6
Apr
2017

PRINT-ის კატეგორია – ჟიურის პრეზიდენტის შეფასება და კონკურსანტების კომენტარები – Young Lions 2017

6 Apr 2017

Young Lions 2017-ის შიდაშესარჩევი კონკურსი PRINT-ის კატეგორიაში 1 აპრილს, „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებმა მიიღეს. აღნიშნულ კატეგორიაში დარეგისტრირებული 40 გუნდიდან, კონკურსზე 39 გამოცხადდა. დავალების მიხედვით, კონკურსანტებს, 24 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ სოციალური თემატიკის ბეჭდური რეკლამა, რომლითაც ერთგვარად მოუწოდებდნენ კორპუსების მცხოვრებლებს, ყოფილიყვნენ პასუხისმგებლიანი მეზობლები, გაფრთხილებოდნენ იმ საერთო სივრცეებს, რომლებსაც იზიარებენ თანაკორპუსელებთან. ბრიფი სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, მოწონებული ნამუშევრის რეალურ კამპანიაში გამოყენებას უზრუნველყოფს. ფესტივალის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ( BGEO group)კონკურსის შედეგები 19 აპრილს გახდება ცნობილი. პირველი ადგილის მფლობელი ივნისში, კანში გაემგზავრება და საქართველოს სახელით, გლობალურ შეჯიბრში იასპარეზებს.მანამ კი მარკეტერი PRINT-ის კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტს – გიორგი პოპიაშვილს, ასევე, აღნიშნული კატეგორიის ორ მონაწილეს – რევაზ ყუფარაძესა (ABK) და ქეთი ლობჟანიძეს (McCann) ესაუბრა.

გიორგი პოპიაშვილი: PRINT-ის კატეგორიაში 39 ნამუშევარი მივიღეთ. ბრიფის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა გაეკეთებინათ სოციალური ნამუშევარი, ასე ვთქვათ, მოეწოდებინათ კორპუსების მცხოვრებლებისთვის პატივისცემით მოპყრობოდნენ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. მივიღეთ რამდენიმენაირი ნამუშევარი, დაწყებული ბრიფს აცდენილი PRINT-ით, დამთავრებული ძალიან კარგად მორგებულითა და ეფექტურად გამოხატულით. წინა წელთან შედარებით, ნამუშევრების ხარისხის მიმართულებით ცალსახად არის პროგრესი. თუმცა შესაძლოა, ეს პროგრესი გამოწვეულია იმით, რომ ერთი მხრივ, მონაწილეთა რაოდენობაა გაზრდილი; როცა 20 ნამუშევრის მაგივრად, უხეშად რომ ვთქვათ, 40 შემოდის, შანსი იმისა, რომ ამ დიდ რაოდენობაში უფრო მეტი ხარისხიანი ნამუშევარი აღმოჩნდეს, იზრდება. მეორე მხრივ, დავალება არ იყო მარტივი, თუმცა, წინა წლის ბრიფთან შედარებით, ასე ვთქვათ, უფრო კარგი სამუშაო იყო. ამ ორმა გარემოებამ შესაძლოა, განაპირობა ის, რომ ნამუშევრების ხარისხი ცალსახად მომატებულია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მხოლოდ ამ ორი ფაქტორის გამო არ მივიღეთ ეს შედეგი და რეალური პროგრესიც არის სახეზე.

