in

დედლაინს ნუ დაელოდები!

„იმ დღეს, მინდოდა, რაღაც საქმე მიმეყვანა ბოლომდე, ერთი თვეა, გამეწელა ამ თემაზე მუშაობა და გადავწყვიტე, ახლა მაინც დავამთავრებ-მეთქი, მაგრამ ხან ოთახი აღმოჩნდა დასალაგებელი, მერე ნათესავმა დარეკა, მერე ფეისბუკზე გამეპარა დრო და მოკლედ, გადავდე ისევ სხვა დღისთვის“, – ზუსტად ამ შინაარსის არა, მაგრამ ზემომოყვანილი ტექსტის მიახლოებული ვარიანტი, ალბათ, ყველასთვის ნაცნობია, რადგან ჩვენ ყველანი პროკრესტინატორები ვართ.

რას ნიშნავს პროკრესტინატორი? – ადამიანს, რომელიც საკუთარ საქმეს, გამუდმებით, სხვა დროისთვის დებს გასაკეთებლად. შესაბამისად, პროკრესტინაცია წარმოადგენს ამ პროცესის განსაზღვრებას.

რა ხდება პროკრესტინატორების ტვინში განსხვავებული? – ბლოგერი, ტიმ ურბანი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას:

პროკრესტინატორი და არაპროკრესტინატორი ადამიანების ტვინს საერთო აქვთ ყმაწვილი, რომელსაც შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და რაც შეეხება განსხვავებას, არის კმაყოფილი მაიმუნი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მართავს პროკრესტინატორის გონებას.

მაიმუნის დახმარებით, ადამიანს აქვს უდარდელობის განცდა, თუმცა, როგორც კი, სინდისი შეაწუხებს და გადაწყვეტს ისე მოქცევას, როგორსაც საქმე მოითხოვს, მაიმუნი იწყებს აქტიურობას და ტვინს ბევრად მარტივი და სახალისო ქმედებებისკენ მოუწოდებს: ვიზუალური არტისტების გვერდების სქროლვა, ყოველ 10 წუთში მაცივრის შემოწმება, youtube-ზე ჯასტინ ბიბერის დედასთან ინტერვიუს მოსმენაც კი. კმაყოფილი მაიმუნი ცხოვრობს იმ მომენტით. მას არ აქვს წარსული და მომავალი, განსხვავებით ტვინში არსებული ყმაწვილისგან, რომელსაც შეუძლია, წარმოიდგინოს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ასეთ ქცევას მომავალში, გრძელვადიან პერსპექტივაში და ყველაფერმა ამან, გამოიწვიოს კონფლიქტი სურვილებსა და საჭიროებებს შორის. პროკრესტინატროების შემთხვევაში, კონფლიქტი მთავრდება რაციონალური გადაწყვეტილების გამარჯვებით მაშინ, როცა დედლაინია კარს მომდგარი და სახალხო შერცხვენის, კარიერული კატასტროფის შიშით, პანიკაში ჩავარდნილი მონსტრი, ადამიანის მფარველი ანგელოზი იღვიძებს. მნიშვნელოვანია ის, რომ პანიკური მონსტრი ერთადერთია, ვისიც მაიმუნს ეშინია. 

იმისთვის, რომ დამატებითი სტრესი არ შევიქმნათ და დაკისრებული ვალდებულებები დროულად შევასრულოთ, საჭიროა მარტივი წესების გათვალისწინება და პატარიდან დიდ საქმეებზე კონცენტრირება:

ორი წუთის წესი
ყოველდღიურად, მზად ვართ ისეთი საქმეებიც კი გადავდოთ შემდეგისთვის, რომელთა მოგვარებასაც ზუსტად 2 წუთი სჭირდება. მაგალითად, ჭურჭლის დარეცხვა სადილის შემდეგ, გასარეცხების შეყრა სარეცხ მანქანაში, ნაგვის გადაყრა, ტანსაცმელების მილაგება, ელექტრონული ფოსტის გაგზავნა და ა.შ. „ორი წუთის წესის“ მიზანი არის ის, რომ პატარა დავალებები შეასრულო იმ მომენტში, როცა ის, ჯერ კიდევ, არ გაქვს მობეზრებული და არ გაწუხებს, რომ სწორედ შენი გასაკეთებელია ეს საქმე.

დაგეგმე დღე
იცი, რა არის სამუშაო დღის გეგმის ჩამოწერაზე სასიამოვნო? – მისი გადახაზვა. ამიტომ, განსაზღვრე, რას გააკეთებ დღის განმავლობაში, გამოყავი პრიორიტეტები და საღამოს შეაფასე, რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა შენი სამუშაო დღე. 

იმოქმედე შენ მიმართ არსებული მოლოდინების შესაბამისად
დაკვირვებიხარ, რა სწრაფად ალაგებ ოთახს, როცა ვინმე უნდა მოვიდეს? 
თუ გინდა, შეწყვიტო პროკრესტინაცია, წარმოიდგინე შენთვის საყვარელი ადამიანი – მეგობარი, ოჯახის წევრი,  ნათესავი და მათი მოლოდინები შენ მიმართ, რომელიც გაიძულებს, საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდო, არ გამოიჩინო წუთიერი სისუსტე, რომელიც გაღიზიანებად, შენიშვნის მიღებად  შეიძლება იქცეს.

რა თქმა უნდა, სამყაროში პროკრესტინაციაზე საშინელი რაღაცებიც არსებობს, თუმცა, ხომ არაერთხელ გამოგიცდია, რომ ამ პროცესს, ნამდვილად, მოაქვს დამატებითი სტრესი და იმედგაცრუება?!

რამდენიმე პატარა ცვლილებით დაწყება ნამდვილად დაგეხმარება პროკრესტინაციისგან გათავისუფლებაში. შედეგად კი, შეძლებ თავდაჯერებულობისა და პროდუქტიულობის გაზრდას..

თუ გინდა, ცვლილებები, დაიწყე დღესვე! ნუ, დღესვე თუ არა, ოდესმე მაინც… 



“ჟღალი ბაზარი” Burger King-ის სახალისო რეკლამაში

ჰაერი და დამკვირვებლის წარმოსახვა