რატომღაც ადამიანების უმეტესობას ასეთი კოგნიტიური მიკერძოება ახასიათებს: მათ სჯერათ, თითქოს, მომავალში ამოცანები როგორღაც გაადვილდება. რეალურად, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს კონკრეტული რაღაც, რაც ახლა გვაწუხებს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც შეგვაწუხებს და ამის თავიდან აცილებას ვერ შევძლებთ.
ცხადია, ინდივიდუალური განსხვავებები არსებობს, მაგრამ პროკრასტინაცია არის ტენდენცია, რომელსაც ყველა ჩვენგანი განიცდის, სხვადასხვა სფეროსა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. „უბრალოდ, ამის უკან არსებული ნამდვილი შემეცნებითი მექანიზმები უცნობია. შესაძლოა, სწორედ ეს ართულებს მის დაძლევას“, — ამბობს ნეირომეცნიერი რაფაელ ლე ბუკი.
პროკრასტინაციის ეფექტის ქვეშ მყოფ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სამომავლოდ ამოცანები უფრო ადვილად შესასრულებელი გახდება. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგებმა და ნეირომეცნიერებმა კვლევაც კი ჩაატარეს. მათ 43 ზრდასრულს სთხოვეს, არჩევანი გაკეთებინათ: მარტივი ამოცანები უფრო მცირე ჯილდოს სანაცვლოდ აქ და ახლა; თუ რთული ამოცანები სამომავლოდ მეტი სარგებლის მისაღებად. ამ შემთხვევაში, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები უფრო იმპულსურები არიან და მცირე ჯილდოს უფრო ადრე მიღებას ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე პირიქით.
ხოლო როდესაც მკვლევრებმა 43 სუბიექტიდან 27-ს სთხოვეს, ანალოგიური ექსპერიმენტი fMRI ნეიროვიზუალიზაციის აპარატის ქვეშ ჩატარებულიყო, ხარჯ-სარგებლის თანაფარდობის გამოსათვლელად თავის ტვინის ერთ უბანზე კონცენტრირდნენ — საუბარია დორსალურ მედიალურ პრეფრონტალურ ქერქზე. როგორც ჩანს, სწორედ ის აერთიანებს ინფორმაციას ჯილდოსა და ამოცანის შესახებ; უფრო შრომატევადი ამოცანები ზრდიდა მის ნერვულ აქტივობას, ხოლო მეტმა ჯილდომ შეამცირა იგი.
შედეგად აღმოჩნდა, რომ პროკრასტინაციის მქონე ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან იმ აზრის მიმართ, რომ დავალებების შესრულება მომავალში უფრო ადვილი იქნება. „როდესაც ერთთვიან სამუშაოს წარმოიდგენენ, მათთვის ღირებულება მნიშვნელოვნად იკლებს. თუმცა მათთვის, ვისთვისაც გაჭიანურების ფენომენი უცხოა, ღირებულება გაცილებით ნელა მცირდება“.
როგორ დავძლიოთ პროკრასტინაცია?
კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ გაჭიანურებასთან გამკლავების ორი გზა არსებობს:
1) დაიმახსოვრეთ დავალება. რადგანაც გაჭიანურება განმეორებადი გადაწყვეტილებაა, უნდა გახსოვდეთ, რომ რაღაც გაქვთ გასაკეთებელი — მაგალითად, სმარტფონზე ამოცანის შეხსენების ფუნქციის დაყენებამ და მასზე მეტად ფიქრმა შეიძლება, პროკრასტინაციის ალბათობა შეამციროს.
2) წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მომავალში. შეგიძლიათ, ზემოთ ხსენებული კოგნიტიური მიკერძოების აღმოფხვრა სცადოთ. ამას კი მომავლის წარმოდგენით საუკეთესოდ შეძლებთ — მაგალითად, ვიზუალიზაციას მიმართეთ, როგორ იქნებით გადადებული საქმეების შესრულებისას, როგორ იგრძნობთ თავს, როცა არასასურველი „თასქები“ კარს მოგადგებათ. ეს პრაქტიკა, რომელიც ცნობილია როგორც ეპიზოდური აზროვნება მომავლის შესახებ, გამოიყენებოდა, როგორც საკვებზე დამოკიდებულების ან ლტოლვის წინააღმდეგ საბრძოლველად.