რაც შეეხება მონაწილეების კომენტარებს:

M: კანის ახალგაზრდულ ფესტივალში აქამდე თუ მიგიღიათ მონაწილეობა და გამართლდა თქვენი მოლოდინები?
რევაზ ყუფარაძე – ABK: მეორედ მივიღე მონაწილეობა, შარშანაც ვიყავი და კი, გაამართლა. რა თქმა უნდა, იყო ელემენტები, რაც შარშან იყო უკეთესი, მაგალითად, სივრცე და თავისუფალი გარემო, მაგრამ ჯამში, კმაყოფილი ვარ, ორგანიზატორები ცდილობდნენ, მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ ჩვენთვის.
ქეთი ლობჟანიძე McCann: პირველად მივიღე მონაწილეობა, მანამდე ვადევნებდი თვალს და რაღაც წარმოდგენები მქონდა კონკურსზე. ყველაზე კარგი ის იყო, რომ რაღაც კონკურენტული გარემო არ იყო და თითქოს ყველა შეკრებილები ვიყავით ერთი საქმისთვის.
M: როგორ შეაფასებდით ბრიფს – დავალებას, რომელიც უნდა შეგესრულებინათ?
რევაზ ყუფარაძე: დავალებას რაც შეეხება, ბევრად უფრო საინტერესოა, როცა ვმუშაობთ რეალურ ბრიფზე, როცა ვიცით, რომ კომპანია ამ ბრიფს განახორციელებს, თუ მოეწონება, ამ შემთხვევაში, მეტი ენთუზიაზმით ვეკიდებით საქმეს.
ქეთი ლობჟანიძე: ბრიფით, მე პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ მარტივად იყო ახსნილი და კარგად იყო გადმოცემული, რა უნდა გაგვეკეთებინა.M: რა დრო დაგჭირდათ იდეის მოსაფიქრებლად?
რევაზ ყუფარაძე: დრო ორჯერ მეტი გქვონდა წელს, შარშანდელთან შედარებით, ალბათ, უფრო დიდი ხანი დავუთმეთ იდეაზე მუშაობას. ბევრი ვიფიქრეთ, რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, ბოლომდე ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად გაგვეცხრილა ყველა ის არაზუსტი იდეა, რომელიც ბრიფს რაღაცით მაინც არ პასუხობდა და ვფიქრობთ, რომ ის გავაკეთეთ, რითიც საბოლოოდ, გუნდის ორივე წევრი კმაყოფილი ვართ.
ქეთი ლობჟანიძე: დრო ასე ზუსტად არ ვიცი იმიტომ, რომ რამდენიმე იდეა ქგვონდა და დილის 7 საათამდე ვიმუშავეთ. დღის პირველი ნახევარი დაგვჭირდა, ალბათ, ჯამში, იდეის მოსაფიქრებლად.

M: რაც შეეხება ფორმატს, რამდენად მოსახერხებელი იყო თქვენთვის 24 საათიანი სამუშაო დრო?
რევაზ ყუფარაძე: დრო, დაახლოებით, ისევე გადანაწილდა პროპორციულად, როგორც შარშან. დიდად, არაფერი შეცვლილა, მაგრამ ისევ თორმეტი საათი რომ ყოფილიყო,  მაინც იმავენაირად ვიმუშავებდით, ასეთი შეგრძნება მაქვს. მაგრამ რაღაც მხრივ, კარგია იმიტომ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, უფრო მეტად დაგვემუშავებინა ჩვენი იდეები.
ქეთი ლობჟანიძე: კომფორტული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვეძინებოდა, მაინც უფრო მშვიდად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ დრო ბევრი გვქონდა და შესაბამისად, სტრესის მომენტი არ იყო.M: რა გამოცდილება მოგცათ Young Lions 2017-ის ლოკალურ ფესტივალში მონაწილეობამ?
რევაზ ყუფარაძე: კონკურსების დროს, ყველაზე მეტ გამოცდილებას ვიღებთ. სტრესულ გარემოსა და შეზღუდული რესურსების პირობებში, უფრო გიწევს რაღაცებზე მეტად კონცენტრირება. დაძაბულ გარემოში გადაწყვეტილების სწრაფად და მარტივად მიღების უნარი გიმუშავდება, რაც რა თქმა უნდა, აისახება გამოცდილებაზე.
ქეთი ლობჟანიძე: საჭირო და სასარგებლო გამოცდილება იყო ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

განხილვა