სააგენტო Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და მწერალი ბექა ადამაშვილი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა. ის პირველი ქართველი ავტორია, ვინც აღნიშნული ჯილდო მოიპოვა.
გამარჯვებულის გამოვლენამდე, სპეციალურმა ჟიურიმ, აპრილში, კონკურსის ფინალისტები დაასახელა. შერჩეული 9 ავტორიდან, „შორტ ლისტში“ მხოლოდ სამი მოხვდა: ბექა ადამაშვილი – „ამ რომანში ყველა კვდება“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), ლუკა ბაქანიძე – „სად ხარ ლაზარე“ (გამომცემლობა პალიტრა L) და ივა ფეზუაშვილი – „ფსკერის სახარება“, (გამომცემლობა „ინტელექტი“).
„ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მოპოვება (თუკი გამოვტოვებთ იმ ნაწილს, რამდენად სასიხარულო ამბავია ეს ჩემთვის, რაც, ალბათ, ამ წინადადების გარეშეც ნათელი იქნებოდა) რამდენიმე რამის გამოა მნიშვნელოვანი: ეს ნიშნავს წიგნის პოპულარიზაციას მთელს ევროპაში, მონაწილეობას სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალზე, თარგმანს ან ნაწილობრივ თარგმანს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და ზოგადად, დაინტერესებას (იმედია) ევროპული გამომცემლობების მხრიდან. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოდან პირველი გამარჯვებული აღმოვჩნდი, რადგან ჩვენი ქვეყანა, წელს, პირველად ჩაერთო კონკურსში“, – ამბობს ბექა ადამაშვილი.
კონკურსი, 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის თებერვალში გამოცხადდა, ორგანიზატორები კი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის მწერალთა საბჭო და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისია იყვნენ.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მწერლებს, ვისაც უკვე გამოქვეყნებული აქვს ერთი ან რამდენიმე წიგნი, მაგრამ, ორგანიზატორების თქმით, სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველთა ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors).
2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად ავტორები 14 ქვეყნიდან იბრძოდნენ: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. წელს, კონკურსში, საქართველო და უკრაინა პირველად მონაწილეობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პრემია უკვე მეთერთმეტე წელია, გაიცემა.
კონკურსის წესების მიხედვით, ყველა ქვეყანაში გამარჯვებული ადგილობრივმა ჟიურიმ გამოავლინა. საქართველოში, ნამუშევრები მწერალთა სახლის დირექტორმა ნატალია ლომოურმა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა თინათინ ბერიაშვილმა, პოეტმა და მთარგმნელმა პაატა შამუგიამ და მწერალმა და მთარგმნელმა დათო ბარბაქაძემ შეაფასეს.
გამარჯვებული კონკურსანტები თოთხმეტსავე მონაწილე ქვეყანაში გამოვლინდა, თითოეული ჯილდოს სახით, 5 000 ევროს მიიღებს. მათი ტექსტები, ერთ კრებულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოიცემა.