რა არის ის მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, სანამ ყველაფერს ნულიდან დაიწყებ? ხშირად, ცხოვრებისეული ცვლილებები ერთი მარტივი, მაგრამ ყველაზე გამბედავი კითხვით იწყება. ეს კითხვა კი ყველასთვის განსხვავებულია. „თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით, Marketer.ge-ის რუბრიკაში #პირველიკითხვა გიზიარებთ ისტორიას იმაზე, თუ როგორ გარდაიქმნება დაგროვილი გამოცდილება და პროფესიული ამბიცია საკუთარ საქმედ. ამჯერად, საკუთარ „პირველ კითხვაზე“ Printomato-ს თანადამფუძნებლები გაბრიელ მელივა და რომა გუჯაბიძე გვიყვებიან.
ჩვენი შემთხვევა ოდნავ განსხვავებულია – იდეა ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა, ეს 11-წლიანი გამოცდილების ლოგიკური გაგრძელება იყო. უკვე წლებია, ბაზარს „გიფერის“, „მემორამისა“ და სხვა გასართობი მოწყობილობების სერვისს ვაწვდით. თუმცა, დაახლოებით ორი წლის წინ, დავინახეთ ახალი შესაძლებლობა გართობისა და სარეკლამო ტექნოლოგიების გადაკვეთაზე. მოთხოვნა ხშირად თავად მომხმარებლისგან მოდიოდა – უნდოდათ ისეთი აპარატი, რომელიც ივენთიდან ივენთამდე კი არ ივლიდა, არამედ მუდმივად მათთან, კაფეში, ბარსა თუ რესტორანში იდგებოდა.
თვალს ვადევნებდით გლობალური ბაზრის საჭიროებებს – რა ტენდენციებია, რა იცვლება ფოტოების გადაღებისა და ბეჭდვის კუთხით. ვხედავდით, რომ ციფრულმა ფოტოგრაფიამ გადაღალა ადამიანები და ფიზიკური ფოტოების ნოსტალგია გაუჩინა. სწორედ აქ გაჩნდა ბიზნესიდეა და ერთ-ერთი მთავარი კითხვა – Photo Booth-ები საუკუნეზე მეტია არსებობს, როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ეს საქმე უფრო ტექნოლოგიურად და მასშტაბირებად ბიზნესმოდელად ისე, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა? დავფიქრდით, როგორ შევქმნათ აპარატი, რომელიც ობიექტისთვის არ იქნება დამატებითი თავის ტკივილი, მარტივად გამოიყენებენ და მოუვლიან? ტრადიციული ფოტო-ჯიხურები ხშირ მოვლას ითხოვს – ქაღალდი თავდება, ფირი შესაცვლელია, ტექნიკა ფუჭდება. ჩვენი მიზანი კი იყო, შეგვექმნა მოწყობილობა, რომელიც ლოკაციაზე დაიდგმებოდა, მარტივად მოივლიდნენ და მომხმარებელიც დამოუკიდებლად გამოიყენებდა. თუმცა, სამიზნე სეგმენტი არ იქნებოდა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ფოტოებს იღებენ, წარმოვიდგინეთ, რომ ეს შეიძლება ქცეულიყო საკომუნიკაციო პლატფორმადაც. ჩვენი მიზანი იყო არამხოლოდ „ჰარდვეარის“ შემუშავება, არამედ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისაც, რომელიც კომპლექსურ საკომუნიკაციო კამპანიებზე იქნებოდა გათვლილი. ასე შევქმენით Printomato, რომელიც არის ფოტოების ბეჭდვის აპარატი სხვადასხვა მუდმივ ლოკაციაზე და ამავდროულად, სარეკლამო არხი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი გზავნილი განათავსონ და უამრავი ფუნქციონალი გამოიყენონ კომუნიკაციისთვის. ჩვენი ხედვაა, რომ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელსაც გამოიყენებენ როგორ ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.
