in

„შემოქმედებითი გარდასახვა“ — UNESCO IFCD-ის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტი საქართველოდან

„შემოქმედებითი გარდასახვა — შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება“ — ასე ჰქვია შემოქმედებითი საქართველოს პროექტს, რომლის მიზანიც შემოქმედებითი ინდუსტრიის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა. ეს კი პირდაპირ შეესაბამება აღნიშნული ორგანიზაციის მისიას და ღირებულებებს. უშუალოდ პროექტი სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

  1. შემოქმედებითი ეკონომიკის კვლევა, რომელიც, სექტორში მონაცემების ნაკლებობის გამო, ყოველთვის პრობლემური იყო საქართველოში;
  2. ცნობიერების ამაღლება, რადგან საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიები ბევრის მიერ არ აღიქმება სერიოზულ საქმიანობად და ეკონომიკური სარგებლის შემქმნელ ინდუსტრიად;
  3. შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციის და უწყების ძალისხმევას გააერთიანებს, შემოქმედებით ინდუსტრიას კი — საერთო კონტექსტში განიხილავს და არა მხოლოდ კულტურის, ტექნოლოგიების ან ინოვაციების გადმოსახედიდან.

„რეალურად, შემოქმედებითი ეკონომიკა მრავალდისციპლინურია და მის განვითარებაზე მუშაობა წარმოუდგენელია მხოლოდ ერთი სექტორის პერსპექტივიდან“, — აღნიშნავს ელენე თოიძე, პროექტის დირექტორი.

საგულისხმოა, რომ პროექტი იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდმა დააფინანსა — ზოგადად, საქართველოდან ეს პირველი პროექტია, რომელიც აღნიშნული ფონდის მიერ დაფინანსდა. IFCD იუნესკოს მთავარი ფონდია კულტურის და შემოქმედებით სფეროებში საინტერესო ინიციატივების და პროექტების ხელშეწყობის კუთხით. „შემოქმედებითი გარდასახვა“ კი 480-დან 9 საუკეთესო პროექტში მოხვდა, რაც ძალიან დიდი მიღწევა და მოტივაცია აღმოჩნდა შემოქმედებითი საქართველოსთვის.

„ერთი მხრივ, ძალიან კარგია, როდესაც აცნობიერებ, შენმა პროექტმა ამხელა კონკურსი წარმატებით გაიარა და საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა. მეორე მხრივ კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მიზნები, რაც ამ პროექტში გვქონდა გაწერილი, იუნესკოსთვისაც აქტუალური და უნივერსალურია, იმ საერთო მისწრაფებას შეესაბამება, რომელზეც დღეს ყველა თანხმდება მსოფლიოში — შემოქმედებითი ინდუსტრიები ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ინსტრუმენტია და მნიშვნელოვანია მათში ინვესტირება და მათ განვითარებაზე მუშაობა“, — განმარტავს ელენე თოიძე.

შემოქმედებითი ეკონომიკის ხელშეწყობა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან  ქვეყანას მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს — ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში. პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოებიც  ერთგვარ დამხმარე ძალად, მოტივაციად იქცევა — გარკვეული პრობლემების წინაშე მყოფი შემოქმედებითი ადამიანები, ან უბრალოდ ისინი, ვინც იდეების თუ შთაგონების, ანდაც საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობას განიცდის, ამ ვიდეოებიდან მიიღებენ ერთგვარ „დახმარებას“.

ამასთან, მართალია აღნიშნული პროექტი უშუალოდ საქართველოს შემოქმედებითი ეკოსისტემის განვითარებას ეძღვნება. გუნდი დამატებით მიზნად ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიების საერთაშორისო პოპულარიზაციასაც ისახავს. იუნესკოს დახმარებით, შემუშავებული ვიდეოები თუ პუბლიკაცია, რომელზეც ახლა მუშაობს ორგანიზაცია, საერთაშორისო მასშტაბითაც გავრცელდება.

„ჩვენს აქტივობებში, რომლებიც დარგისადმი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, მაქსიმალურად ვცდილობთ, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩავრთოთ და მათ პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ათი ვიდეო, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სექტორის წარმატებულ ადამიანებსა და მაგალითებს საქართველოს რეგიონებიდან. ვიდეოების შექმნის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს საქართველოში მოღვაწე შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებული ადამიანები და ხაზი გაუსვას ქვეყანაში არსებულ რესურსსა და პოტენციალს ამ მიმართულებით“, — ამბობს თინათინ ბაღაშვილი, ცნობიერების ამაღლების მიმართულების ხელმძღვანელი.

ამავდროულად, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს აქცენტის საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე გაკეთება — ნაცვლად თბილისზე ორიენტირებისა. აღნიშნულის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანების მოტივირება, რომლებიც შეიძლება ვერც კი აცნობიერებდნენ, რამდენად დიდი ინდუსტრიის ნაწილნი არიან, რა შესაძლებლობები აქვთ. ეს წარმატების მიღწევის მოტივაციას და შესაძლებლობას ქმნის.

 

გარდა ვიდეოებისა, შემოქმედებითი საქართველო მუშაობს ბუკლეტზე, რომელიც გააერთიანებს პროექტის შესახებ ინფორმაციას და თავს მოუყრის შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა წარმატებულ მაგალითებს საქართველოდან. „ჩვენი მიზანია, ბუკლეტის საშუალებით მოვახდინოთ შემოქმედებითი ინდუსტრიების პოპულარიზაცია, გავზარდოთ ცნობადობა არსებული წარმატებული მაგალითების და წავახალისოთ შემოქმედებით სექტორებში მოღვაწე ადამიანები“, — ამბობს თინათინი.

პროექტი „შემოქმედებითი გარდასახვა“ ხორციელდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მიერ, UNESCO IFCD-ის მხარდაჭერით.

სხვა ვიდეოების სანახავად, შეგიძლიათ ამ ბმულს ეწვიოთ.

#supportcreativity #creativetwist #creativegeorgia #ifcd #unesco

Coffee Watch — ყავის მარცვლებისგან დამზადებული საათი

ხელმძღვანელებს კრიზისებთან გამკლავება სხვების მოსმენით შეუძლიათ