14
Jan
2020

რა ღირს თანამედროვე ხელოვნების ნიმუში?! – ირინა პოპიაშვილი

14 Jan 2020

ფერწერული ტილოები თუ სხვა ნამუშევრების ყიდვა, დღეს, ინვესტიციის და ბიზნესის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. რა ღირს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და როგორ უნდა დაადონ ფასი არტისტებმა საკუთარ ნამუშევრებს?! – ამ თემაზე „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დიზაინისა და ხელოვნების სკოლის დამფუძნებელმა, კურატორმა და გალერისტმა ირინა პოპიაშვილმა „მარკეტერისპოდკასტში ისაუბრა.

 

„ხელოვანებს, ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, ძალიან უჭირთ თავიანთი ნამუშევრის შეფასება. [როგორც წესი] ან ძალიან არარეალურ ფასს ამბობენ, ან ძალიან დაბალს. როდესაც უნივერსიტეტში გამოფენას ვაკეთებთ, ყოველთვის ვიწვევ სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებს, რომ მოვიდნენ და ნახონ სტუდენტების ნამუშევრები. [პირველად] ნინუკა საკანდელიძემ, ყველას სთხოვა, აბა ფასი დაადეთ თქვენს ნამუშევარსო. ჯერ ძალიან მორცხვობდნენ, მაგრამ მერე ძალიანაც მოეწონათ. ალბათ, პირველად იფიქრეს ამ მიმართულებით. სადღაც ფსიქოლოგიური მომენტიცაა, როდესაც შენს თავზე, შენს ნამუშევარზე გეკითხებიან, [თან] გსიამოვნებს, მაგრამ თან არ იცი. ამიტომ ყოველთვის მნიშვნელოვანია [არტისტებმა] ივარჯიშონ ამაში. როგორ ხდებოდა ნამუშევრების შეფასება ადრე?! თუნდაც, მხატვრების ამქრები რომ იყო ჰოლანდიაში, [იქ] ფართობის მიხედვით ფასდებოდა. [ერთ-ერთი] ჰოლანდიელი მხატვრის გამოფენა რომ მქონდა ნიუ-იორკში და ვიკითხე, როგორ ფასდებოდა ნამუშევრები, ფართობის მიხედვით, კვადრატულობით გამიზომა, რა ღირდა მისი ნახატი. ისეთ რეგულირებულ ქვეყანაში, [როგორც ჰოლანდიაა] ასე ხდება. მაგრამ არის მეორე [ნახატის] ფასეულობა. ამ ფასეულობების გაწერილი რუბრიკები [ღირებულება] არ არსებობს. შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ თუ [ნამუშევარი] ხელობის მხრივ, ტექნიკურად კარგად შესრულებულია, ფასეულია. [„რენესანსის“ ეპოქამდე] მედიცინა, მუსიკა და ხელოვნება ერთ სფეროში იყო გაერთიანებული. „რენესანსის“ დროს მოხდა მათი დაყოფა და ხელოვანი, არტისტი გახდა უფრო ფასეული. ხელოვანს უცბად ფასი დაედო. მაგრამ ეს თვითონ კი არ გააკეთეს, საზოგადოებამ, აუდიტორიამ გამოყო. ხელოვანი გახდა მნიშვნელოვან, იმიტომ რომ [მისი საქმიანობა] დაკავშირებულია აზროვნებასთან. ხელოსანი აკეთებდა, მაგრამ ამას [ხელოვანს] იდეა ჰქონდა, რომელიც მიგყვება და გაფიქრებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ნამუშევართან ემოციური კონტაქტი, იმიტომ რომ ამით იმახსოვრებ. ეს არ არის მხოლოდ გონებით დამახსოვრებული, ეს არის გულით დამახსოვრებული, მერე გონება რაღაცას გკარნახობს და ფიქრობ ამაზე [ნამუშევარზე]“.

ირინა პოპიაშვილმა, პოდკასტში, საკუთარ პროექტებზე, ნულოვან თაობაზე, საქართველოსა და მსოფლიოში, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა.

მარკეტერისპოდკასტი, შედარებით, ახალი პლატფორმაა. აქ, მენეჯერებს, მეწარმეებს, მარკეტერებს და ზოგადად, ბიზნესის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა აქვთ, ახალი კუთხით გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მოისმინონ მათი ბიზნეს ისტორიები. პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.

 

 

განხილვა