პროდუქტის ანალიტიკა არის პროცესი, რომელიც სწავლობს, თუ როგორ მონაწილეობს მომხმარებელი პროდუქტისა და სერვისის შექმნაში. ის საშუალებას აძლევს პროდუქტის მწარმოებელ გუნდებს, თვალყური ადევნონ და გააანალიზონ მომხმარებლის ჩართულობისა და ქცევის მონაცემები. შემდეგ კი ამ მონაცემებს პროდუქტის ან სერვისის გასაუმჯობესებლად და ოპტიმიზაციისთვის იყენებენ.
როგორ ხდება პროდუქტის გაანალიზება
იმისათვის, რომ მიიღოთ რაოდენობრივი გაგება იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები თქვენს პროდუქტთან, უნდა გაიაზროთ ყველა ქმედება, რომელიც მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს თქვენს პროდუქტში. ამით მიიღებთ გაერთიანებულ ხედვას იმის შესახებ, თუ რამდენი მომხმარებელი იყენებს ფუნქციას და რა სიხშირით. ეს კი გაჩვენებთ, რომელ ფუნქციებს სჭირდება მეტი მუშაობა თქვენი მხრიდან.
ემპათია
პროდუქტის შიდა ანალიტიკა დაგეხმარებათ, იყოთ ემპათიური. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც თვისებრივი გამოხმაურებით, რომელიც შეგროვდება ისეთი აქტივობებით, როგორიცაა კონცეფციის ტესტირება და მომხმარებელთა ინტერვიუები; ისე პროდუქტის შიგნით შეგროვებული რაოდენობრივი მონაცემებით, როგორებიცაა პროდუქტის ანალიტიკა და გამოკითხვები.
პროდუქტის ანალიტიკაში კარგად გამოიყენება Agile მეთოდოლოგია. ის მრავალ გუნდს დახმარებია ცვლილებებზე დროულ რეაგირებაში. Agile უწყვეტ მიწოდებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიაა, რომელიც რეალისტური პროგნოზის შექმნაში გვეხმარება და საერთო სურათის დანახვას უწყობს ხელს.
„მომავლის” ტესტირება
პროდუქტის ანალიტიკის დამატება თქვენს ბიზნესში შეიძლება იყოს ღირებული არა მხოლოდ იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები არსებულ ფუნქციებს, არამედ ახალი ფუნქციებისა და გამოცდილების შესამოწმებლად. თუ თქვენ გაქვთ მკაფიო მიზანი და გსურთ ყველა ფუნქციის გამოყენება, პროდუქტის ანალიტიკა აუცილებლად დაგეხმარებათ.
პროცესი, რომელსაც ამ დროს იყენებენ, ზოგადად ასე გამოიყურება:
- განსაზღვრეთ პროდუქტის ცვლილების მკაფიო ჰიპოთეზა – მაგ: „კომენტარების ველის ზომის გაზრდით ჩვენ ველოდებით კომენტარების 5%-იან ზრდას”.
- შექმენით ამ ცვლილების შესაძლო განხორციელების ყველაზე იაფი ფორმა.
- განათავსეთ ცვლილება კლიენტების ქვეჯგუფზე A/B ტესტის საშუალებით.
არ დაგავიწყდეთ მომხმარებლის მოსმენა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონაცემებს პროდუქტის ანალიტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მთლიანად მონაცემებზე ორიენტირებაც არაა საუკეთესო გამოსავალი. მათ აუცილებლად დაურთეთ თქვენი მომხმარებლების პირდაპირი გამოხმაურებები, გამოკითხვებისა და ინტერვიუების შედეგები, ტესტირების პასუხები. ეს ყველაფერი ერთად უფრო სრულ სურათს დაგანახებთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიყვანოთ ესა თუ ის პროდუქტი სრულყოფილებამდე.