in

პროექტების მენეჯერი IT სექტორში – მრავალმხრივი პროცესი ერთ ხელში

IT პროექტების მართვა ამ რთული პროცესის სრული ციკლის კოორდინაციას ნიშნავს – დაწყებული ამოცანის დეტალური გაწერითა და საბოლოო პროდუქტის მიღებით დამთავრებული. აქ მენეჯმენტი წარმატებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, როდესაც საბოლოო პროდუქტი ზუსტად პასუხობს დასახულ ამოცანას, ან შეიძლება აღემატებოდეს კიდეც მას.

IT პროექტების მენეჯმენტს საქართველოში დიდი ისტორია არ გააჩნია, ძირითადად იმის გამო, რომ ზოგადად ახალია ეს მიმართულება მსოფლიოში, თუმცა სოლიდური წარმატებები აქაც არის. თამარ ჯანიაშვილი, საერთაშორისო IT კომპანიის Upgaming უფროსი პროექტების მენეჯერი, რომელსაც მანამდე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში არაერთი წარმატებული პროექტი განუხორციელებია. მათ შორის Adjarabet.com–ში, „საქართველოს ბანკში“, „ტაობანკში“ და სხვ. Upgaming–ის გუნდს იგი მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა.

თამარ ჯანიაშვილი ინტერვიუში გვესაუბრება, რას ნიშნავს იყო IT პროექტების მენეჯერი, რა სპეციფიკა აქვს ამ სექტორში პროექტების მართვას და იმ გამოწვევებსა და შედეგებზე, რასაც ამ უსაზღვრო სფეროში მიაღწია.

რას გულისხმობს პროექტების მენეჯერის პოზიცია ისეთ დიდ IT კომპანიაში, როგორიცაა „აფგეიმინგი“ და კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი სამუშაო?

„აფგეიმინგში” ჩემი პოზიცია ერთი-ერთი საკვანძოა და უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მეტწილად იმაზეა დამოკიდებული პროდუქტის წარმატება, თუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ და, შესაბამისად, რა მიმართულებას მივცემ გუნდს. თვითონ პოზიციას რაც შეეხება, ეს არ არის კლასიკური პროექტის მენეჯერის პოზიცია, ის აერთიანებს პროექტების მართვას, პროდუქტის განვითარებას, Continuous Delivery-ს,  და Coaching-ს.

თქვენ შთამბეჭდავი გამოცდილება გაქვთ პროექტების მართვაში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში. რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავდება თქვენი დღევანდელი პოზიცია თავისი შინაარსით წინა გამოცდილებებისგან და რა არის ეს განსხვავებები?  

მთავარი განსხვავება ჩემი წინა გამოცდილებებისგან, ალბათ, არის ის, რომ ძალიან სწრაფად ვიზრდებით. აქ პროდუქტები ძალიან სწრაფად იქმნება და გადაწყვეტილებებსაც ასევე სწრაფად ვიღებთ. აღნიშვნას იმსახურებს,  რომ საკმაოდ მოქნილი მაინდესტია ორგანიზაციაში და ტოპ მენეჯმენტი არათუ მხოლოდ მიესალმება, არამედ ითხოვს, რომ თუნდაც ყველაზე ჯუნიორ პოზიციაზე მყოფმა თანამშრომლმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს  პროდუქტის კონცეფციის შექმნაში, ნებისმიერი შიდა თუ გარე ბიზნეს პროცესის გაუმჯობესებაში. ეს მიდგომა  პოზიტიურად მოქმედებს, როგორც თანამშრომლების მოტივაციზე, ასევე ბაზარზე თვითონ  Upgaming-ის პოზიციონირებაზე, როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული კუთხით.

სად და როდის შეისწავლეთ პროექტების მენეჯმენტი? ალბათ, რამდენიმე წიგნის წაკითხვით ადამიანი ვერ გახდება პროფესიონალი და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თქვენი კვალიფიკაციის ამაღლებაში პრაქტიკულ მუშაობას?

ყოველთვის მაინტერესებდა  კაცობრიობის განვითარების ისტორია და ზრდასრულ ასაკშიც კი აღფრთოვანებული ვიყავი, როცა ვკითხულობდი უძველესი ცივილიზაციების შესახებ – როგორ შეეძლოთ თუნდაც დამწერლობების და უზარმაზარი ნაგებობების შექმნა, ვარსკვლავებზე დაკვირვება და ძიება, ცნობისმოყვარეობისა და განვითარების სურვილის გამო კუსტარული გემებით უცნობ სამყაროში გამგზავრება. ასევე, მივხვდი, რომ ყოფით ცხოვრებაშიც და კარიერის ადრეულ ეტაპზე უდიდეს სტიმულს მაძლევდა არაფრისგან რაღაცის შექმნა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება/მოფიქრება. შესაბამისად, ციფრული პროდუქტების პროექტების მართვა ყველაზე საინტერესო საქმე გახდა ჩემთვის. თავიდან დავიწყე მართლა დაგუგლვით ამ  საქმიანობის შესწავლა და ჯუნიორის პოზიცია ვიპოვე, სხვათა შორის, ზუსტად  გეიმინგის სფეროში, ვინაიდან ეს ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია და შემდეგ ყველაფერი მარტივი ხდება, მაგრამ საინტერესობას მუდმივად ინარჩუნებს. შემდეგ ვიმუშავე სხვადასხვა  ტექნოლოგიურ კომპანიაში, რამაც სხვადასხვა კუთხიდან  სხვადასხვა სფეროების პროექტების და პროდუქტების მართვის გამოწვევები და სხვადასხვა მეთოდი დამანახა.  რადგან მხოლოდ ჩემი სურვილი  და ამ საქმის სიყვარული არ არის საკმარისი, თეორიულადაც დავიწყე ცოდნის შევსება, გაღრმავება საერთაშორისო სტანდარტების მოძიებითა და სერტიფიცირებით. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ  უკვე მე ვაზიარებ  ჩემ მიღებულ ცოდნას და IT  სერვისების მართვის  კურსს ვკითხულობ BTU-ის სამაგისტრო პროგრამაზე, ყოველდღიურად მეც ვსწავლობ სიახლეებს  ტექნოლოგიების სფეროში, ვუღრმავდები საკუთარ პროფესიას, ასევე ვცდილობ გავეცნო მომიჯნავეებსაც  (მაგალითად, გრაფიკულმა დიზაინმა დამაინტერესა). მოკლედ რომ ვთქვა, ნებისმიერ საქმიანობაში, მით უმეტეს ციფრული პროექტების მართვაში, ცნობისმოყვარეობა და მისი დაკმაყოფილება არის წარმატების მთავარი ფლაგმანი, რა თქმა უნდა, ალბათობის თეორიაც არ უნდა დავივიწყოთ და „გამართლების“ წილიც.

