ადამიანების უმრავლესობის მსგავსად, სავარაუდოდ, თქვენც ყოველთვის გარკვეულ თანმიმდევრობას იცავთ. თუ რაღაც მიზეზით განსხვავებულად მოიქცევით, ეს მთელი დღის განწყობაზე იმოქმედებს, რადგან დილის რუტინა ერთგვარი რიტუალია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის მსოფლმხედველობაზე. ამ საკითხზე საუბრობს მაიკლ ნიტონი წიგნში „რიტუალური ეფექტი: ჩვევიდან რიტუალამდე, გამოიყენე ყოველდღიური მოქმედებების გასაოცარი ძალა“.
„ზოგჯერ რიტუალებს იმისათვის მივმართავთ, რომ მოსაწყენი მოქმედებები და საქმიანობა მეტი მნიშვნელობითა და ემოციით გავაჯეროთ. ბევრი ადამიანისთვის კბილების გახეხვისა და შხაპის მიღების ბანალურ მაგალითში წესრიგი ნამდვილად მნიშვნელოვანია. როდესაც ისინი ამას გამუდმებით გარკვეული თანმიმდევრობით აკეთებენ, მეტად თავდაჯერებულები არიან დღის განმავლობაში“, — ამბობს წიგნის ავტორი.
მიუხედავად იმისა, რომ რიტუალებსა და ჩვევებს თითქმის თანაბარი მნიშვნელობა აქვთ, მათ შორის განსხვავება მაინც საკმაოდ დიდია. ჩვევა არის ის, რასაც აკეთებ და რიტუალი — თუ როგორ აკეთებ. ჩვევა ხშირად ავტომატურია, რიტუალი კი წინასწარ დადგენილი ნორმებით ხორციელდება. მაგალითად, კბილების გახეხვა ჩვევაა, მაგრამ ამას მუდამ შხაპის მიღების შემდეგ თუ აკეთებთ, ამას უკვე რიტუალური სახე აქვს.
რიტუალები ემოციური კატალიზატორებია, რომლებიც გვაძლიერებენ და ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რუტინას დასამახსოვრებლად აქცევენ. ისინი გვეხმარებიან, გადავლახოთ ცხოვრებისეული დაბრკოლებები და გავიუმჯობესოთ განწყობა.
რიტუალები ემოციების ეფექტური გენერატორებია, რომლებიც გვაძლიერებს ან გვამშვიდებს.
იმისათვის, რომ რიტუალები პროდუქტიულობისთვის საუკეთესოდ გამოიყენოთ, უნდა დააკვირდეთ თქვენი ცხოვრების რომელ ასპექტში ეთმობათ ყველაზე დიდი დრო და მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს რიტუალი, ზოგჯერ ეს გაუცნობიერებლად ხდება. მაგალითად, შეიძლება არასდროს დაჰკვირვებიხართ კბილებს შხაპის მიღებამდე იხეხავთ თუ მიღების შემდეგ.
როდესაც დღის განმავლობაში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, გაიხსენეთ დილის რიტუალი ჩვეული თანმიმდევრობით შეასრულეთ თუ არა.
გამოიყენეთ რიტუალები პროდუქტიულობის გასაზრდელად
როდესაც თქვენს ყოველდღიურობაში რიტუალებს აღმოაჩენთ, აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ ისინი. თუ ყოველ დილით ელფოსტის შემოწმება თქვენი რიტუალის ნაწილია, ყოველთვის გამონახეთ დრო ამის გასაკეთებლად. რიტუალები გეხმარებათ გადახვიდეთ იმ რეჟიმში, რომელშიც გსურთ იყოთ და საყვარელი საქმე ხალისით აკეთოთ.
რიტუალების ძალის გამოყენების კიდევ ერთი გზაა ახალი ჩვევების შეძენა და რიტუალის ნაწილად ქცევა. ნორტონი გვთავაზობს ვკითხოთ საკუთარ თავს: სად არის ადგილი, სადაც ცოტა მეტი ემოციის გამოყენება შემიძლია? რას მივანიჭო ბევრად მეტი მნიშვნელობა? სად მჭირდება მეტი სიმშვიდე? ეს ის ადგილებია, სადაც რიტუალები უნდა სცადოთ.
როცა რიტუალები გვეხმარება
თუ მნიშვნელოვანი შეხვედრის დაწყებამდე ნერვიულობთ ხოლმე, შეგიძლიათ შექმნათ რიტუალი, რომელიც თქვენს ნერვულ სისტემას დაამშვიდებს. მაგალითად, სცადეთ სუნთქვით ვარჯიშებს მიმართოთ ან საყვარელ მუსიკას მოუსმინოთ. თუ დღის ბოლოს სამუშაოს მიტოვება და სახლში წასვლა გიჭირთ, შეგიძლიათ, განახორციელოთ რიტუალი, რომელიც ერთგვარი საზღვარი იქნება. მაგალითად, შექმენით სამუშაოების სია მომდევნო დღისთვის და გამორთეთ ლეპტოპი.
„საკუთარ თავს უნდა უთხრათ: მე ვტოვებ ჩემს ერთ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია მუშაობაზე და სრულად ვხდები მეორე ნაწილი, რათა ვიყო საკუთარი თავი, მეგობარი, მეუღლე, მშობელი“, — ამბობს ნორტონი.
მიუხედავად იმისა, რომ რიტუალი ზოგჯერ სულელურია ხოლმე, ნორტონი მიიჩნევს, რომ მასში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც მას ყველაზე სასარგებლოდ აქცევს. რიტუალები სიხარულის წყაროა, ისინი ჩვენს ცხოვრებას აძლიერებს. მათი დახმარებით, ჩვეულებრივი ქმედებები ორიგინალურ სახეს იღებს.