21
Oct
2016

საქართველოში პირველი პრო ბონო კრეატიული მარათონი ჩატარდება

21 Oct 2016

29-30 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით კრეატიულ პრო ბონო მარათონს გამართავს. პრო ბონო მარათონი არის ექსკლუზიური ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პრო ბონო კომპანიების პროფესიონალთა გუნდები მუშაობენ ბენეფიციარ სამოქალაქო ორგანიზაციებთან მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

ყოველი ოქტომბრის ბოლო კვირა გლობალურ პორ ბონო კვირეულად არის გამოცხადებული.  სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში გაიმართება თბილისის მარათონიც, რომელიც დააწყვილებს საქართველოს 7 წამყვანი კრეატიული სააგენტოსა და 7 სოციალური საწარმოს თანამშრომლეთა გუნდებს. 12 საათის განმავლობაში კრეატიული სააგენტოს პროფესიონალები უსასყიდლოდ შეიმუშავებენ ინოვაციურ და კრეატიულ მარკეტინგულ სტრატეგიებს ბენეფიციარი სოციალური საწარმოსთვის.unnamed

მეორე დღეს გაიმართება შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან მედიისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კომპანიები. თითოეული სააგენტო წარადგენს იმ სოციალურ საწარმოს, რომელთანაც იმუშავა მის სოციალურ მიზნებზე, არსებულ პრობლემასა და შემუშავებული მიდგომის /პრობლემის გადაჭრის გზებზე.

ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო.

მონაწილე კრეატიული სააგენტოები:

  • ABK;
  • Betterfly;
  • Holmes & Watson;
  • Leavingstone;
  • JWT Metro;
  • Saatchi & Saatchi;
  • Windfor’s.

ღონისძიების მხარდამჭერები და პარტნიორები:

  • ვისოლ ჯგუფი;
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
  • ფრონტლაინ კლუბი.

რა არის პრო ბონო?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ტერმინს `პრო ბონო”, მისი მნიშვნელობა ბევრისთვის შეიძლება ჯერ კიდევ არც თუ ისე ნათელი იყოს.

პრო ბონო სერვისები წარმოადგენს კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ფორმას. ის გულისხმობს კომპანიის მიერ საზოგადოების საჭიროებებში ინვესტირებას, თუმცა არა ფულადი სახსრებისა, არამედ თანამშრომლეთა დროისა და ინტელექტუალური რესურსის. ალბათ ყველა კომპანიას განუხორციელებია  ინიციატივები, როდესაც თანამშრომლები მოხალისეობრივ საწყისებზე რგავენ ხეებს, ასუფთავებენ გარემოს და ა. შ. პრო ბონო სერვისები ასევე  კორპორაციულ მოხალისეობას (თანამშრომელთა მოხალისეობას) განეკუთვნება, მხოლოდ გულისხმობს თანამშრომელთა არა ფიზიკური შრომის, არამედ ცოდნისა და ექსპერტიზის უსასყიდლოდ შეთავაზებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების  წარმომადგენლებისათვის (ეს მოიცავს კონსულტირებას, ტრენინგებს და ა. შ).

პრო ბონო კონსულტირების სფეროები მრავალგვარი შეიძლება იყოს, კომპანიათა ექსპერტიზის შესაბამისად, მაგალითად: მარკეტინგი და ბაზრის კვლევა, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული განვითარება, ფინანსური და იურიდიული საკითხები, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა.

unnamed

პრო ბონო სერვისები საშუალებას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციებს მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება, რომელზეც მათ, სხვა შემთხვევაში, ხელი არ მიუწვდებოდათ და ამის შედეგად იყვნენ უფრო ეფექტურები, უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ. ამ გზით მიიღწევა მდგრადი და მასშტაბური შედეგი და იზრდება კომპანიის მიერ გაწეული დახმარების სოციალური ზეგავლენა. პრო ბონო სერვისების სოციალური შედეგი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, ვიდრე ფულადი დახმარებისა. ეს კი, კომპანიებს მრავალი სხვადასხვა სარგებლის სახით უბრუნდება. საერთაშორისო გამოცდილებით პრო ბონო პროგრამები მიიჩნევა მაღალი კორპორატიული კულტურის მაჩვენებლად, ხელს უწყობს კომპანიისადმი თანამშრომლეთა ლოიალობის  კორპორატიული სულისკვეთების ზრდას; საზოგადოებასთან კომპანიის ურთიერთობის გაუმჯობესებას (უჩვენებს საზოგადოებას კომპანიის „ადამიანურ სახეს”) და კომპანიის, როგორც „პასუხისმგებელი კორპორატიული მოქალაქის”, პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას.

Pro Bono სერვისები ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს იურიდიული კომპანიებისათვის, როდესაც კვალიფიციური იურისტები პრო ბონო, ანუ უსასყოდლო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ შეჭირვებულ ადამიანებს, რომელთაც ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.unnamed (1)

ბოლო თხუთმეტი-ოცი წლის განმავლობაში კი, ეს მიდგომა აქტიურად აიტაცეს და დანერგეს სხვადასხვა სფეროში მოქმედმა კომპანიებმა, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში (მაგ. პრო ბონო სოციალური პროგრამების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს Linkedin– ისათვის, BMW კორპორატიული ფონდისათვის, Google- ისათვის და ა.შ.

საქართველოშიც ეს ტენდენცია სულ უფრო მეტად მკვიდრდება. 2015 წელს `საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა”  (CSRDG) _ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც სამოქალაქო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, დაიწყო საქართველოში პრო ბონოს ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც მიმიდნარეობს BMW  კორპორატიული ფონდისა და საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაცია Taproot Foundation- ის მხარდაჭერით. ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა `საქართველოს პრო ბონო ქსელი~ _ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალური გაერთიანება, რომელთაც საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ სურთ პრო ბონო სერვისების მიწოდების გზით. საქართველოს პრო ბონო ქსელის დევიზია: “ბიზნეს ლიდერები საზოგადოების საკეთილდღეოდ”. ეს ქსელი უკვე ერთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს და პრო ბონო დახმარებას უწევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

განხილვა