10
Sep
2019

P&G-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო – ბრენდი მარკეტინგულ კომუნიკაციას ცვლის 

10 Sep 2019

Procter & Gamble-მა ახალ მარკეტინგულ კომუნიკაციაში რამდენიმე ბრენდი ერთდროულად წარადგინა. კომპანიამ, მომხმარებელთან „სასაუბროდ“, მათივე თქმით, უფრო კრეატიული არხი, სატელევიზო შოუ აირჩია. თუმცა, ეს არ არის Product Placement. ამ შემთხვევაში, საუბარია დოკუმენტურ სერიალზე “Activate” (გააქტიურება). პირველი სერიის პრემიერა უკვე შედგა. ფილმში სულ 6 ეპიზოდია და მხოლოდ „ონლაინ“ პლატფორმებზე გავრცელდება.

ახალი სერიალი 6 ნაწილისგან შედგება და უკიდურესი სიღარიბის, უთანასწორობისა და მდგრადი განვითარების პრობლემებს ეხება. პროექტი National Geographic-თან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან Global Citizen და საპროდიუსერო კომპანია Radical Media-თან ერთად ხორციელდება.

პროექტის მთავარი მიზანი სიღატაკის შესახებ ცნობადობის ამაღლება და Global Citizen-ის პლატფორმაზე მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზებაა, რომ, 2030 წლისთვის, მსოფლიოში, სიღარიბის გავრცელება შეაჩერონ.

“Activate”-ის თითო ეპიზოდი კონკრეტულ თემას ეხება. პრობლემატურ საკითხებზე, CNBC-ის ინფორმაციით, სატელევიზიო შოუში ამერიკელი მომღერალი ბეკი ჯი (Becky G), ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი, ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა, ამერიკელი მომღერალი ფარელ უილიამსი და Global Citizen-ის სხვა აქტივისტები მონაწილეობენ. სერიალში ნაჩვენებია, როგორ უჭერს მხარს P&G აფრიკის ქვეყნებში მოზარდების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ადგილობრივ სკოლებში Always-ის ჰიგიენური საფენებს უსასყიდლოდ არიგებს. ასევე, მოთხრობილია Tide-ის სპეციალურ კამპანიაზე “Loads of Hope”, როცა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ ურეცხავენ ტანსაცმელს.

„ჩვენი მიზანია, რეკლამა აღარ იყოს მასობრივი კულტურის ნაწილი, რომელიც უამრავ გამაღიზიანებელ და შემაწუხებელი გზავნილს ატარებს. მომხმარებლებს, რეკლამის სახით, საჭირო და საინტერესო კონტენტი უნდა მივაწოდოთ“, – ამბობს P&G-ის მარკეტინგის დირექტორი მარკ პრიჩარდი.

მისივე თქმით, ამ საკომუნიკაციო პლატფორმით, კომპანიას სურს, მომხმარებელთა ახალი სეგმენტზე გავიდეს. ესენი ძირითადად ის ახალგაზრდები არიან, ვინც ტრადიციულ მედიას და შესაბამისად, ტრადიციულ რეკლამებს აღარ უყურებენ.

„ბევრი მომხმარებლისთვის რეკლამა უბრალოდ გამაღიზიანებელია. მილენიალებისა ( 23-დან 30 წლამდე) და Gen Z (7-დან 22 წლამდე)-ის 70% მხოლოდ ისეთ კონტენტს უყურებს, სადაც რეკლამა საერთოდ არ არის. ზოგადად, 10-დან 9 მომხმარებელი ბრენდის იმიჯს პოზიტიურად აფასებს თუ ის საზოგადოებრივ ინტერესების მხარდამჭერია. მათი ნახევარი კი, პროდუქტს კომპანიის მიმართ წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულების გამო ყიდულობს“.

P&G-ისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრადიციული რეკლამაზე უარი თქვა და მარკეტინგული კომუნიკაციისთვის ფილმის ფორმატი აირჩია. მაგალითად, The Look და The Talk. ამ უკანასკნელმა, როგორც რასიზმის წინააღმდეგ შექმნილმა საუკეთესო ნამუშევარმა, კანის კრეატიულ ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა.

სერიალი “Activate” 2019 წელს, 174 ქვეყანაში, 43 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

განხილვა