პროდუქტის მარკეტინგი არის პროდუქტის პოზიციონირების მომხმარებელთა საჭიროებებთან შესაბამისობა, რათა მომხმარებლებმა იყიდონ და გამოიყენონ ეს პროდუქტები. ეს არსებითად დამოკიდებულია პროდუქტის ბაზარზე შემოტანასა და გაყიდვაზე. პროდუქტის მარკეტინგის ძალისხმევა შეიძლება მიმართოთ პოზიციონირებისა და გზავნილების გენერირებისკენ, ახალი პროდუქტებისა და ფუნქციების გაშვებისკენ, მომხმარებლებთან კომუნიკაციისკენ და სხვა… სწორედ ამიტომ ის პროდუქტის სტრატეგიის, გაყიდვების, მომხმარებლის კმაყოფილებისა და სხვა მიმართულებების ერთგვარი თანაკვეთაა.
პროდუქტის მარკეტინგის მთავარი პასუხისმგებლობაა აღიქვას და წარმოადგენდეს მომხმარებლის ხმას. პროდუქტის მარკეტერებმა კარგად იციან, რომ არავინ ყიდულობს პროდუქტებს ან სერვისებს – ადამიანები ყიდულობენ მათი პრობლემების გადაწყვეტას. სწორედ ამიტომ, ორიენტირებული უნდა ვიყოთ ნარატივის შექმნაზე, რომელიც ეყრდნობა მომხმარებელთა შეხედულებებს, რათა მყიდველებმა ჩვენი პროდუქტები მათი გამოწვევების გადაჭრისა და მიზნების მიღწევის საშუალებად აღიქვან.
პროდუქტის მარკეტინგის ფუნქციები მოიცავს:
ბაზარზე გასვლის (GTM) საერთო სტრატეგიის ხელმძღვანელობას (დასახელება, შეფუთვა და ფასი, პარტნიორის გააქტიურება, პოზიციონირება, ჩართვა, ძაბრის ტოპ-საშუალო კონტენტი, კამპანიები და შეთავაზებები)
ის ეხმარება გაყიდვების გუნდს გაყიდვების ზრდაში.
ბაზრის ღრმა აღქმა – რა მოსწონთ მომხმარებლებს, რა არ მოსწონთ…
პროდუქტის საგზაო რუკის თვალის დევნება და ახალი პროდუქტების ჩაშვება
სამუშაო მოიცავს პროდუქტის წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნასაც.
პროდუქტის მარკეტინგი VS ტრადიციული მარკეტინგი
ტრადიციული მარკეტინგი არის კომპანიისა და მთლიანად, ბრენდის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნის ზრდა. მეორე მხრივ, პროდუქტის მარკეტინგი ფოკუსირებულია კონკრეტულად იმ პროდუქტებზე, რომლებსაც თქვენი ბრენდი ყიდის და იწვევს პროდუქტზე მოთხოვნას და მიღებას.
ტრადიციულ მარკეტინგში თქვენი მიზანია დააინტერესოთ ხალხი თქვენი კომპანიით, იფიქროთ კომუნიკაციისა და ჩართულობის გაზრდის გზებზე…
პროდუქტის მარკეტერები კონკრეტულ აუდიტორიასთან მუშაობენ პროდუქტებთან მიმართებაში. სამიზნე აუდიტორია უფრო მეტად უკვე არსებული მომხმარებელთა ბაზიდან მოდის. პროდუქტის მარკეტერი იცნობს მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებს, სად ეძებენ პროდუქტებს, რის მიხედვით არჩევენ და ა.შ. მთელი ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ შეიმუშაოთ ისეთი პოზიციონირება, რომელიც ზუსტ აუდიტორიას მიმართავს. თქვენი მიზანია პროდუქციის პოპულარიზაცია შეძლოთ ისე, რომ ის რეზონანსული იყოს მომხმარებლებთან.
პროდუქტის მარკეტინგი VS პროდუქტის მენეჯმენტი
პროდუქტის მენეჯერის სამუშაოა ახალი პროდუქტებისა და მახასიათებლების განსაზღვრა და შექმნა. პროდუქტის მარკეტერის მოვალეობა კი ამ პროდუქტების კომერციალიზაცია, მოთხოვნის, გაყიდვებისა და შემოსავლის გაზრდაა. პროდუქტის მენეჯერი პასუხისმგებელია იმ პრობლემის გაგებაზე, რომლის წინაშეც დგას მომხმარებელი, რის შემდეგაც განსაზღვრავს და აგებს გამოსავალს. პროდუქტის მარკეტერი ფლობს კომერციალიზაციის სტრატეგიასა და ნარატივს და განსაზღვრავს პროდუქტის პოზიციას ბაზარზე.
