Apple-ის ახალი რეკლამა ჯორჯ ორუელის რომანის სიუჟეტს მოგაგონებთ. უყურებთ და საიდანღაც ჩაგესმით შემზარავი ხმა — „Big brother is watching you“. მასში ასახულია სამყარო, სადაც ადამიანებს მუდმივად აკონტროლებენ ფრინველების მსგავსი კამერები, თვალყურს ადევნებენ და აანალიზებენ მათ თითოეულ ციფრულ მოქმედებას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება იმ კონფიდენციალურობას, ტექნოლოგიური გიგანტები რომ გვპირდებიან.
უსაფრთხოების კამერები ყველგან არიან, საჭიროების შემთხვევაში ისხამენ ფრთებს, იღებენ მტრედების, თოლიების, ღამურების გარეგნობას და ტელეფონების ეკრანებს დაჟინებით აკვირდებიან. არღვევენ ყოველგვარ საზღვარს ადამიანების პირად სივრცესთან, რაც შემაწუხებელი და, ამასთანავე, სახიფათო ხდება. მაგრამ, როდესაც მომხმარებელი Safari-ის ბრაუზერს ხსნის, ყოველი მათგანი მაშინვე ნადგურდება.
ძირითადი გზავნილი ნათელია: თქვენს აქტივობას, შესაძლოა, აკვირდებიან, მაგრამ Safari-ის ამის შეჩერება შეუძლია. ის არის ერთადერთი დაცვა ონლაინ თვალთვალის წინააღმდეგ.
ფაქტია, რომ რეკლამის სიუჟეტი ინსპირირებულია ერთ-ერთი შეთქმულების თეორიისგან, რომლის მიხედვითაც „ფრინველები არ არიან ნამდვილი“. ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ყველა ფრინველი სინამდვილეში დრონის მსგავსი მოწყობილობაა, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ შექმნა ხალხის დასაზვერად.