დღეს 10-ზე უნდა ამდგარიყავით, რათა დაგროვილი საქმე მოგესწროთ.. შეიძლება ადექით კიდეც, თუმცა უკვე 2 საათია და საქმესთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე წინადადება თუ გაქვთ წაკითხული.. თქვენ ვერ გრძნობთ მინიმალურ მოტივაციასაც კი, განაგრძოთ საქმიანობა – ნაცნობი სცენარია ხომ? ასეთი რამ ალბათ ყველას დაგვმართნია. საქმის გადადების და სიზარმაცის ამგვარ გამოვლინებას პროკრასტინაციას უწოდებენ.
პროკრასტინაცია მხოლოდ სიზარმაცის ან დროის არასწორი მენეჯმენტის შედეგი არ არის. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი საფუძველი ჩვენს ემოციებში უნდა ვეძებოთ. სიზარმაცე მხოლოდ მაშინ ქრება, როცა ემოციების რეგულირებას ვახერხებთ, რადგანაც ის, თუ როგორ განწყობაზე ვართ და როგორი ემოციური ფონი გვაქვს კონკრეტულ მომენტში დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა დონეზე შევძლებთ საქმის შესრულებას.
რა არის პროკრასტინაცია?
”გაჭიანურება არის განზრახული ქმედების ნებაყოფლობითი შეფერხება, მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ამ შეფერხებამ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს”, – განმარტავს ასოცირებული პროფესორი ფსიქოლოგიაში ტიმ პიჩილი თავის წიგნში ”გადადებათა გადაჭრის თავსატეხი”. ანუ, გაჭიანურება განისაზღვრება, როგორც ირაციონალური ქცევა, რომელიც საქმიანობის შეფერხებით ხელს გვიშლის სამომავლო ბედნიერების მოპოვებაში.
დაფიქრდით: თქვენ იცით, რომ დავალებების მოგვარება მეტ ბედნიერებასა და ნაკლებ სტრესს მოგანიჭებთ, თუმცა, ამას ხშირად არ აკეთებთ. თქვენ მხოლოდ ფიქრობთ და გეგმავთ თქვენს საქმეს. თუმცა, ეს არარაციონალურია და სწორედ ამიტომაცაა ემოციური პრობლემა.
- ჩვენ ვსხდებით დავალების შესასრულებლად.
- ვფიქრობთ, თუ როგორი შეგრძნებები დაგვეუფლება საქმის შესრულებისას.
- ვწინასწარმეტყველებთ, რომ დავალების შესრულებისას თავს ცუდად ვიგრძნობთ.
- ვფიქრობთ, თუ როგორ ავირიდოთ ეს ცუდი შეგრძნებები.
- საბოლოოდ, არ ვასრულებთ დავალებას.
ეს ემოციური აცილების ტექნიკა, რომელსაც ჩვენი ტვინი – ხშირად ქვეცნობიერად – იყენებს, მსგავსია იმ მეთოდისა, რომელიც მრავალი სახის შფოთვას უდევს საფუძვლად. შფოთვით დაავადებული ადამიანები ხშირად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ გარეგანი საფრთხე და, თავის მხრივ, შეწყვიტონ წვდომა როგორც კარგ, ასევე ცუდ გრძნობებზე, რაც ხშირად იწვევს დეპრესიას. გაჭიანურებასა და დეპრესიას შორის ეს კავშირი მინიმუმ 90-იანი წლებიდან არსებობს და მას შემდეგ არაერთი ექსპერიმენტული მტკიცებულება გამოვლინდა.
პროკრასტინაციის შიში: შინაგანი კრიტიკა
როდესაც საქმეს თავს ვარიდებთ, მუდმივად გვიჩნდება შეგრძნება, რომ დავმარცხდით. ვგრძნობთ ძლიერ სინანულს, რაც საქმის არშესრულებაზე კარგი გამოსავალი ნამდვილად არ არის. ამ შემთხვევაში, ვაკრიტიკებთ თავს და ამით კიდევ უფრო ვწელავთ დროს. შესაბამისად, დავალების შესასრულებლად კიდევ უფრო ნაკლები დროის რესურსი გვრჩება. ამიტომაც, პროკრასტინაციას იმაზე უფრო ცუდი შედეგი აქვს ხოლმე, ვიდრე გვგონია, რომ ექნება.
პროკრასტინაციის გადალახვა
იმის ცოდნა, რომ საქმის გაჭიანურება არის ემოციური და არა დროის მართვის პრობლემა, კარგი დასაწყისია. მაგრამ ეს არ გვეუბნება, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ჩვენი ქცევის გასაუმჯობესებლად.
პირველი, რაც ბუდისტური ფსიქოლოგიიდან მომდინარეობს, არის იდეა “მაიმუნური გონების” შესახებ, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. “მაიმუნის გონება არასდროს ჩერდება და თქვენ ვერ შეძლებთ მის გაჩერებას”, – ამბობს პიჩილი. “ამის ნაცვლად, თქვენ მაიმუნს საქმე უნდა გააკეთებინოთ”.
მეორე იდეა, რომელიც უფრო ტრადიციული ფსიქოლოგიიდან მოდის, არის ის, რომ ჩვენი ემოციების იგნორირება შეუძლებელია. ასე რომ, როდესაც საქმის შესრულებისას ზიზღს ვგრძნობთ, ამას გვერდს ვერ ავუვლით.
პროკრასტინაციის გადალახვის მესამე იდეა მოდის დევიდ ალენისგან, Getting Things Done ™ მეთოდის დამფუძნებლისგან, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ ვახორციელებთ პროექტებს მუშაობის დროს; ჩვენ ვახორციელებთ ქმედებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი ჩვენი სამუშაო არის მცირე აქტივობების ერთობლიობა, რომლებიც ერთ ჯერზე უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანია ამ ფილოსოფიის გააზრება.
თუმცა, საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ პროკრასტინაცია გადავლახოთ, საჭიროა, გავიგოთ, რა გვაწუხებს ზოგადად, რომელი ემოციებით ვართ სავსე. საჭიროა, ხმამაღლა ვესაუბროთ საკუთარ თავს, წინასწარ განვსაზღვროთ რამხელა უსიამოვნება გველის საქმის შესრულებით და შევეგუოთ ამას ან უბრალოდ კარგად დავფიქრდეთ, მართლაც ასეთი უსიამოვნოა საქმის კეთება?
წყარო: Fast Company










