დღეს, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა უფრო მეტად გახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ბანკინგი ბუნებრივად ინტეგრირდა ჩვენს ცხოვრებაში. ასეთ დროს კი კარგია, თუ რეგულარულად ვადევნებთ თვალს მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის საჭირო და პრაქტიკულ რეკომენდაციებს. ასევე, იმ ვალდებულებებს, რომლებიც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს ჩვენ მიმართ ეკისრებათ. მართალია, ახლა ხშირად ვსაუბრობთ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საკითხებზე, თუმცა მეტი გამჭვირვალობა და ჩვენი უფლებების ცოდნა, კვლავ აქტუალური და საჭიროა.
დღეს ამ თემაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისთვის გერმანული „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი, კომპლაენსისა და AML ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჯელაძე საუბრობს.
რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობა და რა სარგებელი მოაქვს მას მომხმარებლისთვის?
ნინო ჯელაძე: პასუხისმგებლიანი საბანკო სერვისი მომხმარებელთან გამჭვირვალე და ღია ურთიერთობას უნდა ეფუძნებოდეს. კლიენტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების პრინციპი „პროკრედიტ ბანკისთვის“ უმთავრესია. მომხმარებლებს, პირველ რიგში ზუსტ, გასაგებ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ ინფორმაციას ვუზიარებთ, სასურველ პროდუქტთან, ან სერვისთან დაკავშირებით. არასდროს ვუბიძგებთ მათ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ, რაც მათთვის არასასურველი შედეგის მომტანი იქნება. ზოგადად „პროკრედიტ ბანკი“ არ გამოირჩევა აგრესიული მარკეტინგითა და მომხმარებლებისთვის სამომხმარებლო სესხების პროაქტიული შეთავაზებით. ჩვენი მიზანია, უშუალოდ მათზე მორგებული ფინანსური რესურსები შევთავაზოთ მარტივი და დაცული „ონლაინ“ არხების მეშვეობით. ვზრუნავთ მომხმარებლებში დაზოგვის კულტურის განვითარებაზე, უზრუნველვყოფთ მათი დანაზოგისთვის უსაფრთხო, დაცულ გარემოს და ამასთან, მათ ვთავაზობთ ბიზნესს სანდოობაზე დაფუძნებულ ფინანსურ პარტნიორობას. საბანკო სერვისების გამოყენებისას, აუცილებელია, მომხმარებლებს ახსოვდეთ, თუ ვის შეიძლება, მიმართონ საკუთარი უფლებების დარღვევის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში. „პროკრედიტ ბანკში“ წლებია, ფუნქციონირებს მომხმარებლების მხრიდან პრეტენზიების მიღება-განხილვის სტანდარტიზებული პროცედურა. ვზრუნავთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ვუპასუხოთ შემოსულ წერილებს, ან გადავჭრათ ჩვენი კლიენტების პრობლემები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსურ სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს ჩვენს ქვეყანაში არა ერთი ნორმატიული აქტი არეგულირებს. კანონში არსებული ჩანაწერები უშუალოდ თქვენს უფლებებს იცავს. ჩვენი მხრიდან კი, მათი პრაქტიკაში გამოყენება და გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს შეთავაზებული სერვისების გამჭვირვალობას. ისევე როგორც, ჩვენს გრძელვადიან და ეფექტიან თანამშრომლობას.
საიდან იწყება მომხმარებელთა უფლებების დაცვა?
როგორც დასაწყისშივე ვახსენეთ, მომხმარებელთა უფლებების დაცვა კომპანიის მხრიდან კლიენტებზე მორგებული, პასუხისმგებლიანი პროდუქტების შეთავაზებით იწყება, თუმცა მასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბანკის თანამშრომელთა მიერ კლიენტებისთვის გაწეული სერვისის ხარისხი და ეთიკურობა. მოგეხსენებათ, რომ კომერციული ბანკის საქმიანობა, მისი ფინანსური შუამავლის როლიდან გამომდინარე, დაფუძნებულია საზოგადოებრივ ნდობაზე. თავის მხრივ, საბანკო სისტემის მიმართ მომხმარებლების ნდობის დამყარებასა და შენარჩუნებას, მნიშვნელოვნად განაპირობებს საბანკო საქმიანობაში ჩართული თითოეული პირის ეთიკური ქცევა. „პროკრედიტ ბანკში“ არსებობს ეთიკის პრინციპებისა და დასაქმებულთა პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა შიდა რეგულაციისა საფინანსო სექტორს მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, მარეგულირებელიც ავალდებულებს მომხმარებლებთან ურთიერთობისას შესაბამისი წესები დაიცვას. მნიშვნელოვანია, რომ „პროკრედიტ ბანკი“ საკუთარი საერთაშორისო სტანდარტების, საქმიანობის პროცესებში დანერგილი ღირებული პრინციპებისა და მაღალკვალიფიციური გუნდის მეშვეობით, ხელს უწყობს ბანკის რეპუტაციის ზრდას. ამასთან, დადებითად აისახება ორგანიზაციის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობაზე. ხოლო, საბოლოო ჯამში მომხმარებლის კეთილდღეობაზეც.
რა არის ის მარტივი რჩევები, რაც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს?
პირველ რიგში, გირჩევდით, რომ ყოველთვის გაეცანით ხელშეკრულების პირობებს მის ხელმოწერამდე. დამერწმუნეთ, მოიძებნება მეტი დრო იმისთვის, რომ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას კიდევ ერთხელ გადახედოთ. ეს მოგცემთ საშუალებას, გადაამოწმოთ დათქმული პირობების სისწორე, გადაითვალოთ შემოთავაზებული სესხის, ან დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. სახელშეკრულებო ნაწილის დაწყებამდე, ან თუნდაც, გადაწყვეტილების მიღებამდე, არასდროსაა ურიგო, თუ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ალტერნატივებს ერთმანეთს შეადარებთ. მნიშვნელოვანია, რომ უკვე ხელშეკრულების დადებისას მოითხოვოთ შეტყობინების მიღების არხი, სადაც ბანკი შეძლებს მომავალშიც გამოგიგზავნოთ მნიშვნელოვანი მესიჯები. ფინანსურ სექტორთან ურთიერთობისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია დასვათ კითხვები, ეს არასდროსაა გვიან. ამასთან, რაიმე შენიშვნის, ან პრეტენზიის გაჩენის შემთხვევაში, უმჯობესია ყოველთვის წერილობითი ფორმით მიმართოთ ორგანიზაციას. და ბოლოს, დამატებითი რჩევები, რაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ – ყოველთვის უნდა აკონტროლოთ და იზრუნოთ თქვენს საკრედიტო ისტორიაზე; უნდა გაუფრთხილდეთ პერსონალურ მონაცემებს; სიფრთხილით მოეკიდოთ „ონლაინ“ გარემოში ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს და დაიცვათ ბანკის მიერ შემოთავაზებული წესები.
[პარტნიორის კონტენტი]