გადაწყვეტების ძიებამ სრულიად ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან მიგვიყვანა და ყოველდღიურად გვიწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ბევრი საკითხის ამოხსნა დაგვჭირდა, როგორც „ჰარდვეარის“, ისე ბიზნესმოდელის კუთხით. მაგალითად, გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა თერმული პრინტინგი, რომელსაც ჩვეულებრივ პატარა მოწყობილობებში იყენებენ, როგორიცაა მაგალითად, სალარო აპარატები. ჩვენი ამოცანა იყო, მისი მოდიფიკაცია ისე მოგვეხდინა, რომ ფოტოგრაფის მიერ გადაღებული, მაღალი ხარისხის ფოტოები დაებეჭდა სრულყოფილად, დიდი მოცულობით და როცა საერთაშორისო ბაზარზე გავყიდდით ამ აპარატებს, შემდეგ ჩვენგან მნიშვნელოვანი ჩარევა აღარ ყოფილიყო საჭირო. ერთი მხრივ, მივიღეთ პლატფორმა, სადაც ყველა მეტრიკას ვადევნებთ თვალს, მეორე მხრივ კი, მარტივი პრინციპის მქონე მოწყობილობა, რომელსაც შეძენის შემდეგ, მინიმალურად სჭირდება ჩარევა.
კვლევისა და განვითარების პროცესი, რომელიც 2023 წლის ბოლოს დავიწყეთ, დღემდე გრძელდება. ამ გზაზე დიდი ბიძგი იყო ენჯელ ინვესტიცია „აქსელისგან“ და GITA-ს 150 000-ლარიანი გრანტი, რამაც საშუალება მოგვცა, პირველი პროტოტიპები აგვეწყო.
დღეს ჩვენი ხედვა გასცდა „ფოტოების ბეჭდვას“, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 50,000-ზე მეტი ფოტო დავბეჭდეთ ამ აპარატებით. Printomato განთავსებულია ისეთ ობიექტებში, როგორებიცაა: რესტორანი „რიგი“, თამაშობანა, თეგეტა მოტორსი, რედისონი, ბელგიაშიც იტესტება რამდენიმე ლოკაციაზე. ახლა ვიწყებთ აქტიურად ქსელის შექმნას. უამრავი ადამიანის ემოცია გვაძლევს იმის დასტურს, რომ ეს იდეა იმუშავებს. ჩვენ ვქმნით პროდუქტს გლობალური ამბიციით, რომელიც სარეკლამო ბაზარზე ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ აპარატურას, ასევე გვაქვს საკუთარი სოფტი და პლატფორმა. წარმოიდგინეთ: ბრენდი ირჩევს ლოკაციას არა ზოგადად, არამედ მონაცემებზე დაყრდნობით. მას შეუძლია ჩვენს პლატფორმაზე ნახოს, სად დადის მისი აუდიტორია, აირჩიოს კონკრეტული კაფე ან ბარი და დააყენოს თავისი კამპანია. ეს არ არის ბილბორდი, რომელსაც 2 დღით გააკრავ და ჩამოხსნი. აქ ცოცხალ რეჟიმში ხედავ ჩართულობას და რაც მთავარია – ბრენდირებული ფოტო წლობით ინახება მომხმარებელთან. ასეთი ეფექტური, ხანგრძლივი და ემოციური სარეკლამო არხი დღეს იშვიათად მოიძებნება.
ეს ორმაგი სარგებელია პარტნიორი ობიექტებისთვისაც: გარდა იმისა, რომ სტუმრებს უფასო ან ფასიან გასართობს სთავაზობენ, აპარატი მათ აძლევს დეტალურ რეპორტინგს. ობიექტი აკვირდება, როგორ მოიხმარს ხალხი აპარატს, რითაც უკეთ სწავლობს საკუთარ აუდიტორიას.
დღევანდელი გადმოსახედიდან, საკუთარ თავს და სხვებსაც ვურჩევდი: მთავარია კვლევა და მასშტაბირებადობაზე ფიქრი თავიდანვე. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ობიექტისთვის – იქნება ეს სასტუმრო, კაფე თუ გასართობი ცენტრი – ვისაც სურს, გახდეს ამ ინოვაციური ქსელის ნაწილი, შესთავაზოს სტუმრებს ახალი გამოცდილება და ჩაერთოს სარეკლამო ეკოსისტემაში, რომელიც სულ მალე საქართველოს საზღვრებსაც გასცდება.











