in

როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა სახლიდან მუშაობისას? — 7 რჩევა

M2
M2

უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც დისტანციურად მუშაობა თითქმის მთელი მსოფლიოს ნორმად იქცა. როგორც ყველაფერი, ეს პროცესიც განვითარების ლოგიკურ ჯაჭვს მიჰყვა: თავიდან იყო დაბნეულობა, რამაც ფსიქოლოგებისგან და მენეჯერებისგან დიდი ჩართულობა გამოიწვია, რათა ადამიანებს მაქსიმალურად დახმარებოდნენ სწრაფ და ეფექტურ ნავიგაციაში. ამას მოჰყვა შეგუება და „სრული კომფორტი“ — სამუშაო ძალა ახალ რეალობას მიეჩვია.

ახლა კი, დაახლოებით, ორი წლის გასვლის შემდეგ, დისტანციურად მომუშავე თანამშრომელთა ნაწილს მოჰბეზრდა „ონლაინ ყოველდღიურობა“. მიუხედავად ამისა, უნდა შევეგუოთ, რომ ზოგიერთი კომპანიისთვის ეს ტრადიცია ყოველთვის აქ დარჩება და შესაბამისადაც უნდა მოვერგოთ. სტატიაშიც იმის შესახებ მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა სახლიდან მუშაობისას — თუნდაც მანამდე, ვიდრე თქვენი დამსაქმებელი ოფისში დაბრუნებას გადაწყვეტს.

1. შეინარჩუნეთ კავშირები

ამ დრომდე ჩატარებული უამრავი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ სახლიდან მუშაობისას ყველაზე დიდ პრობლემას სოციალური იზოლაცია წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა გვაკლია.

მარტოობას კი სერიოზული გავლენა აქვს ჩვენს საქმიანობაზე: კვლევის თანახმად, მას ემოციურ იზოლაციამდეც მივყავართ, რაც საბოლოოდ არაპროდუქტიულობას და კეთილდღეობის ცუდ მდგომარეობას იწვევს, ისევე, როგორც ჯანმრთელობის გაუარესებას.

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად გაცილებით ადვილი გახდა კონტაქტების შენარჩუნება. კოლეგებთან რეგულარული შეხვედრების დაგეგმვა მარტივი და ეფექტური გზაა იმ სოციალური იზოლაციის დასაძლევად, რომელიც სახლიდან მუშაობას ახლავს თან. ზოგიერთი უცხოური კომპანია სასეირნო შეხვედრებსაც კი აორგანიზებს. ამ მეთოდით თანამშრომლები ორმაგ სარგებელს ნახულობენ — ინარჩუნებენ კავშირებს და ბუნებაში სეირნობით კრეატიულობას 81%-ით ზრდიან (კვლევის მიხედვით).

2. რეგულარულად მოაწესრიგეთ სამუშაო გარემო

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ არეულობა ძალიან ცუდად მოქმედებს თანამშრომლების აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევაზე. თავის მხრივ, ეს ფაქტორები აისახება გადაწყვეტილების მიღებაზე, ურთიერთობებზე, სტრესზე, საკვების არჩევანსა და ძილზეც კი. ამიტომაც, ყოველთვის ეცადეთ, სამუშაო გარემოში სრული წესრიგი დაიცვათ.

3. შეზღუდეთ მასშტაბური შეხვედრები და შეამცირეთ შეტყობინებების რაოდენობა

ტექნოლოგიური პლატფორმების მატებასთან ერთად, ჩვენი გონებაც სულ უფრო მეტად იტვირთება. სახლიდან მუშაობის ორი წლის თავზე, შესაძლოა, Zoom-ის კიდევ ერთი შეხვედრის პერსპექტივა ძალიან მოსაწყენი იყოს.

თუ შესაძლებელია, გამორთეთ შეტყობინებები და დამსაქმებლებს ჰკითხეთ, ნამდვილად საჭიროა თუ არა ყველა შეხვედრის ჩატარება. შეიძლება, ზოგჯერ დოკუმენტის გაზიარებამ და ელფოსტის გამოყენება შეხვედრები ჩაანაცვლოს. ასევე. „ტრადიციული“ სატელეფონო ზარი კვლავ კარგ ალტერნატივად რჩება.

4. მოითხოვეთ უკუკავშირი

სხვების ინტერესი, თუ როგორ ვაკეთებთ ჩვენს სამუშაოს, ძირს უთხრის ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ ძირითად ფსიქოლოგიურ ფაქტორს — კომპეტენციის გრძნობას. შეიძლება უფრო რთული იყოს იმის შეფასება, რამდენად აკმაყოფილებთ მენეჯერის მოლოდინებს, თუ სოციალურად დისტანცირებული ხართ.

უკუკავშირის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის კომპეტენციის განსავითარებლად, ამიტომ დარწმუნდით, რომ რეგულარულად ითხოვთ უკუკავშირს.

5. შექმენით WFH (work from home) სივრცე

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სახლში სამუშაო გარემოს ოფისისთვის მაქსიმალურად მიმსგავსება ძალიან ეფექტური გზაა.

ბრტყელ ზედაპირს, ერგონომიულ სკამსა და სწორ განათებას შეუძლია, შეამციროს ისეთი პრობლემები, როგორიცაა თვალის დაძაბვა, კუნთების ან ზურგის ტკივილი, დაზიანება და დაღლილობა.

6. აღდგენითი სივრცეების იდენტიფიცირება

ძალიან მნიშვნელოვანია ის ადგილები, რომლებიც ფსიქოლოგიურ და ემოციურ განტვირთვაში გვეხმარება. ამიტომაცაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოფისებში აქტიურად იქმნება ისეთი სივრცეები, როგორიცაა კაფე, ბუნებისა და მედიტაციის ოთახები და ა. შ.

მეცნიერება ამტკიცებს, რომ ასეთი სივრცეები გონებრივ და ფიზიკურ „რესტარტს“ უწყობს ხელს. მარტივად, სამუშაო დღის განმავლობაში საყვარელ დივანზე ან მზის გულზე დაჯდომა მნიშვნელოვანი ნაწილია ჯანსაღი და პროდუქტიული პიროვნებისთვის.

7. იპოვეთ „გათიშვის“ გზები

თანამშრომლებისთვის, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, შეიძლება რთული იყოს საქმისგან დასვენება — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში საოფისე კუთხე არ გაქვთ შექმნილი. დასაქმებულთა დაახლოებით ნახევარი ზრდის სამუშაო საათებს WFH-ის დროს.

15 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ასეთ დროს ადამიანების 42%-ს ცუდად ეძინა და ღამით არაერთხელ ეღვიძებოდა, იმ ადამიანების 29%-თან შედარებით, რომლებიც ყოველთვის ოფისში მუშაობდნენ.

ამასთან, ბევრ მუშაკს სიამოვნებს ის ფაქტი, რომ სახლიდან მუშაობისას გზაში არ ეკარგებათ დრო — დრო, რომლის გამოყენებაც სხვა პირადი საქმეებისთვის შეიძლება. სამსახურში წასვლის ნაცვლად, მედიტაცია, დღიურის წერა, მუსიკის მოსმენა, ჰობით ან სასიამოვნო აქტივობებით დაკავება გონებრივ განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ამ მარტივი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების განხორციელებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ჩვენს კეთილდღეობაზე.

მეცნიერებმა თაგვებში კვებითი ალერგია დაამარცხეს

Dove-ის ნაცრისფერი კამპანია ასაკობრივ დისკრიმინაციას ებრძვის