გასული პერიოდის განმავლობაში, ბიზნეს გამოცემები ხშირად წერდნენ, რომ პანდემიის დასაწყისშივე, გაზაფხულზე სახლში დარჩენილ ყველა თაობის ადამიანს „გადაფასების“ ძლიერი ბიძგი შეეხო. 2020 წელმა უცნაურად დაგვაფიქრა, რისთვისაც ერთი დრო და ადგილი შეგვირჩია – სახლი. გაგვაჩერებინა ტრანსპორტი და საქმიანობა. ე.წ Lockdown-ისას ჰაერის გაჯანსაღების შესახებ ინფორმაცია, მთავარი პოზიტიური სიახლე გახდა ჩვენს ნიუსფიდზე. ქვეყნიერების სხვადასხვა წერტილში – ქალაქებსა თუ მეგაპოლისებში გარემოზე მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღმოჩნდა, რომ ამ დროს დედამიწამ ყველაზე მეტად ამოისუნთქა.
დღესაც არ იქნება ურიგო, თუ კიდევ ერთხელ დავფიქრდებით – რატომ უნდა ჩავაქროთ შუქი ოთახში, თუ მას მზის სინათლეც კარგად ანათებს, რატომ დავკეტოთ მომდინარე ონკანი, თუ წყალი ქვეყანაში ისედაც ბევრი გვაქვს? რა ვიცით პლასტმასას და ნარჩენების დახარისხების მნიშვნელობაზე, რატომ გადავსხდეთ ელექტრომობილზე, თუ შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილი უკვე გვყავს? – ამ კითხვებზე სწორი პასუხების შესაბამისი ქმედება, საზოგადოებისა და ბიზნესის გარემოსადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ეს მნიშვნელოვანი მისიაა, რაც ათწლეულების შემდეგ დედამიწას ახალი გამოწვევებისგან დაიცავს. როგორია ბიზნესის მხრიდან გარემოსდაცვითი საქმიანობის კუთხით გამორჩეული მიდგომა, ამის შესახებ საქართველოში გერმანული „პროკრედიტ ბანკის“ გარემოსდაცვითი მენეჯმენტის ხელმძღვანელი ქეთევან კეკელაშვილი საუბრობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესმა გარემოს დაცვის სტანდარტები საკუთარ საქმიანობაში გაითვალისწინოს?
ქეთევან კეკელაშვილი: განვითარება, რომელიც აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, არ ნიშნავს, რომ მომავალი თაობების საჭიროებასაც გასწვდება. ამიტომაც, სწრაფი წინსვლის სურვილისას არ უნდა დაგვავიწყდეს – გავუფრთხილდეთ გარემოს და გონივრულად მოვიხმაროთ რესურსები. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრინციპების ერთიანობა საქმიანობის ფუნდამენტური ნაწილი მეტი და მეტი ორგანიზაციისთვის უნდა გახდეს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი შეხედვით ამოუწურავი ბუნებრივი რესურსები ლიმიტირებულია. არა ერთხელ გვისაუბრია, რომ „პროკრედიტ ბანკში“ დიდ ყურადღებას ვუთმობთ გარემოზე ზემოქმედების საკითხებს. ეტაპობრივად ვცდილობთ შევამციროთ ბუნებაზე უარყოფით ზეგავლენა, რაშიც შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა გვეხმარება.
უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, რას გულისხმობს თქვენი გარემოსდაცვითი სისტემა?
ეკო სესხების კრიტერიუმების შემუშავება, ეკოლოგიური და სოციალური რისკების შეფასება ჩვენი მომხმარებლების საქმიანობაში, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების მხარდაჭერა. შიდა გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა და რაც მთავარია, ცნობიერების ამაღლება თანამშრომლებსა და მომხმარებლებში – ეს ძირითადი ჩამონათვალია იმისა, თუ რას გულისხმობს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რაც ბანკის ფუნქციონირების სისტემურ და ავთენტურ ნაწილს წარმოადგენს. შიდა გარემოსდაცვითი სისტემები ვახსენეთ და უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველად საქართველოში, „პროკრედიტ ბანკმა“ საკუთარი წყლის რეზერვუარი ააშენა, სადაც წვიმის წყალს ვაგროვებთ და გაფილტვრის შემდგომ მას ტექნიკურ წყლად ვიყენებთ, რითაც 15%-ით ვამცირებთ ჩვენი მხრიდან ბუნებრივი რესურსის მოხმარებას. მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით. დღეს ჩვენი სათაო ოფისის სახურავზე მზის ელექტროსადგური ფუნქციონირებს, რაც საშუალებას გვაძლევს, წლიურად, ელექტრო ენერგიის მოხმარება, საშუალოდ, 15%-ით ჩავანაცვლოთ ალტერნატიული ენერგიით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ავტოპარკის 75% ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილებისგან შედგება და ყოველი მომდევნო ავტომანქანა, რომელსაც ბანკისთვის შევიძენთ, აუცილებლად იქნება ელექტრო ენერგიაზე მომუშავე. უკვე წლებია, სათაო ოფისთან გვაქვს ელექტრო მანქანების ორი დამტენი მოწყობილობა, რომელიც უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისთვის. გვესმის, რომ ელექტრო ავტომობილების ელემენტიც არ არის მუდმივი, მისი გადამუშავება კი ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ამიტომაც ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მათ სეპარაციას, მონიტორინგს ვუწევთ გადამუშავების პროცესს და აქტიურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით სექტორის განვითარებას.
როგორც ვიცით, „პროკრედიტ ბანკს“ მიღებული აქვს ISO: 14001 სერტიფიკატი გარემოს დაცვის მენეჯმენტში. იგეგმება თუ არა სხვა საერთაშირისო სერტიფიკატის აღება უახლოეს მომავალში?
ფაქტობრივად დავასრულეთ „პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ სათაო ოფისის სერტიფიცირების პროცესი, საერთაშორისო მწვანე შენობის EDGE სტანდარტის მიხედვით. სულ მალე, ოფიციალური სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ჩვენი სათაოს შენობა მსოფლიოს მწვანე ოფისების სიაში შევა, როგორც გამორჩეული დიზაინის და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ენერგო და რესურს ეფექტური ნაგებობა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პირველი კომპანია ვიქნებით საქართველოში, ვინც ამ ტიპის სერტიფიკატს მიიღებს. თუმცა, ეს სიამაყის საფუძველს ნაკლებად გვაძლევს. მაშინ ვიამაყებთ, როდესაც ჩვენს მსგავსად საქართველოში მოქმედი სხვა ბევრი კომპანიაც იქნება საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობაში. ამიტომაც ვცდილობთ, რომ ჩვენი ხედვა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ჩვენს მომხმარებლებსა და საზოგადოებას აქტიურად გავუზიაროთ, დავამკვიდროთ ის, როგორც ნორმა და არა როგორც რიგითი, ერთჯერადი პროექტი.
[პარტნიორის კონტენტი]