რა გამოწვევები და სიახლეები დაგხვდათ „აფგეიმინგში“?

„აფგეიმინგში“  მეგობრული, თავისუფალი, განვითარებაზე და შექმნაზე ორიენტირებული გარემოს გარდა დამხვდა ის გამოწვევა, რაც  ახლავს მზარდ ორგანიზაციას, როდესაც პროდუქტის შექმნა დინამიკურ გარემოში ხდება და თან დგება პროცესების სტანდარტიზაციის აუცილებლობა. თავისუფლების და ნდობის  ხარისხი ძალიან დიდია, მაგრამ ეს ერთგვარი გამოწვევაცაა, რადგან  უფრო მეტ პასუხისმგებლობას  ვგრძნობ ორგანიზაციის წარმატების მხრივ. აღფრთოვანებული ვარ დამოკიდებულებით, რომელიც კომპანიასთან პირველი შეხებიდანვე ვიგრძენი – რეკრუტინგის პირველივე ეტაპიდან მივხვდი, რომ ეს არის სივრცე, სადაც ტალანტებს ეძებენ და ტალანტებად აყალიბებენ. ამ ყველაფერმა გამოიწვია მაღალი მიკუთვნებულობა ორგანიზაციის მიმართ – ეს კი მთავარი მოტივაციაა, როცა შინაგანად გრძნობ დიდ მოტივაციას.

განვითარების რა საფეხურზეა დღეს საქართველოში IT ინდუსტრია და რამდენად დიდია ამ სექტორის წარმატებაში პროექტების მენეჯერების როლი?

IT ინდუსტრია მზარდია და რეგიონშიც მყარი პოზიცია გვიჭირავს ამ მხრივ. თუმცა, მაინც მცირეა მასშტაბი, რადგან IT-ში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მაინც მცირეა. თუმცა, მგონია, რომ ამ მხრივ პოტენციალი გვაქვს, მთავარია ცნობადობის გაზრდა, რადგან ნებისმიერ მოტივირებულ ადამიანს შეუძლია დღეს IT–ში მრავალფეროვანი პროფესიების დაუფლება და აქ ჩვენი როლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რადგან გარდა ჩვენი პირდაპირი საქმიანობისა,  ჩვენი სხვადასხვა დომენის, თუნდაც, ზედაპირული ცოდნა და ადამიანების უნარები საშუალებას გვაძლევს ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ცოდნა გავაზიაროთ და დავანახოთ მომავალ Tech ადამიანებს ახალი შესაძლებლობები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მომავლის პროფესიების მიმართ დაბალი მიმღებლობა, რაც საბედნიეროდ აფგეიმინგში ვერ ვიგრძენი. გუნდს ესმის ჩვენი როლის მნიშვნელობა ბიზნეს წარმატების გარანტიისთვის  და ესეც მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყო, თუ რატომ ავირჩიე „აფგეიმინგი“.

როგორ და სად ხედავთ კომპანია „აფგეიმინგს“, დავუშვათ, 5 წლის შემდეგ? 

ამ კომპანიას ვხედავ როგორ ერთ-ერთ მნიშვნელოვან trendmaker-ს არამარტო გეიმინგის, ასევე სრულად ციფრული ინდუსტრიის სფეროში რეგიონის მასშტაბით. ასეთი თამამი პროგნოზის საფუძველს მაძლევს ის მიდგომა, რასაც ვხედავ ორგანიზაციის კულტურაში და  ტოპ მენეჯმენტის მიდგომებში მართვისა და განვითარებისადმი.

შეჯამებისთვის, IT-გუნდის პროექტების მენეჯერის ვალდებულებებში შედის პროექტების უწყვეტი მართვა, ვადების დაცვა, მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტა, კომუნიკაცია კლიენტებთან, სპეციალისტების სწორად შერჩევა, ტექნიკური დავალების მიცემა და მისი შესრულების კონტროლი. ეს ყველაფერი აუცილებელია ისეთი მომსახურების ხარისხიანად წარმოებისთვის, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის, საიტების, მობილური აპლიკაციების და სხვა IT პროდუქტების შექმნა.

[პარტნიორის კოტენტი]

,,ევექსი კლინიკები“ EKIMO-ს ინიციატივას უერთდება და უკრაინაში მყოფ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს

ლვოვის ეროვნულ მუზეუმში ექსპონატების გადარჩენას ცდილობენ