„პროკრედიტ ბანკის “ სათავო ოფისი პირველი მწვანე შენობაა საქართველოში, რომლის ენერგო და რესურს ეფექტურობა Edge-ს საერთაშორისო სერტიფიკატით დასტურდება. ეს ამბავი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. კომპანიის ეკოქვეგანყოფილების უფროსი ქეთევან კეკელაშვილი გვიყვება, რომ საერთაშორისო აუდიტორებმა შეაფასეს ბანკის სათავო ოფისის ენერგიის, წყლის და მასალების ეფექტურობის ერთობლიობა და სერტიფიკატით დაადასტურეს, რომ შენობა, თანამედროვე არქიტექტურული დიზაინითა და კომფორტული სამუშაო სივრცით, გარემოს მიმართ მეგობრულია.
„გარემოზე ზრუნვა ბანკის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს, ვანაცვლებთ ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას განახლებადი ალტერნატივებით“.
რას ნიშნავს ეს სერტიფიკატი „პროკრედიტ ბანკისთვის“?
ქეთევან კეკელაშვილი: არაერთხელ გვისაუბრია „პროკრედიტ ბანკის“ გარემოსდაცვითი კონცეფციის შესახებ. ბანკში დანერგილი გარემოსდაცვითი მართვის სისტემა გვეხმარება მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში, როგორც ეკოლოგიური და სოციალური რისკების შეფასების, ისე ენერგო და რესურს ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით. სწორედ ინოვაციური ენერგოეფექტური პრაქტიკის გათვალისწინებით არის დაპროექტებული და აშენებული „პროკრედიტ ბანკის“ სათავო ოფისის შენობაც, რომელიც, დღეს, საქართველოში, პირველი მწვანე სტანდარტების ოფისია. 2020 წელს, ნაგებობამ წარმატებით გაირა საერთაშორისო მწვანე შენობის Edge-ს სერტიფიკაციის პროცესი და “Advanced“ სტატუსიც მიიღო. Edge-ს (“Excellence in Design for Greater Efficiencies“) სერტიფიცირების ინსტრუმენტი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერაა შემუშავებული და მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება.
რას გულისხმობს მწვანე შენობის კონცეფცია?
ზოგადად, მწვანე შენობის კონცეფცია მოიცავს ყველაფერს – შენობის დიზაინს, მშენებლობის პროცესს და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ მომსახურებებს, რაც, საბოლოო ჯამში, შენობის ენერგო და რესურს ეფექტურობას უზრუნველყოფს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ნახშირორჟანგის (CO2) ემისიის დაახლოებით 40% სწორედ შენობებში გამოყენებული ენერგიის დანახარჯზე მოდის. ის უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც გარემოზე, ისე ჩვენს ჯანმრთელობაზე. არსებობს ვარაუდი, რომ 2050 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობის 68% ქალაქებში იცხოვრებს, რაც გამოიწვევს სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო გაზრდას. ამიტომაც, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობის პრაქტიკა არსებითი ხდება. სწორედ ამ პროცესებში მწვანე სტანდარტების გათვალისწინებას შეუძლია კლიმატსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის მნიშვნელოვნად შემცირება.
თქვენს შემთხვევაში რა მოიაზრება მწვანე კონცეფციაში, ანუ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის მიიღო „პროკრედიტ ბანკის“ შენობამ Edge საერთაშორისო სერტიფიკატი?
Edge-ს სერტიფიცირების პროცესი მოიცავს სამი ძირითადი კრიტერიუმით შეფასებას: შენობის ენერგოეფექტურობა, რესურსეფექტურობა და გამოყენებული მასალები. ბანკის სათავო ოფისმა მიიღო ენერგიის კუთხით 44%-ის დანაზოგის მაჩვენებელი, რესურსეფექტურობამ შეადგინა 38%, შენობის მშენებლობის დროს გამოყენებული მასალები კი, ქვეყანაში არსებულ ანალოგებთან შედარებით, 92%-ით უფრო ეფექტურია.
რას აძლევს კომპანიას ეს სერტიფიკატი?
Edge-ს სერტიფიკატი არის აღიარება, დაფასება გაწეული შრომის და დახარჯული რესურსების. ასევე – მოტივაცია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შენობის და ზოგადად, ბანკის რესურსების მოხმარების მაჩვენებლები და ვიყოთ მაგალითი სხვა კომპანიებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბანკის სათავო ოფისის მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყო შენობის ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნები. კერძოდ, თბოიზოლაცია, დაბალ-ემისიური შემინვა, გათბობა-გაგრილების ეფექტური სისტემები, შენობის მართვის თანამედროვე ავტომატიზებული სისტემა (BMS). თუმცა, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციას შენობის მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით – 2015 წელს მთლიანად შეიცვალა შენობის განათების სისტემა და დაინერგა ენერგოეფექტური LED განათება, რომელსაც დატვირთვის სენსორები და სინათლის დეტექტორები აქვს. 2018 წლიდან დავიწყეთ წვიმის წყლის შეგროვება და მისი ტექნიკური დანიშნულებით გამოყენება. 2020 წლის ივნისიდან, შენობის სახურავზე დამონტაჟებული მზის სისტემა თანამედროვე, მაღალეფექტური მზის პანალებით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გენერაციას შიდა მოხმარებისთვის.
ახლა, „პროკრედიტ ბანკს“, როგორც Edge-ს სერტიფიკატის მფლობელს, ალბათ, გარკვეული პასუხისმგებლობებიც ეკისრება, გარემოსდაცვითი მიმართულებით?
გარემოსდაცვითი მიმართულება „პროკრედიტ ბანკის“ ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია. ბანკი აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში მწვანე პროექტების დაფინანსებას და თავადაც მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს მწვანე მიმართულებებში. ხშირ შემთხვევაში, პროექტები და სტრატეგიები, რომელიც ბანკის ინიციატივით ეკოლოგიური კუთხით ინერგება, ბევრი ბიზნესებისთვის კარგ მაგალითს და დაინტერესების საგანს წარმოადგენს. მოხარულნი ვიქნებით, გავუზიაროთ დაინტერესებულ მხარეებს სერტიფიცირების პროცესში მიღებული ჩვენი გამოცდილება, შევაფასოთ და ბანკის საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში დავაფინანსოთ ინვესტიციები, რომლებიც მიმართული იქნება ახალი, მწვანე მშენებლობების და არსებული შენობების გადაიარაღებისთვის.ბანკის მწვანე დაფინანსების პროგრამა სწორედ გარემოს მიმართ მეგობრულ, ენერგო და რესურსეფექტური ინვესტიციების დაფინანსებას ემსახურება, რადგან გვჯერა, რომ მწვანე ფინანსირება არის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების საწინდარი.
[R]