის დადება.
ვანო: ძალიან გაგვიმართლა, რომ კარგად ვეწყობით ერთმანეთს. რამდენჯერმე შევხვდით კონკურსისთვის მოსამზადებლად. შეხვედრების ძირითადი ნაწილი ერთმანეთის გაცნობას დავუთმეთ. ბევრი ვისაუბრეთ, ისეთ თემებზე რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მათ შორის მიზნებზე, გამოცდილებებზე, სიზმრებზე და ასე შემდეგ. კანის შარშანდელი და შარშანწინდელი დავალებები გავარჩიეთ და შევასრულეთ. ინტერნეტით სხვადასხვა პრინტი დავათვალიერეთ და ერთმანეთს ვუხსნიდით ჩვენ დამოკიდებულებას – რა მოგვწონდა და რატომ. ვფიქრობ, რომ მოკლე დროშიც შესაძლებელია შეთამაშება, თუ ეს ყველაფერი სწორად ხდება.
M: რა გამოცდილება მოგცათ Young Lions 2018-მა? და რა მოლოდინები გაქვთ დიდ კანში?
ვანო: ძალიან საინტერესო იყო კონკურში მონაწილეობა, მით უმეტეს, იმ ამბების ფონზე, რაც თბილისში ხდებოდა. დავრწმუნდი იმაში, რომ ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სწორი გუნდური მუშაობით ძალიან კარგი რამეების შექმნაა შესაძლებელი და მგონია, რომ მე და ანას ყველაფერი შეგვიძლია.
ანნა: ნამდვილად ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. მუშაობის პროცესი არის ძალიან სასიამოვნო, როდესაც ხედავ, თუ როგორ ცოცხლდება შენი იდეა და შემდეგ, ეს იდეა სწორად მიდის საზოგადოებამდეც. როდესაც ქმნი რაიმე ღირებულს, სიამაყის გრძნობითაც გავსებს და პასუხისმგებლობაც გეკისრება. ასე რომ, საფრანგეთშიც ამ პასუხისმგებლობით და შემართებით მივდივართ.