რატომ არის პროდუქციის მარკეტინგი მნიშვნელოვანი?
პროდუქტის მარკეტინგი პასუხისმგებელია იმ საფუძვლის შექმნაზე, რომელსაც გუნდები იყენებენ პროდუქტების წარმატებით პოზიციონირებისა და პოპულარიზაციისთვის. პროდუქტის მარკეტერთან მუშაობს ყველა, გაყიდვების გუნდით დაწყებული, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდით დამთავრებული.
პროდუქტის მარკეტინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდური ინიციატივების მხარდაჭერაში. ასევე, პროდუქტის მარკეტინგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უზრუნველყოფს პროდუქციის გაყიდვას, არამედ იმიტომაც, ხელს უწყობს ბრენდის თხრობას.
B2B მარკეტინგისა და გაყიდვების ინტენსიურ ეპოქაში, მყიდველებს უფრო მეტი არჩევანი აქვთ, ვიდრე ოდესმე. შედეგად, დღევანდელ მყიდველებს უჭირთ ერთმანეთისგან განასხვავონ გამყიდველები, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს. სწორედ ამიტომაა პროდუქტის მარკეტერის როლი მნიშვნელოვანი. მას ყველაზე მეტად აინტერესებს მომხმარებლების აზრი.
რას მოიცავს პროდუქტის მარკეტინგის სტრატეგია?
პროდუქტის მარკეტინგის სტრატეგია არის გზამკვლევი, რომელიც წარმართავს თქვენს პროდუქტს მისი შემუშავებიდან გაშვებამდე. ეს სტრატეგია დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, როგორ პოზიციონირებთ და არეკლამებთ თქვენს პროდუქტს, გაშვებამდე და მის შემდეგ.
აქ მოცემულია ნაბიჯები, რომლებიც ნებისმიერი პროდუქტის მარკეტინგის სტრატეგიაში გამოგადგებათ.
მომხმარებელთა განვითარება
სანამ თქვენს პროდუქტზე დაიწყებთ საუბარს, უნდა იცოდეთ, ვინ არის თქვენი აუდიტორია. პირველი, რაც პროდუქტის მარკეტერმა უნდა გააკეთოს, სამიზნე ბაზრის განსაზღვრა და მყიდველის პერსონების შექმნაა. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ ვინ არის მყიდველი, ასევე რა არის მათი საჭიროებები და ინტერესები. ამ ინფორმაციის საშუალებით შეძლებთ შექმნათ გზავნილები, რომლებიც თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან მოვა რეზონანსში.
პოზიციონირება და მთავარი გზავნილები
მას შემდეგ, რაც გაარკვიეთ ვის ესაუბრებით, დროა გადაწყვიტოთ რის თქმას აპირებთ. თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, შექმენით ნარატივი, რომელიც პოზიციონირებს თქვენს პროდუქტს, როგორც მათი პრობლემების გადაწყვეტას. რა განსაზღვრავს თქვენი პროდუქტის უნიკალურობას? ამისათვის ამ კითხვებს უპასუხეთ:
ვისთვის არის პროდუქტი?
რას აკეთებს ის?
რატომ უნდა სურდეს მომხმარებელს მისი გამოყენება?
რატომ სჭირდება მომხმარებელს თქვენი პროდუქტი სწორედ ახლა?
რით განსხვავდება ეს პროდუქტი იმისგან, რაც უკვე არსებობს?
შეადგინეთ პროდუქტის გაშვების გეგმა
პროდუქტის გაშვება ჩვეულებრივ მოიცავს გუნდებს მთელი ორგანიზაციიდან. პროდუქტის მარკეტერებს უნდა ჰქონდეთ გაშვების გეგმა, რათა თვალყური ადევნონ მთელ ამ პროცესს. გეგმის შედგენისას იმუშავეთ უკუთვლით. ჯერ მიზანი დაწერეთ, შემდეგ წამოყევით უკუსვლით და ეტაპობრივად დაინახეთ ნაბიჯები.
მოამზადეთ კონტენტი პროდუქტის გასაშვებად
ეს შეიძლება იყოს პროდუქტის დემო, გამოყენების ვიდეო, ბლოგი, ლენდინგ გვერდი და სხვა.
მოამზადეთ გუნდიც
გუნდს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა გზას გაივლის პროდუქტი გაშვებისას და სად რა მიზანია დასახული, რათა ძალისხმევა საჭირო მიმართულებით დახარჯოს.
პროდუქტის ჩაშვების შემდეგ, კარგად გააანალიზეთ, როგორ წარიმართა პროცესი, მოისმინეთ უკუკავშირი და დააკვირდით მეტრიკას.
წყარო: drift