რატომ არის ზოგიერთი ადამიანი სხვებზე უფრო პროდუქტიული? რა განაპირობებს ამას? პროდუქტიულობის უკეთ შესასწავლად, გასულ წელს HBR-მა გამოაქვეყნა კითხვარი, რომლის მიზანი იყო, დახმარებოდა პროფესიონალებს საკუთარი პროდუქტიულობის შეფასებასა და იმ ჩვევების გამოვლენაში, რასაც ყოველდღიურად იყენებენ წარმატების მისაღწევად.
გამოკითხვა შვიდ ჩვევაზე იყო ფოკუსირებული: ყოველდღიური რუტინის გამომუშავება, დაგეგმვა, შეტყობინებებთან მუშაობა, დიდი სამუშაოს შესრულება, ეფექტური შეხვედრების ჩატარება, კომუნიკაციისა და საქმის განაწილების უნარი.
კითხვარი 19,957-მა რესპონდენტმა შეავსო, ექვსი კონტინენტიდან. მათგან, დაახლოებით, ნახევარი ჩრდილოეთ ამერიკიდან იყო, 21% – ევროპელი, 19% – აზიელი. დანარჩენ 10%-ს შეადგენდნენ ავსტრალიელები, სამხრეთ ამერიკელები და აფრიკელები.
კითხვარს გააჩნდა თავისი საზღვრებიც – მაგალითად, რესპონდენტები HBR-ის მკითხველები იყვნენ, ხოლო რეიტინგები თავად გამოკითხულთა თვითშეფასებას წარმოადგენდა და არა ობიექტურ მაჩვენებლებს. ამის მიუხედავად, მკვლევარებმა გამოკითხვა სასარგებლოდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ ის პროდუქტიულობის განმაპირობებელ ჩვევებსა და პროფესიონალთა პრობლემებზე იძლეოდა ინფორმაციას.
გამოიკვეთა სამი ძირითადი კანონზომიერება: პირველ რიგში, ხანგრძლივი სამუშაო საათები არ ნიშნავს უფრო მაღალპროდუქტიულობას. ჭკვიანური მუშაობა არის მთავარი საქმეების შესრულების საიდუმლო. მეორე – ასაკი და გამოცდილება მჭიდრო კავშირში აღმოჩნდა პირად პროდუქტიულობასთან – უფროსი ასაკის სპეციალისტები უფრო მაღალ შეფასებებს წერდნენ, ვიდრე უმცროსები. მესამე – ქალთა და მამაკაცთა პროდუქტიულობა თითქმის ერთნაირი იყო, თუმცა სხვაობა იყო პირად პროდუქტიულად დაკავშირებულ კონკრეტულ ჩვევებში.
ასევე, აღმოჩნდა, რომ მაღალი მაჩვენებლების მქონე პროფესიონალებს საერთო უნარები აერთიანებდათ. ისინი საქმეს გეგმავდნენ პრიორიტეტებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. მათ შეიმუშავეს ეფექტიანი მეთოდები დიდი ინფორმაციებისა და ამოცანების სამართავად. ასევე, მათ ესმოდათ კოლეგების საჭიროებები.
თუკი კვლევას გეოგრაფიული თვალსაზრისით შევხედავთ, ჩრდილოეთ ამერიკელი რესპონდენტების მაჩვენებლები სკალის შუაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო ხანგრძლივი გრაფიკით მუაობენ. მნიშვნელოვნად მაღალი იყო ევროპელი, აზიელი და ავსტრალიელი რესპონდენტების მაჩვენებელი. მეორე მხრივ, ჩრდილო ამერიკელების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატებოდა სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის რეზიდენტების მაჩვენებლებს (აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან ყველაზე ცოტა მონაცემი დაგროვდა).
ევროპელებს, აზიელებსა და ავსტრალიელებს ახასიათებდათ ყოველდღიური დაგეგმვის, დასაწყისშივე საბოლოო პროდუქტზე კონცენტრირების ჩვევა და დიდი სიფრთხილე, სანამ რაიმეს დაწერენ ან წაიკითხავენ.
გამოკითხვაში მონაწილეთა პროპორცია ასე გადანაწილდა – 45% ქალი და 55% მამაკაცი. აღსანიშნავია, რომ საშუალო მაჩვენებლები, სქესის მიხედვით, მხოლოდ მცირედით განსხვავდებოდა.
