20
Jun
2019

Procter & Gamble-ის კიდევ ერთი ფილმი რასიზმის წინააღმდეგ

20 Jun 2019

Procter & Gamble რასისტული დისკრიმინაციის წინააღდეგ ბრძოლას აგრძელებს – საოჯახო ქიმიისა და თავის მოვლის საშუალებების კომპანიამ ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “The Look” გადაიღო. ამ ნამუშევარზე, ბრენდის წარმომადგენლებმა, რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე Cannes Lions უკვე ისაუბრეს.

„ფილმში ნაჩვენებია რეალური ფაქტები, რას ნიშნავს იყო შავკანიანი. ასახულია აგრესია, რომელსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, იქნება ეს წინასწარ განზრახული თუ უნებლიე, რაც საბოლოო ჯამში, თითოეული მათგანის ცხოვრებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს“, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.

გამოცემა Campaign US-ის ინფორმაციით, Procter & Gamble-ისთვის რასიზმზე საუბარი უცხო არ არის. დაახლოებით, 2 წლის წინ, კომპანიამ ფილმი “The Talk” წარადგინა, რომელიც შავკანიანთა დასაცავად დაწყებული მოძრაობის Black Lives Matter ერთგვარი მხარდასაჭერი აქტი იყო. მაშინ ბრენდმა, ამ კამპანიით,  პოლიციელების მხრიდან, უიარაღო შავკანიანთა დევნა და ჩაგვრა გააპროტესტა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ამ ნამუშევრისთვის, კომპანიამ Emmy  და სარეკლამო ინდუსტრიის უმაღლესი, Cannes Lions-ის ჯილდო მიიღო.

Procter & Gamble-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კრეატიულ ინდუსტრიაში ეს მათთვის ძალიან მისაღები ფორმაა. საზოგადოებასთან, კომუნიკაცია უკვე არა რეკლამის, არამედ ფილმების საშუალებით აქვთ, ხელოვნების ამ ჟანრით კი, უფრო ეფექტურია ისეთ პრობლემებზე საუბარი, როგორიც რასიზმია.

 

განხილვა