თუმცა, განსხვავება იყო მიდგომაში, როგორ ახერხებენ ქალები და მამაკაცები პროდუქტიულობის მიღწევას. ქალებს მამაკაცებზე უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ შეხვედრების ეფექტურად წარმართვაში – შეხვედრის განრიგს ერთი დღით ადრე გზავნიდნენ, თავად შეხვედრა არ აღემატებოდა 90 წუთს და სრულდებოდა შეთანხმებით. ასევე, ქალები საღამოობით ადგენდნენ საქმიან კალენდარს და სწრაფად პასუხობდნენ მნიშვნელოვან წერილებს. ამის საპირისპიროდ, მამაკაცები უფრო იშვიათად ამოწმებდნენ შემოსულ შეტყობინებებს და არ კითხულობდნენ ნაკლებად მნიშვნელოვან წერილებს. ასევე, ნაკლებად იყვნენ დაკავებული დაგეგმვით და პირდაპირ შედეგზე ორიენტირდებოდნენ.
გეოგრაფიისა და გენდერის გარდა, კვლევის ფარგლებში გააანალიზეს ასაკობრივი და თანამდებობრივი ფაქტორებიც. ასაკის მიხედვით, გამოკითხულები ხუთ ნაწილად გაყვეს. უმეტესობა 30 წელზე ნაკლები წლოვანების იყო, ყველაზე ცოტა კი – 60 წელზე მეტის. როგორც აღმოჩნდა პროდუქტიულობა ასაკის მატებასთან ერთად იზრდებოდა. გამოცდილებამ რესპონდენტებს ჭკვიანურად მუშაობა ასწავლა და შემდეგი მთავარი ჩვევები განავითარებინა: ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის რუტინის გამომუშავება, შეტყობინებების მართვა, ეფექტური შეხვედრების წარმოება და საქმის გადანაწილება სხვებისთვის. ასევე იყო თანამდებობების შემთხვევაშიც. ამ მონაცემის მიხედვითაც, გამოკითხულები ხუთ ნაწილად დაყვეს. ასაკთან ერთად, იზრდებოდა პროდუქტიულობა და თანამდებობაც. თუმცა, მაღალი თანამდებობის მქონეთა საერთო ჩვევებში შედიოდა დაგეგმვა, ბევრი საქმის გაკეთება და ძლიერი საკომუნიკაციო უნარები.
რა შეიძლება ვისწავლოთ ამ კვლევის შედეგებიდან? თუკი, გინდათ უფრო პროდუქტიული გახდეთ, სპეციფიკური უნარები უნდა განივითაროთ.
პირველ რიგში, დაგეგმეთ სამუშაო პრიორიტეტების მიხედვით:
საღამოობით, გადახედეთ დღის განრიგს და გამოყავით პრიორიტეტები. შეხვედრის გვერდით, კალენდარში, მიაწერეთ მიზანი.
გადაუგზავნეთ დეტალური განრიგი შეხვედრის ყველა მონაწილეს.
მსხვილ პროექტებზე სანამ გადახვალთ, გააკეთეთ წინასწარი დასკვნები, რაც შეიძლება მალე.
სანამ რაიმეს წაიკითხავთ (არ აქვს მნიშვნელობა მოცულობას), გაიაზრეთ, რა მიზანი გამოძრავებთ.
სანამ ვრცელ რაღაცას დაწერთ, გააკეთეთ სქემა და ლოგიკური ჯაჭვი, რათა შემდეგ არ აცდეთ მთავარ გზას.
გამოიმუშავეთ ეფექტიანი ტექნიკები დიდი მოცულობის ინფორმაციისა და ამოცანების სამართავად:
აქციეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა ჩაცმა და საუზმობა რუტინად და არ ხარჯოთ გონებრივი რესურსი მათზე ფიქრზე.
დაიტოვეთ დრო მოულოდნელი სიტუაციებისთვის და დაუგეგმავი ღონისძიებისთვის.
შეამოწმეთ თქვენი გაჯეტები საათში ერთხელ და არა ყოველ წუთას.
გადაარჩიეთ შემოსული შეტყობინებები თემატიკისა და გამომზავნის მიხედვით.
დაანაწევრეთ დიდი პროექტები და თითოეული ამოცანის გადაჭრისას დააჯილდოვეთ საკუთარი თავი.
გადაანაწილეთ საქმეები, რომლებიც თქვენს ტოპ პრიორიტეტებში არ შედის.
გააცნობიერეთ თქვენი კოლეგების საჭიროებები:
შეზღუდეთ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 90 წუთამდე (უმჯობესია კიდევ უფრო ნაკლები დრო თუ დასჭირდება). დაასრულეთ ყოველი შეხვედრა მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრით და ამ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობების განაწილებით.
უპასუხეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების შეტყობინებებს დაუყოვნებლივ.
აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად, ისაუბრეთ რამდენიმე ჩანაწერზე დაყრდნობით – ნუ წაიკითხავთ წინასწარ დაწერილ ტექსტს.
განსაზღვრეთ მკაფიო მიზნები და წარმატების მაჩვენებლები.
გუნდური წარმატების მისაღწევად, დაბრალების პოლიტიკის ნაცვლად, ეცადეთ წინასწარ აირიდოთ შეცდომები.
წყარო: HBR